მთავარი » დაზღვევა » „ძლიერი სადაზღვევო სექტორი ჯანდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“

„ძლიერი სადაზღვევო სექტორი ჯანდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“

ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა სადაზღვევო სექტორთან ღია კომუნიკაციისთვის და მათი შემოთავაზებების განსახილველად.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები დაზღვევის სფეროში გარკვეული ცვლილებების განხორციელებას მოითხოვენ. მათ შორისაა საყოველთაო ჯანდაცვაზე კერძო სადაზღვევო პაკეტების „დაშენების“ უფლების ყველა მოქალაქისთვის მინიჭება (ეს უფლება დღეს მხოლოდ მოქალაქეთა გარკვეულ, შედარებით მოწყვლად კატეგორიას აქვს) და საბაზისო უნივერსალური პაკეტის შემოღება.

ილია ღუდუშაური ამბობს, რომ სადაზღვევო ასოციაციამ სამინისტროსთან შეხვედრა ამ დღეებშიც ითხოვა და ამ კუთხით პრობლემა არ არსებობს.

„ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანა არის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაზღვეული, მათ ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სფეროზე. საყოველთაო ჯანდაცვა არის მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს. ერთერთი ინსტრუმენტი არის ძლიერი დაზღვევის სექტორი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას შესთავაზებს ისეთ პაკეტებს, რომ ისინი დაინტერესდებიან, მოეწონებათ, უკეთესი იქნება ეს პაკეტი, ვიდრე ჩვენ ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვიდან ვთავაზობთ და შეძლებენ, რომ იყიდონ კერძო დაზღვევის პაკეტი. ამოცანა, რომ სადაზღვევო სექტორი გაძლიერდეს და მეტი ადამიანი იყოს ჩართული მათ დაზღვევაში, არის ჩვენთვისაც მისაღები და ძალიან კარგი იქნებოდა,“ -განაცხადა ილია ღუდუშაურმა. მისივე თქმით, სამინისტრო მზადაა, კერძო სადაზღვევო სექტორს გაუზიაროს “დიარჯის“ ტექნოლოგიები, დათვლისა და სერვისების გამოცდილება, რათა, სურვილის შემთხვევაში, ამ სისტემაზე სადაზღვევო ინდუსტრიაც გადავიდეს.

„სადაზღვევო სფეროსთან ურთიერთობის ნაწილში მაქსიმალურად ღია ვართ. მზად ვართ ნებისმიერი შემოთავაზებისთვის და კომუნიკაციისთვის. ამ დღეებში ითხოვეს ასოციაციისგან შეხვედრა და რამდენჯერაც ითხოვენ, ამისთვის მზად ვართ. ვაცნობიერებთ, რომ ძლიერი სადაზღვევო სექტორი ჯანდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, უნდა იყოს და იქნება მომავალშიც,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

 

იხილეთ ასევე

ონკოპაციენტები, რომლებსაც სადაზღვევო სისტემა სრულფასოვანი მკურნალობის გარეშე ტოვებს

40 წლის მაია ხარაიშვილის ისტორია არა მხოლოდ ერთი ონკოპაციენტის, არამედ ყველა იმ ადამიანის ისტორიაა, რომლებიც …