მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » დღეიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

დღეიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა მოიხსნა. დღეიდან აღდგა როგორც მეტროს, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება მკაცრად გაკონტროლდება.

„დღეიდან მოიხსნა შეზღუდვა მუნიციპალურ ტრანსპორტზე. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული მუნიციპალური ავტობუსები, თბილისის მეტრო და სამივე საბაგირო გზა მოქალაქეებს მოემსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში. რაც შეეხება რეგულაციებს, ტრანსპორტში მგზავრობა დასაშვებია მხოლოდ პირბადით. პირბადის ტარებას თბილისის მერიის ტრანსპორტში გააკონტროლებენ კომპანიის თანამშრომლები და მეტროს პატრულის თანამშრომლები. რაც შეეხება ავტობუსებს აქ გააკონტროლებენ კონტროლიორები და კონდუქტორები. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მგზავრს არ ეკეთება პირბადე ან არასწორად ეკეთება, ავტობუსი არ დაიძვრება ადგილიდან“, – განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ.

„თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლის, ნათია მიქიაშვილის თქმით, სამარშრუტო ტაქსებში დაცული იქნება საკოორდინაციო საბჭოს ყველა რეკომენდაცია.

„მიკროავტობუსის ყველა წარმომადგენელს აქვს შესაბამისი მითითება, რომ დაიცვან საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული ყველა რეგულაცია. მოხდება ყველა მოძრავი მიკროავტობუსის ყოველდღიური დეზინფექცია. ბუნებრივია, სხვადასხვა პერიოდულობით დაიტესტება ყველა მძღოლი. ამასთან ერთად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა მგზავრს მოეთხოვება პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლს რჩება უფლება, რომ არ დაძრას მიკროავტობუსი. ამასთან ერთად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მგზავრს, რომ თავი შეიკავონ უკვე გადატვირთულ მიკროავტობუსში ასვლისგან“, – აღნიშნა ნათია მიქიაშვილმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო იყო შეჩერებული.

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა. ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბრიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

ამასთან, სხვა დანარჩენი შეზღუდვები ამ ეტაპზე ძალაში რჩება.

იხილეთ ასევე

„პირბადის ტარება ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის“ –  სწავლა გამკაცრებული რეგულაციებით დაიწყო

პირბადე ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის და, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების არარსებობის პირობებში, მისი ტარებით მოზარდს …