მთავარი » ჯანდაცვა » გართულებული ეპიდვითარების გამო, თბილისსა და ქუთაისში დამატებითი კოვიდსასტუმროები ამოქმედდა

გართულებული ეპიდვითარების გამო, თბილისსა და ქუთაისში დამატებითი კოვიდსასტუმროები ამოქმედდა

საქართველოში კოვიდსასტუმროების რაოდენობა ორით გაიზარდა. თითო-თითო ასეთი დაწესებულება დამატებით თბილისსა და ქუთაისში ამოქმედდა. მიზეზი ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ამ სეგმენტზე მოთხოვნის ზრდაა. როგორც საქართველოს პირველ არხს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით შვიდი კოვიდსასტუმრო (მათგან სამი დედაქალაქში) და ექვსი საკარანტინე სასტუმრო მოქმედებს.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, კოვიდინფექციის გავრცელების პიკურ პერიოდში, ნოემბერში, ქვეყანაში 78 კოვიდსასტუმრო ფუნქციონირებდა. საკარანტინე სასტუმროების მაქსიმალური რაოდენობა კი სექტემბერში დაფიქსირდა, როდესაც აღნიშნული დაწესებულებების რაოდენობამ 115 შეადგინა.

კოვიდსასტუმროებში, იგივე კლინიკურ სასტუმროებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებს ათავსებენ, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში თერაპიული სერვისები მიეწოდებათ. ასევე არის ჟანგბადის კონცენტრატორებიკოვიდსასტუმროები ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას ემსახურება.

რაც შეეხება კოვიდკლინიკებს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების პიკზე ქვეყანაში 110 კოვიდკლინიკა ფუნქციონირებდა, ახლა კი მათი რაოდენობა 65-ია. ესენია, როგორც კოვიდკლინიკები, ისე ჰიბრიდული რეჟიმით მომუშავე სამედიცინო დაწესებულებები.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კოვიდკლინიკებში 2 333 საწოლია თავისუფალი.

„ეს მიმდინარე პროცესია და იმისდა მიხედვით, რა საჭიროება იქნება, არსებობს კლინიკებში საწოლების დამატების შესაძლებლობა, რადგან ამ კლინიკების ნაწილი ფუნქციონირებს ე.წ. ჰიბრიდულ რეჟიმში, ანუ მათ შეუძლიათ, მალევე დაუბრუნდნენ საწყის მდგომარეობას კოვიდის მართვასთან მიმართებაში. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა გარკვეული დემობილიზაცია 21 აპრილიდან, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა და კლინიკებს ვთხოვეთ, გააგრძელონ ფუნქციონირება კოვიდის მართვის რეჟიმში“, – აღნიშნა გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანას დაემატა კოვიდსასტუმროები, რადგან საჭიროება იზრდება.

 

1tv.ge

იხილეთ ასევე

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ, 00:20 საათზე დაეშვა. …