მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ექსპერტები 2023 წლიდან წამლების გაიაფების ახალ ტალღას ელოდებიან

ექსპერტები 2023 წლიდან წამლების გაიაფების ახალ ტალღას ელოდებიან

რეფერენტული ფასების დადგენის შედეგად ქვეყანაში მედიკამენტების ღირებულება, რომელიც თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ მცირდება, კიდევ უფრო დაიკლებს. ამის შესახებ ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მოდელი მსოფლიოში გასული წლის 80-იან წლების დასაწყისში ამოქმედდა და ამ პრაქტიკას დღეს იყენებენ როგორც ევროკავშირის წევრი, ისე არაწევრი ქვეყნები.

„პირველად ამ მოდელის წინამორბედ მექანიზმზე მუშაობა აშშ-ში დაიწყო, სადაც მედიკამენტების მაღალი ღირებულება და ზოგადად, ჯანდაცვის ხარჯები 70-იანი წლების დასაწყისში დიდი პრობლემა იყო. ამის გამო ჯანდაცვის სისტემა უფსკრულად იქცა, სადაც სულ უფრო მეტი თანხის „ჩაყრა“ იყო აუცილებელი. სწორედ ამ პრობლემასთან მოგვარების გზების ძიება დაიწყო ამერიკის მთავრობამ და შექმნა დაახლოებით ისეთი მოდელი, როგორიც რეფერენტული ფასებია,“- განაცხადა ბაირახტარმა.

ეკონომისტი გიორგი კაპანაძე ასევე პოზიტიურად აფასებს რეფერენტული ფასის შემოღებას და ამბობს, რომ ესაა მექანიზმი, რომელიც ქვეყანას აძლევს საშუალებას, გამოითხოვოს სხვა ქვეყნების მონაცემები ამა თუ იმ მედიკამენტის ფასის შესახებ და ამის მიხედვით დააწესოს ზედა ზღვარი, რომლის ზემოთაც  ბიზნესსუბიექტები ვეღარ გაყიდიან პროდუქციას. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქრონიკული მედიკამენტების ხარჯებს, რომლებსაც ეს ახალი მოდელი პირველ ეტაპზე უნდა შეეხოს, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ანაზღაურებს, ამიტომ ეს იქნება შეღავათი სახელმწიფოსთვისაც. გარდა ამისა, თანხებს დაზოგავს სადაზღვევო სექტორიც, რომელიც მედიკამენტებში გაბერილ ფასს აღარ გადაიხდის. რაც მთავარია, მოსახლეობას შეუმცირდება დანახარჯები მედიკამენტებზე,“ – აცხადებს კაპანაძე და მოჰყავს ბულგარეთის მაგალითი, სადაც რეფერენტული ფასის მოდელი 2012 წლიდან ამოქმედდა და შედეგად, წამლები 75%-ით გაიაფდა.

„ეს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ რეფერენტული ფასების შემოღება არის ეფექტიანი გზა მედიკამენტებზე ფასების შემცირების მიმართულებით,“ – ათნიშნა გიორგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ:

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების გაიაფებისთვის ახალ რეფორმაზე მუშაობს. საუბარია რეფერენტული ფასების დადგენაზე, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ზედა ზღვარს დააწესებს თუ რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი. ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით უნდა დადგინდეს. რეფერენტული ფასები ძირითადად იმ მედიკამენტებზე გავრცელდება, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ესენია: ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. ცვლილებები 2023 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, მომდევნო ეტაპზე კი სხვა მედიკამენტებზეც გავრცელდება.

ამასთან, მიმდინარე წლის იანვრიდან გაიხსნა თურქული ბაზარი, რის შედეგადაც, ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაიაფდა და მოსახლეობამ ჯამში 80 მილიონი ლარი დაზოგა.

 

jandacva.ge

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტების ფასების ნაწილში NDI-ს კვლევის მეთოდოლოგიის მიმართ შეკითხვები გაჩნდა 

წამლების საფასური მოსახლეობისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია აღნიშნული. კითხვაზე …