მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფსიქოტროპული მედიკამენტები ისევ თავისუფლად იყიდება – სექტემბერში დარღვევის ფაქტები 11 აფთიაქში გამოვლინდა

ფსიქოტროპული მედიკამენტები ისევ თავისუფლად იყიდება – სექტემბერში დარღვევის ფაქტები 11 აფთიაქში გამოვლინდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის მორიგი ფაქტები გამოავლინა. სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, მათმა თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმის აფთიაქებში,  სპეციალურად მოწყობილ სამალავებიდან, 6 000-მდე მედიკამენტი ამოიღეს. მათ შორის, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას,  5 აფთიაქში,  სპეციალური რეცეპტის გარეშე,  შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები.  დამატებით, 6 შემთხვევაში კი გამოვლინდა, უკანონო  ფარმაცევტული საქმიანობა, აფთიაქის ნებართვის გარეშე.

როგორც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გიორგი გუნცაძე აღნიშნავს, უწყება წამლის სფეროში არსებული დარღვევების გამოვლენას და მასზე რეაგირებას პერმანენტულად ახორციელებს.

„მხოლოდ სექტემბრის თვეში, თბილისსა და ბათუმში,  სააგენტომ გამოავლინა 11 აფთიაქი, სადაც ადგილი ჰქონდა  ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევას. გატარებული ღონისძიებების შედეგად, აფთიაქების უკანონო ბრუნვიდან ამოღებულია  და კონფისკაციას დაექვემდებარა   5 766 ერთეული ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალება“, – განაცხადა გიორგი გუნცაძემ.

ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ასევე  გამოვლენილი იქნა სანებართვო პირობების დარღვევის  – 3 და ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის წესის დარღვევის – 11 ფაქტი. ყველა გამოვლენილ შემთხვევაში შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლებიც განსახილველად თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გადაიგზავნა.

 

იხილეთ ასევე

საქართველო უახლოეს დღეებში COVID19-ის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს ელოდება

საქართველო COVID19-ის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს ამ კვირის განმავლობაში და ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღებს. ინფექციური …