მთავარი » ახალი ამბები » დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების ცერემონიას დაესწრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებას დაესწრო.

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების ცერემონიას დაესწრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების ცერემონიას დაესწრო.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა” ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში აქციები წარმატებით განათავსა.

20 ნოემბერს თბილისის დროით 12:00 საათზე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პრემიუმ ლისტინგში განთავსებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო ლონდონის საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ნიხილ რათჰიმ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა სპეციალურ წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა, მან “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს” ლონდონის საფონდო ბირჟაზე მათი აქციების წარმატებით განთავსება მიულოცა.

მინისტრის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე, როდესაც მთელ მსოფლიოში რთული ეკონომიკური ვითარებაა.

“ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ, როგორც ქვეყანამ და აღნიშნულმა კომპანიამ მოიპოვა ის მნიშვნელოვანი ნდობა, რომელიც აუცილებელია უცხოელი ინვესტორებისთვის, რათა მათ თავიანთი ფული ჩადონ ჩვენ ქვეყანაში, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი დღეა მთელი საქართველოსთვის, 100 მილიონი დოლარის მოზიდვა გახდა შესაძლებელი პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებში.

“ამის შედეგად ჩვენ მიივიღებთ დამატებით 2 200 სამუშაო ადგილს. გვექნება ახალი სერვისები, 2 ახალი დიდი საავადმყოფო და რეგიონებში 30-ზე მეტი ამბულატორიული დაწესებულება, რომლებიც ახალ სერვისებს შესთავაზებენ ჩვენს მოსახლეობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ლონდონის საფონდო ბირჟის ხელმძღვანელობა ჩვენს გვერდით იყო და ჩვენთან ერთად ზეიმობდა ამ დიდ სიხარულს. მათაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო.

ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა არის შესაძლებელი, დანახარჯები ერთ სულ მოსახლეზე განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ძალიან დიდი საინვესტიციო პოტენციალია. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით მოვიზიდოთ თანხები. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება მაგალითი დანარჩენი ინვესტორებისთვის, რათა უფრო მეტად განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის მიმართულება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში მოსახვედრად “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა” გამჭვირვალობისა და კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილა. “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აქციები მსოფლიოში ცნობილი ჰოსპიტალური ბრენდების: NMC Health, Al Noor Hospitals, Spire Healthcare-ის გვერდით განთავსდა.

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” პირველი ჯანდაცვის ჰოლდინგია რეგიონიდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში აქციები განათავსა. “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” “სამედიცინო კორპორაცია ევექსს” და სადაზღვევო კომპანია “იმედი L-ს” მართავს და ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია.

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა” ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით 100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი კაპიტალი მოიზიდა.

დღესვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიდი ბრიტანეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაციას გამართავს, სადაც მათ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 8%-ს ასცდა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 8%-ს ასცდა. stopcov.ge-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 9790 ტესტიდან ვირუსი …