მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „ეს განუკითხაობაა“ – ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს

„ეს განუკითხაობაა“ – ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს

ის, რაც კოვიდრეგულაციების დარღვევის კუთხით საქართველოში ხდება, განუკითხაობაა. ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი მაია ქაჩლიშვილი აცხადებს. მისი თქმით, ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნის შემდეგ რეგულაციები შიდა სივრცეშიც მასობრივად ირღვევა.

მისი თქმით, ამის შედეგია, რომ ინფიცირების მაჩვენებლები იზრდება და, შესაბამისად, რისკი მატულობს ბავშვებშიც, რომელთა დაინფიცირების მთავარი წყარო მშობლები არიან.

ინფექციონისტის განცხადებით, დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების ვალდებულება არ სრულდება ბანკებში, მაღაზიებში, ასევე ღია სივრცეებში არსებულ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მისი თქმით, კონტროლის გაძლიერების გარეშე ინფექციის გავრცელების საფრთხე ძალიან მაღალი იქნება.

ექიმს ესპანეთის მაგალითი მოჰყავს, სადაც ახლახანს თავად იმყოფებოდა. მაია ქაჩლიშვილის თქმით, ამ ქვეყანაში, ვაქცინაციის მაღალი ტემპების მიუხედავად, შიდა სივრცეში ნიღბები ყველას უკეთია, მათ შორის ბავშვებს 2 წლის ასაკიდან, და ნიღბის ტარება ადამიანებს ჩვევაში აქვთ გადასული, რაც საქართველოში ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდინფიცირებული ჩვილების აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. სამივე ჩვილი, რომელთა ასაკი ორ თვემდეა (ერთერთი კი 11 დღისაა), ციციშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა მძიმეა.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში “დელტა პლუსი” გამოჩნდა – შტამი, რომელიც “დელტასთან” შედარებით კიდევ უფრო გადამდებია

საქართველოში “დელტა პლიუსის” შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ …