მთავარი » ახალი ამბები » “ევექსი ჰოსპიტლებმა” კოვიდგადატანილ პაციენტებს ქართულ ბაზარზე უპრეცედენტო მომსახურება შესთავაზა

“ევექსი ჰოსპიტლებმა” კოვიდგადატანილ პაციენტებს ქართულ ბაზარზე უპრეცედენტო მომსახურება შესთავაზა

“ევექსი ჰოსპიტლების” ბაზაზე, კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის მართვის მიზნით ახალი პროექტი დაიწყო. სპეციალური ცენტრები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ამოქმედდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მსოფლიო გამოცდილების თანახმად, კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმზე კვალს ტოვებს და მისი გართულებების მართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის  შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია. გართულებები განსაკუთრებით ხშირია რისკ- ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი,  არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება რეკომენდებულია მათთვისაც, ვისაც კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ ჩივილები არ აღენიშნებათ.

სწორედ ამ მიზნით გადაწყდა, “ევექსი ჰოსპიტლების” ბაზაზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრები ამოქმედებულიყო.

ერთ-ერთი პირველია თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრი, სადაც 14 აპრილიდან კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრი ამოქმედდა და პაციენტებს, უახლესი საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად, კორონავირუსის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მკურნალობა უტარდებათ.

კოვიდ-გადატანილი პაციენტების ჯანმრთელობაზე როგორც ფიზიკური, ისე – ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ექიმების მულტიდისციპლინური გუნდი იზრუნებს.

ცენტრში შესაძლებელია ამბულატორიული და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარული მომსახურების ერთ სივრცეში მიღება. დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, გადამზადებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის და ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის მიერ. მკურნალობა ინდივიდუალური მიდგომით იგეგმება და ითვალისწინებს რეაბილიტაციის კურსსაც, როგორც უშუალოდ კავკასიის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე, ასევე საირმის ბალნეოლოგიურ კურორტებზე.

გარდა ამისა, ცენტრი სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მოსახლეობას მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ შესთავაზებს თერაპევტის მომსახურებას და ჯგუფურ ფსიქოლოგიური სეანსებს.
ევექსის ჰოსპიტალური ქსელი მაისის ბოლომდე კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზეც აამოქმედებს, რაც მოსახლეობისთვის სერვისზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას გაზრდის.

დამატებითი ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია ნომერზე 2 600 600 ან ვებ-გვერდზე www.cmchospital.ge

როგორც jandacva.ge-სთან საუბარში „ევექსის ჰოსპიტალების“ დირექტორის მოადგილე ეკა ქავთარაძე განმარტავს, პროექტზე მუშაობა 5 თვის წინ დაიწყო, როდესაც ნათელი გახდა, რომ კოვიდინფექციისთვის სხვადასხვა გართულებაა დამახასიათებელი. ამიტომ მათ უკვე მაშინ დაიწყეს უცხოეთში არსებული გამოცდილების შესწავლა და პროტოკოლების თარგმნა. დაუკავშირდნენ ქართველ ექიმებს, რომლებსაც უცხოეთში პოსტ-კოვიდური გართულებების მართვის გამოცდილება უკვე ჰქონდათ.

ეკა ქავთარაძის თქმით, კომპანიამ ჩაატარა საკუთარი კვლევა, რომლითაც გამოიკვეთა, რომ კოვიდგადატანილი პაციენტების 70%-ს აქვს გარკვეული ჩივილები, სამედიცინო დაწესებულებებს კი მათმა ნახევარმა მიმართა. კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი პაციენტების შემთხვევაში კვალიფიციური სამედიცინო ჩარევა აუცილებელი იყო. სწორედ ამ მოთხოვნის პასუხად გაჩნდა ახალი შეთავაზება.

„ევექსის“ ჰოსპიტალების დირექტორის მოადგილის განმარტებით, მათ კლინიკებში განთავსებულ, სარეაბილიტაციო ცენტრებში კოვიდგადატანილ პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა შეღავათით ტარიფის კუთხით.

რაც შეეხება ანაზღაურებას საყოველთაო ჯანდაცვისა და კერძო დაზღვევის პაკეტების მოსარგებლეებისთვის, ეკა ქავთარაძის განცხადებით, ცალკეული სერვისები, შესაძლოა, ანაზღაურდეს სერვისების სტანდარტული ლიმიტების შესაბამისად. ამასთან, მისივე განმარტებით, ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია პოსტკოვიდურ გართულებებს გამონაკლისად არ თვლის და ეს ინდივიდუალურად, მზღვეველის პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

ეკა ქავთარაძის თქმით, აღნიშნული პროექტი ქართულ ბაზარზე თავისი კომპლექსურობით უპრეცედენტოა.

იხილეთ ასევე

უახლოეს კვირებში ევროკავშირში ტურისტული „მწვანე სერთიფიკატი“ ამოქმედდება

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ე.წ. ვაქცინაციის  პასპორტის შემოღებაზე შეთანხმდნენ, რათა მოგზაურობისა და ტურიზმის …