მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ექიმის დამხმარე რობოტები და ქრონიკული დაავადებების მართვის აპლიკაციები – რა წერია COVID-19 ტალღებისთვის მზადყოფნის გეგმაში

ექიმის დამხმარე რობოტები და ქრონიკული დაავადებების მართვის აპლიკაციები – რა წერია COVID-19 ტალღებისთვის მზადყოფნის გეგმაში

2021 წლის ბოლომდე ტელემედიცინის კომპონენტის დანერგვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდება. საუბარია აღჭურვილობის შეძენაზე, შესაბამისი რეფერირების მექანიზმების და პროტოკოლის შემუშავებაზე, ნორმატიული ბაზის მომზადებაზე, ტექნიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე, სერვისის პროტოკოლის ჩამოყალიბებასა და შესაბამისი კადრების მომზადებაზე. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაშია ნათქვამი, რომლის სახელწოდებაცაა ,,ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გაძლიერება და გადაუდებელი მზადყოფნა COVID-19 შემდგომი ტალღებისთვის“.

გეგმაში ნათქვამია, რომ  ტელემედიცინის ტექნოლოგიების გამოყენება შეამცირებს ჯანდაცვის პერსონალსა და პაციენტს შორის არასაჭირო ფიზიკურ კონტაქტს, დაზოგავს ექიმისა და პაციენტის დროს და დაიცავს სისტემას გადატვირთვისაგან.

„ვინაიდან პანდემიის პირობებში ონლაინ და დისტანციურ სერვისებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით (ახალგაზრდა ასაკი, რეგიონები, სადაც ინტერნეტზე წვდომა უწყვეტად არის უზრუნველყოფილი), ჯანდაცვის სექტორში უნდა შემუშავდეს სპეციალური მობილური აპლიკაციები, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებს დაეხმარება დაავადების მართვაში, კრიტიკული მაჩვენებლებისას ე.წ. განგაშის სიგნალების მიწოდებით, ყოველდღიური ჩვეული რეჟიმის შეხსენებითა და სხვა „სმარტ” მიდგომებით (შაქრიანი დიაბეტის, გსს დაავადებების, შარდ-გამომყოფი სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე, ორსულები, ახალშობილები და სხვა პაციენტები),“ – ნათქვამია დოკუმენტში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ადამიანურ რესურსზე  მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ჯანდაცვის სამინისტრო ხელს შეუწყობს ერთსაფეხურიანი მედიცინის პროგრამის დამამთავრებელი კურსის (ექთნად და უმცროს ექიმად) და საექთნო სასწავლებლის (ექთნის ასისტენტი) სტუდენტების მობილიზებას. გრძელვადიან პერსპექტივაში სასურველია გათვალისწინებული იყოს ასევე ე.წ. ხელოვნური ინტელექტი – ექიმის დამხმარე რობოტების გამოყენება, რომელიც წარმატებული მიდგომაა COVID-19 პანდემიისას.

ზოგადად კი, დოკუმენტის მიზნად დასახელებულია: ჯანდაცვის სისტემის რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება, ვირუსის უკონტროლო გავრცელების აცილებისთვის; ჯანდაცვის სისტემის გადაუდებელი მზადყოფნის გაუმჯობესება, COVID-19 დაკავშირებული ჯანმრთელობის მძიმე შედეგების შესამცირებლად.

ამასთან, გეგმის თანახმად, 2021 წლის ივნისიდან ქვეყანაში განხორციელდება აქტივობები, რომ გაძლიერდეს მუნიციპალური, რეგიონული და ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების როლი, გაიზარდოს ფუნქციები და იქ, სადაც ტერიტორიული გადანაწილების პრინციპებიდან გამომდინარე, არ არსებობს მსგავსი რეგიონული სამსახური, შეიქმნას სხვა რეგიონების ანალოგიურად.

იხილეთ ასევე

თოდუას კლინიკა მწეველებს ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგს სთავაზობს  

ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი ფილტვის კიბოს მომატებული რისკის მქონე მოქალაქეებს უფასო სკრინინგს – კომპიუტერულ ტომოგრაფიას …