მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „დიარჯის“ სისტემაში ცვლილებები იგეგმება

„დიარჯის“ სისტემაში ცვლილებები იგეგმება

თვის ბოლოს მომზადდება პაკეტი, რომელშიც გაერთიანდება „დიარჯის“ სისტემაში საჭირო ცვლილებების ჩამონათვალი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ჯერ მხოლოდ 20 დღეა, რაც ეს მექანიზმი გაეშვა და ჯერჯერობით თუნდაც პირველად შედეგებზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, მისივე თქმით, სამინისტრო აქტიურად აკვირდება პროცესს, იღებს რეკომენდაციებს, შენიშვნებსა და კომენტარებს როგორც ექიმებისგან, ისე კლინიკების მენეჯერებისა და პაციენტებისგან.

საჭირო გაუმჯობესებების პირველი პაკეტი კი, სავარაუდოდ, ნოემბრის თვის ბოლოს მომზადდება.

თამარ გაბუნიას ინფორმაციითვე, „დიარჯის“ ამოქმედების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მხოლოდ ერთეულმა კლინიკებმა დატოვეს, რომლებიც მანამდე ლიმიტირებულად მონაწილეობდნენ სახელმწიფო პროგრამაში და მონაწილეობის გაგრძელების ინტერესი აღარ აქვთ.

ამასთან, გაბუნიას თქმით, ამ კლინიკებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაბრუნდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები ანაზღაურების ახალ, DRG-სისტემაზე 1 ნოემბრიდან გადავიდნენ. DRG-მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა. პირველი ხარვეზების შესახებ მედიისთვის უკვე ცნობილი გახდა – კერძოდ, დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც ექიმებმა „დიარჯის“ ფარგლებში შეთავაზებული ტარიფებით ოპერაციების გაკეთებაზე უარი თქვეს.

 

იხილეთ ასევე

ინფექციის კონტროლის კუთხით გამოვლენილი დარღვევების გამო, 59 სამედიცინო დაწესებულება 253 000 ლარით დაჯარიმდა

მიმდინარე წელს, შიდა ინფექციებზე 91 სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა, საიდანაც ინფექციის კონტროლის კუთხით გამოვლენილი დარღვევების გამო 59 …