მთავარი » მსოფლიო » “ფაიზერი” კონტრაქტებს ზრდის, „სიკოვაკის“ ვაქცინა კი ევროკავშირის ბაზრისკენ გზას იკვალავს

“ფაიზერი” კონტრაქტებს ზრდის, „სიკოვაკის“ ვაქცინა კი ევროკავშირის ბაზრისკენ გზას იკვალავს

რა სიახლეებია მსოფლიოში კოვიდ 19-ის გავრცელების კუთხით? Bloomberg-ს მოჰყავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადება იმის შესახებ, რომ ქვეყანა აპირებს ლოქდაუნის მოხსნას. ჯონსონმა თქვა, რომ პანდემიის მიმდინარე მაჩვენებლები, დიდი ალბათობით, ადამიანებს საშუალებას მისცემს, ნათესავებთან და მეგობრებთან ღამითაც დარჩნენ, 17 მაისიდან ქვეყანაში დახურულ სივრცეებში სხვადასხვა შეკრებაც ნებადართული იქნება.

21 ივნისიდან, სავარაუდოდ, სოციალური დისტანცირების წესებიც შემსუბუქდება, თუმცა საერთაშორისო მოგზაურობები მკაცრად გაკონტროლდება.

სიტუაცია იძაბება სინგაპურში, რომელიც ვირუსთან ბრძოლის ერთერთ საუკეთესო მაგალითად ითვლებოდა. მიზეზი ვირუსის ინდოეთში გამოვლენილი, მუტირებული ვარიანტია. სინგაპური ხალხმრავალ შეკრებებს ზღუდავს  და საზღვრების კონტროლს ამკაცრებს.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8-დან 30 მაისამდე პერიოდში იკრძალება 5-ზე მეტი ადამიანის შეკრება. მანამდე ეს შეზღუდვა 8 ადამიანს ეხებოდა. იზღუდება სამუშაო  ადგილებზე გამოცხადების უფლებაც იმ ადამიანებისთვის, ვისაც სახლიდან მუშაობა შეუძლიათ.

მსოფლიოს 20-მა უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ე.წ. ვაქცინის პასპორტის შემოღებას ტურიზმის სტიმულირების მიზნით. ეს ქვეყნები აცხადებენ, რომ ტურიზმისა და მოგზაურობის სფეროს განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისთვის.

20 ქვეყნის ტურიზმის მინისტრებმა, რომლებიც საერთო პრობლემებზე სასაუბროდ სამშაბათს შეიკრიბნენ, განაცხადეს, რომ ლოქდაუნით დაცემული სექტორის პერსპექტივები უკიდურესად ბუნდოვანი რჩება.

იზრდება ვაქცინებზე მოთხოვნა, რაც ფარმაცევტული კომპანიების შემოსავლებზეც აისახება – Pfizer-მა ვაქცინის მისაღები შემოსავლების წლიური პროგნოზი 15 მილიარდი დოლარიდან 26 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

პროგნოზი გულისხმობს 1,6 მილიარდი დოზის მიწოდებას, რომელსაც, გეგმის თანახმად, აპრილის შუა პერიოდამდე ხელმოწერილი შეთანხმებები ითვალისწინებს.

„ჩვენ ასევე მუდმივად ვმსჯელობთ რამდენიმე ქვეყანასთან, მათთან არსებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, და ველოდებით, რომ ეს განხილვები მიწოდების დამატებითი შეთანხმებების გაფორმებამდე მიგვიყვანს,“ – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ.

სიახლეებია ჩინურ „სინოვაკთან“ დაკავშირებითაც – ევროპის წამლის სააგენტომ განაცხადა, რომ აღნიშნული ჩინური ვაქცინის მუდმივი მონიტორინგი დაიწყო, რათა შეამოწმოს მისი შესაბამისობა უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტთან, რაც ამ პრეპარატის ევროკავშირში გამოყენებაზე უფლების მიღებისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა.

იგივე პროცესი სააგენტომ რუსული Sputnik V-ის მიმართ მარტში დაიწყო.

იხილეთ ასევე

„ფაიზერ-ბიოენტექის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მათი ვაქცინა კორონავირუსის  ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ით ეფექტურია

„ფაიზერ-ბიოენტექის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მათი ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ით ეფექტურია. როგორც …