მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „ღამეც კი გვაღვიძებდნენ, აბა რამდენ საწოლს გამოგვიყოფთო“ – ნინო კობახიძე „ცარიელი კოვიდსაწოლების“ თემაზე

„ღამეც კი გვაღვიძებდნენ, აბა რამდენ საწოლს გამოგვიყოფთო“ – ნინო კობახიძე „ცარიელი კოვიდსაწოლების“ თემაზე

კოვიდპანდემიის დროს, კლინიკის წარმომადგენლებს ღამეც კი გვაღვიძებდნენ, რომ დამატებითი კოვიდ-საწოლები გამოგვეყო – ამის შესახებ “ჯეოჰოსპიტალსის” ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრის იმ განცხადების კომენტარისას განაცხადა, რომელიც ცარიელ კოვიდ-საწოლებში სახელმწიფო თანხების გადახდას ეხებოდა.

27 აპრილს ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ​შეუძლებელი და პრინციპულად მიუღებელია, მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე, სახელმწიფო კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს.

„თითოეულ ცარიელ საწოლში დაახლოებით 120+60 ლარს იხდიდა სახელმწიფო ორი წლის განმავლობაში. მთლიან დატვირთულობას რომ გადავხედოთ, ანუ მათი პრეტენზიების საპასუხოდ, საშუალოდ 60 პროცენტი იყო დატვირთულობა და წარმოიდგინეთ, ორი წლის განმავლობაში მინიმუმ 40 პროცენტ ცარიელ საწოლებში სახელმწიფო იხდიდა ფულს. ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო იმისთვის საკმარისი, სანამ შეტყობინებებს მივცემდით და ფაქტობრივ, სამართლიან ანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს. ამ ორი წლის განმავლობაში ერთი მილიარდი ლარია მინიმუმ გადახდილი ამ ყველაფერში,“- განაცხადა აზარაშვილმა.

ნინო კობახიძე ამბობს, რომ კოვიდსაწოლების მობილიზება მთავრობის დადგენილების საფუძველზე ხდებოდა და „ღამეც კი გვაღვიძებდა იმ დროინდელი მენეჯმენტი როგორც სამინისტროს, ისე პრემიერის დონეზე, აბა რამდენ საწოლს გამოგვიყოფთო.“

კობახიძის თქმით, იყო პერიოდი, როცა საწოლების გამოყოფა განსაკუთრებით პრობლემური იყო კახეთში, როცა ძალიან ბევრ კლინიკაში დერეფნებშიც კი მოუწიათ საწოლების ჩადგმა.

„სხვა ტიპის ნოზოლოგიებს აღარ ვემსახურებოდით და როცა იცლება კლინიკა, აუცილებელია მოხდეს ანაზღაურება, დატვირთული იქნება თუ არა. თუ სამინისტრომ სადმე დააგვიანა და არ დაასრულა დროულად კოვიდკლინკის არსებობა, ეს სხვა საკითხია,“ – აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება მინისტრის კიდევ ერთ ბრალდებას კლინიკების მიმართ – რომ ხდებოდა კოვიდპაციენტების კლინიკებში ხელოვნურად დაყოვნება მეტი თანხის მიღების მიზნით, კობახიძე ამ ბრალდებასაც არ იღებს და ამბობს, რომ კოვიდპაციენტი იწვა თუ არ იწვა, ერთ საწოლში კლინიკა მაინც ფიქსირებულ თანხას იღებდა, თანაც, მისივე თქმით, დატვირთვა იმდენად მაღალი იყო, რომ პირიქით,  დაინტერესებულნი იყვნენ, რაც შეიძლება სწრაფად გაეწერათ პაციენტი.

„არის ალბათ რაღაც გადაცდომები, თან იმ ახალ რეალობაში, რომელიც დაატყდა მსოფლიოს და საქართველოს. ალბათ პატარა კლინიკებში იყო გადაცდომები, მაგრამ ვინმეს თუ რამე წაღებული აქვს, ის უკან უნდა დაბრუნდეს,“- აცხადებს ნინო კობახიძე.

მისი თქმით, სამედიცინო სექტორი სენსიტიურია და ბრალდებების ყველას მიმართ, ერთიანად წაყენება არ შეიძლება. „შესაძლოა, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, ადგილზე უნდა მოხდეს სამინისტროს მხრიდან ამის გარკვევა,“- აღნიშნა ნინო კობახიძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, მინისტრის განცხადება გულისტკივილის გამოხატვა იყო და ის ყველა კლინიკას არ ეხებოდა. ნინო კობახიძე ამბობს, რომ „ჯეო ჰოსპიტალსში“ არაერთი შემოწმება ჩატარდა როგორც ინფექციების, ისე სახელფასო დანამატებისა და ფინანსური კუთხით და მათ შედეგად დარღვევები არ აღმოჩენილა.

იხილეთ ასევე

თენგიზ ცერცვაძე: მე ვრჩები თანამდებობაზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ ცერცვაძემ საქართველოს პირველის …