მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » გიგი უგულავას, სავარაუდოდ, 3 ათასლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს – არსებული კანონით, მან იზოლაციის წესი დაარღვია

გიგი უგულავას, სავარაუდოდ, 3 ათასლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს – არსებული კანონით, მან იზოლაციის წესი დაარღვია

გიგი უგულავას გუშინდელ აქციაზე გამოსვლის შემდეგ, მის კოვიდ-სტატუსთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არც ჯანდაცვის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუცია.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ კოვიდ 19 დაუდასტურდა. გუშინ, 14 ოქტომბერს კი აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელში გააკეთა განმარტება, რომ გადამდები აღარ არის და სწრაფმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, რის შემდეგაც, ექიმთან კოსულტაციის საფუძველზე აქციაზე გავიდა.

„აღარც გადამდები ვარ, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კოსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე ვყოფილიყავი აქციაზე, ხალხთან ერთად. ქოც ტროლ-ბოტ-პროპაგანდონების საყურადღებოდ: ასე აღტკინებული მაშინ რომ ყოფილიყავით როცა აცრის მოწოდების ბანერების ნაცვლად სისხლიან ბანერებს კიდებდა მთავრობა, აშკარად უკეთესი ეპიდ სურათი გვექნებოდა. სასაკლაო მოაწყო ღარიბაშვილმა ქვეყანაში, რომ ანტივაქსერი ქოც ამომრჩეველი არ გაენაწყენებინა. სამარცხვინო ხართ და ამორალურები.

მე კი მოგიწოდებთ, მეგობრებო, ავიცრათ. სწორედ აცრის გამო გადავიტანე კოვიდი იოლად და არც გარშემო არავის გადავდე, რადგან ყველა აცრილი იყო. აიცერით! აიცერით! აიცერით!“ -წერს უგულავა.

სამთავრობოს საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „სიმპტომიანი პაციენტის შემთხვევაში მკურნალობა დასრულებულია, თუ იზოლაციიდან გასულია მინიმუმ 10 დღე და დამატებით 3 უსიმპტომო დღე“, ხოლო „თუ დაავადება მიმდინარეობდა სრულიად უსიმპტომოდ, პაციენტი 10 დღე იმყოფება იზოლაციაში და მე-11 დღიდან იხსნება მეთვალყურეობიდან. ორივე შემთხვევაში გამოჯანმრთელებას ადასტურებს მკურნალი ოჯახის ექიმი.“

შესაბამისად, გუშინ, როდესაც გიგი უგულა მიტინგზე გამოჩნდა, კოვიდინფექციის დადასტურებიდან მე-8 დღე იყო გასული, ამ ეტაპზე კი იზოლაციის დასრულება დაუშვებელია.

რომელმა ექიმმა და რის საფუძველზე გასცა რეკომენდაცია იზოლაციის დასრულების შესახებ და დაწყებულია თუ არა ამ საკითხზე მოკვლევა – ჯანდაცვის სამინისტროში ამ კითხვებზე არ პასუხობენ.

ასევე უცნობია,დაჯარიმდა ან დაჯარიმდება თუ არა გიგი უგულავა კანონდარღვევისთვის?

იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის ბრძანების თანახმად,  იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირებისთვის მოქმედებს 3 000 ლარის ჯარიმა.

იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ფაქტის ან/და წესების დარღვევაზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში რეაგირებას ახდენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი, რომელიც უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილოს ადგილზე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

იხილეთ ასევე

„ბებია-ბაბუები მაინც აცერით!“ – 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი საგანგაშოდ დაბალია

ამ ეტაპზე ქვეყნის მოსახლეობის 50% იმუნურია. ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს. მისი თქმით, რადგან …