მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » DRG მოდელი ოქტომბრიდან ამოქმედდება – ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან შეხვედრები იმართება

DRG მოდელი ოქტომბრიდან ამოქმედდება – ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან შეხვედრები იმართება

ჯანდაცვის ასოციაციის წევრი კლინიკების წარმომადგენლებს და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის, DRG სისტემის დანერგვის პროცესში, აქტიური სამუშაო შეხვედრები ტარდება.

ინფორმაციას ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამინისტრო ოქტომბრის თვიდან სამედიცინო სერვისების ანაზღაურების საერთაშორისო მოდელზე – DRG სისტემაზე გადადის.

დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელით (DRG) ავტომატურად გამოითვლება ის ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის კლინიკებს გადაუხდის,“ – აცხადებენ ასოციაციაში.

საუბარია დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდულ მოდელზე – DRG-ზე.

DRG მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ უკვე დაიწყო DRG-ის დანერგვის პილოტური პროექტი, რამდენიმე შერჩეულ კლინიკაში. 2022 წლის ბოლოს კი, სისტემა მზად იქნება, რომ ყველა კლინიკაში ამოქმედდეს.

ივნისის ბოლოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა, რომ

სექტემბრის დასაწყისიდან კლინიკების დაფინანსების „დიარჯი“ მეთოდზე ეტაპობრივად გადასვლა სავსებით რეალისტურია.

მისი თქმით, დიარჯიზე გადასვლა 2 და 3 თვეში შეუძლებელია, თუმცა მასზე მუშაობა 2022 წლის დასაწყისში არ დაწყებულა, 2017 წლიდან დაიწყო და პროცესი პანდემიის გამო შეჩერდა. შესაბამისად, როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რადგან სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია, სექტემბრიდან მისი დანერგვა შესაძლებელია.

ჯანდაცვის ექსპერტი თენგიზ ვერულავა jandacva.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული სისტემის შემოღებასთან ერთად უნდა დაიწყოს სელექტიური კონტრაქტირება, რაც ნიშნავს იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც დადგენილ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ. მისი თქმით, ესაა მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც პაციენტები ზედმეტი დანახრჯებისგან უნდა დაიცვას.

„როდესაც პაციენტს მაგალითად სტენტირება სჭირდება, ის რეკავს სხვადასხვა კლინიკაში. ზოგან ეუბნებიან, რომ ეს გარკვეული თანხა ღირს, საიდანაც სახელმწიფო მხოლოდ ნაწილს აფინანსებს. მეორეში სხვა ფასს ეუბნებიან, რათა მათი ფასნამატი განსხვავებულია და ა.შ. პაციენტი გაურკვევლობაშია. DRG სისტემის ამოქმედების შემთხვევაში კი ყველა კლინიკისთვის, ყველა სერვისის შემთხვევაში, იარსებებს სტანდარტი, რომელსაც კლინიკები გვერდს ვერ აუვლიან და იქნება ტარიფი, რომელსაც ისინი ვერ გაზრდიან. ამიტომ პაციენტსაც თანაგადახდა ან საერთოდ არ მოუწევს, ან ეს იქნება მინიმალური თანხა,“ – განაცხადა თენგიზ ვერულავამ.

მისი თქმით, სელექციური კონტრაქტირების გარეშე DRG-ის შემოღება არალოგიკურია და ეს ორი რეფორმა ერთმანეთს ფეხდაფეხ უნდა მიყვებოდეს, რადგან არ შეიძლება სახელმწიფო თანხებს იღებდეს და პაციენტებს მკურნალობდეს კლინიკა, რომელიც კორპუსის მე-12 სართულზეა გახსნილი და საცხოვრებელი ოთახები რეანიმაციულ პალატებად აქვს გადაკეთებული.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად რეალისტურია ერთ თვეში ახალი სისტემის ამოქმედება, ექსპერტი ამბობს, რომ ეს სისტემა ქვეყანაში დატესტილია და მის დანერგვას მხოლოდ ნება სჭირდება.

jandacva.ge

 

იხილეთ ასევე

„ავერსი ფარმა“ ინფექციური კლინიკის დაცლას წლის ბოლომდე ელოდება – როგორია კომპანიის საინვესტიციო გეგმები

თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში ფუნქციონირებას 2023 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს სამედიცინო …