მთავარი » ახალი ამბები » დავით სერგეენკო სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტებს დაეხმარება, მედიკამენტური მკურნალობა ხელმისაწვდომი გახადოს

დავით სერგეენკო სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტებს დაეხმარება, მედიკამენტური მკურნალობა ხელმისაწვდომი გახადოს

გენეტიკური და იშვიათი დაავადების  სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტებმა,  პაციენტის მშობლებმა, მხარდამჭერებმა და  ექიმებმა  „ქართული ოცნების“  მაჟორიტარ დეპუტატთან დავით სერგეენკოსთან მორიგი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს, ადეკვატური მკურნალობის ხელმისაწვდომობა, პაციენტების მხარდაჭერა  და  პროცესში საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენდა.

ღონისძიებაზე, რომელიც  საინფორმაციო კამპანიის “გამაძლიერე” ფარგლებში მოეწყო, პაციენტის მშობლებმა და ექიმებმა პარლამენტართან ერთად  მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემები  შეაჯამეს, ასევე ისაუბრეს დროული დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, აუცილებლობასა და დაფინანსების მოპოვების სხვადასხვა ალტერნატიულ შესაძლებლობებზე.

„შეხვედრის მიზანია, მედიკამენტის ძალიან მაღალ საბაზრო ფასთან მიმართებაში შევძლოთ გავაკეთოთ განსაკუთრებული პროექტი, ამის გამოცდილება საქართველოს ჯანდაცვის სისტემას გააჩნია, წინასწარ რთულია ამის პროგნოზირება, თუმცა ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ ამ პაციენტების დასახმარებლად,“ – განმარტავს დავით სერგეენკო.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ასევე აუცილებელია დაავადების ტიპების მიხედვით პაციენტთა დიფერენცირება,  სიმძიმის განსაზღვრა და დეტალების გათვალისწინებით გარკვეული ბაზის შექმნა. ასევე აუცილებელია და მნიშვნელოვანია საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომელშიც შევლენ როგორც ექიმები და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, ასევე პაციენტები, მათი მშობლები და მხარდამჭერები.

საყურადღებოა, რომ აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ  სპინალური კუნთოვანი ატროფიის  სამკურნალოდ აუცილებელი მედიკამენტი  უკვე დაამტკიცა და საქართველოში რეგისტრირებულია.   ახალი მედიკამენტი  პირველი და ერთადერთი საშუალებაა, რომლის მიღება სახლის პირობებში და ძალიან მარტივი გზით, პერორალურად არის შესაძლებელი.

„მსოფლიო ბაზარზე სამკურნალო მედიკამენტის გამოჩენამ საქართველოში პაციენტებსა და  მშობლებს იმედი გაგვიჩნდა. თუმცა, სახელმწიფოს დახმარების გარეშე, მისი შეძენა შეუძლებელი იქნება, რადგან  ბაზარზე მედიკამენტი საკმაო,დ ძვირადღირებულია,” – ითქვა შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ დავით სერგეენკო აღნიშნულ პრობლემებზე სკა-ს პაციენტთა კავშირის წარმოამდგენლებსა და ექიმებს  შარშან, ზაფხულში დეპუტატობის კანდიდატის ამპლუაში შეხვდა. ღონისძიება  საინფორმაციო კამპანიის “შემოგვიერთით, რათა გავხადოთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ხმა მისაწვდომი და ყურადსაღები” ფარგლებში მოეწყო, რომლის   მიზანს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენდა. გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდმა (GeRaD) 2021 წლის პრიორიტეტად კვლავ  იშვიათი დაავადება – სპინალური კუნთოვანი ატროფია (სკა) დაასახელა.

როგორც ცნობილია,   ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში ფუნქციონირებს იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა იშვიათი დაავადებების მკურნალობას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ამ ეტაპამდე, როცა სკა-ს მკურნალობა არ არსებობდა, ეს დაავადება არ იყო შეყვანილი ამ პროგრამაში, ვინაიდან ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მნიშველოვანია რომ სახელმწიფომ სკა შეიყვანოს იშვიათ დაავადებების ნუსხაში და მოხდეს პროგრამის ამოქმედება. სპეციალისტების თქმით, ადრე დაწყებული თერაპია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაავადების პროგნოზს, ამიტომ მნიშვნელოვანია მოხდეს დაავადების დროული დიაგნოსტიკა, შემდგომ მისი სწორი მართვა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საქართველოში სპინალურ კუნთოვანი ატროფიის დიაგნოზით 60 მდე პაციენტია რეგისტრირებული, რომლებისთვისაც მედიკამენტის დროული შემოტანა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

იხილეთ ასევე

სტომატოლოგიურ კლინიკებში არარეგისტრირებული ინჰალაციური ანესთეზიის გამოყენების ფაქტები გამოვლინდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სტომატოლოგიურ კლინიკებში ე.წ. მალხენი აირის გამოყენების უკანონო ფაქტები გამოავლინა. …