მთავარი » დაზღვევა » გაჩნდა მოლოდინი, რომ საყოველთაო ჯანდაცვიდან ერთჯერადად გათიშვის პრინციპი, შესაძლოა, შეიცვალოს

გაჩნდა მოლოდინი, რომ საყოველთაო ჯანდაცვიდან ერთჯერადად გათიშვის პრინციპი, შესაძლოა, შეიცვალოს

ჯანდაცვის სამინისტრო არაა წინააღმდეგი, „დაშენების“ პაკეტთან დაკავშირებით შესაძლო ცვლილებები განიხილოს. ამ შინაარსის განცხადებას დაზღვევის სექტორის წარმომადგენლები აკეთებენ.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის  ნინო კობახიძის განცხადებით, დაშენებული პაკეტების შეზღუდვა არის „გადმოყოლილი“ პრაქტიკა, რომელიც ინერციით მოდის და მიზეზებიც გააზრებული არ არის.

„სადაზღვევო სისტემას დაშენების უფლება მხოლოდ მილიონ ასი ათას ადამიანზე აქვს. აქ შედიან ბავშვები, პენსიონრები, შშმ პირები. მოგეხსენებათ,  ეს საკმაოდ მაღალრისკიანი ჯგუფია. ჯანდაცვის სამინისტროსთან გვქონდა აქტიური კომუნიკაცია და ისინი არ არიან წინააღმდეგები. ჩვენც ველოდებით და ისინიც ელოდებიან, რომ ვნახოთ, დიარჯი 2 თვეში რა შედეგებზე გაგვიყვანს სამედიცინო სისტემას. შეთავაზების თვალსაზრისით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ამის უფლება.

ახლა ასე ხდება: როცა მოქალაქე კერძო დაზღვევითაც სარგებლობს და საყოველთაო ჯანდაცვითაც, შეუძლია უცებ ამოერთოს საყოველთაო ჯანდაცვიდან, დაზღვევით ისარგებლოს და მერე ისევ ჩაჯდეს, რაც არასწორი ფორმულაა, რადგან რისკებს ზრდის როგორც დაზღვევისთვის, ისე სახელმწიფოს ფინანსებისთვის. ორი თვის შემდეგ, როგორც კი დიარჯის შედეგებს მოვიმკით და შევაფასებთ ამ სფეროში მოღვაწე ყველა მოთამაშე, შესაძლებელი გახდება ამაზე ხმამაღლა საუბარი,“- განაცხადა ნინო კობახიძემ.

ცნობისთვის:  მოქალაქეთა ნაწილს (1000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს) არ აქვს საყოველთაოს პარალელურად კერძო დაზღვევის შეძენის, ანუ საყოველთაო პაკეტის გაუმჯობესების უფლება. ასეთი უფლება მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას აქვს, თუმცა ესაა შედარებით მოწყვლადი კატეგორია (სოცდაუცველები, ბავშვები, შშმ პირები, დევნილები), რის გამოც ამ უფლებით მათი მხოლოდ მცირედი ნაწილი სარგებლობს. ექსპერტები და თავად სადაზღვევო ინდუსტრია მოითხოვს, ეს უფლება ყველა მოქალაქეს ჰქონდეს, რაც ბაზარს გაზრდის და, შესაბამისად, პაკეტების პირობებიც გაუმჯობესდება.

 

იხილეთ ასევე

ონკოპაციენტები, რომლებსაც სადაზღვევო სისტემა სრულფასოვანი მკურნალობის გარეშე ტოვებს

40 წლის მაია ხარაიშვილის ისტორია არა მხოლოდ ერთი ონკოპაციენტის, არამედ ყველა იმ ადამიანის ისტორიაა, რომლებიც …