მთავარი » კვირის ინტერვიუ » დემურ გიორხელიძე: ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულმა მსხვილმა იმპორტიორებმა დოლარის გაიაფებით ისარგებლეს
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი წარმოების გააქტიურებისთვის კარგი პირობებია შექმნილი, მეტწილად კვლავ იმპორტზე ვართ გადასული - დემურ გიორხელიძე.

დემურ გიორხელიძე: ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულმა მსხვილმა იმპორტიორებმა დოლარის გაიაფებით ისარგებლეს

ფარმაცევტულ ბაზარზე მაისის თვეში ფასების ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა. ამას  მოწმობს  ჯანდაცვის პლატფორმის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელსაც საზოგადოება ,,ფანასკერტელის ინდექსის“ სახელწოდებით იცნობს.

მაისის თვეში, აპრილთან შედარებით, ,,ფანასკერტელის ინდექსი“  17,43%–ით გაიზარდა და 13 პუნქტი შეადგინა. კვლევა გვიჩვენებს, რომ 200 მუდმივი დასახელების მედიკამენტიდან 78–ზე ფასები გაზრდილია.

საინტერესოა, რა ფაქტორებმა განაპირობა ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია მაშინ, როდესაც ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს, ხოლო ფარმაცევტული ბაზარი ძირითადად იმპორტირებული ნედლეულით და პროდუქციით მარაგდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაცია ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძეს დაუკავშირდა.

  • –ნო დემურ, როგორ შეაფასებდით ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ტენდენციას, რა იწვევს მედიკამენტების სიძვირეს?

ფარმაცევტულ ბაზარზე უკვე კურიოზული სიტუაციაა, რაც მთლიობაში ხელოვნურად შექმნილ პროცესზე მიუთითებს. ლარი მყარდება, მაგრამ ეს გახლავთ  ე.წ. გამყარება. ფასები ზევით მიდის, იმპორტიორები ზემოგებას  ნახულობენ. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს  საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ თვისებად.

საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებამდე ქართულ ეკონომიკას ბევრი უკლია. ეს არის, ფაქტობრივად, პოლიტიკა, რომელმაც იმპორტიორებს მისცა გარკვეული დანაკარგების გარეშე ზემოგებებზე გასვლის საშუალება. მედიკამენტების ფასები თვეების განმავლობაში იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება.

  • რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

ამის თქმის საფუძველს მაძლევს შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი წარმოების გააქტიურებისთვის კარგი პირობებია შექმნილი, მეტწილად კვლავ იმპორტზე ვართ გადასული. იმპორტიორები კი არ იძლევიან საშუალებას, ადგილობრივი წარმოება განვითარდეს. პოლიტიკაა ასეთი, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს და არ არეგულირებს კანონმდებლობის დონეზე არსებულ ბაზარს. ეს  შესანიშნავ საშუალებას აძლევს იმპორტიორებს ლობისტების მეშვეობით მიიღონ ის პოლიტიკა, რომელიც მათ აწყობთ.

ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც არავინ გიშლის ხელს, მადა ჭამაში მოდის. იმპორტიორებს სოციალური პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, ამიტომაც აკეთებენ იმას, რასაც არაკონკურენტულ გარემოში ოლიგოპოლიები აკეთებენ. ისინი ზემოგებებზე გადიან.

  • თუ ადრე ექსპერტები და სფეროს სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ მედიკამენტების სიძვირე ლარის გაუფასურებას უკავშირდებოდა, ამჯერად რა ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ მედიკამენტები კი არ იაფდება, რიგ შემთხვევებში ძვირდება კიდეც?

პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი წინასაარჩევნოდ ატარებს,  თითქოს ლარი გამყარდა, არის დიდი უაზრობა. მივიღეთ ასეთი შედეგი – დოლარი იაფდება იქ, სადაც ქვეყანა იმპორტზე არის დამოკიდებული. იმპორტიორებს კი სჭირდებათ იაფი დოლარი და რადგან ქვეყანაში კონკურენცია არ არის ამ ბაზარზე, ზრდიან ფასებს იმ დონემდე, რა დონემდეც საჭიროდ ჩათვლიან. ვინაიდან ნახტომისებური ფასის ზრდა არ არის გამართლებული, მცოცავი ზრდის მექანიზმით მშვენივრად ხეირობს რამდენიმე ფარმაცევტული კომპანია.

იხილეთ ასევე

კოვიდ 19-მა პაციენტებში სტომატოლოგიური პრობლემები დაამძიმა – ინტერვიუ ექიმ-სტომატოლოგთან

ინტერვიუ სტომატოლოგთან, კლინიკა „უნივერს დენტალი – გერმანული იმპლანტაციის ცენტრის“ ექიმთან, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ ლიკა …