მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ჰაერში ტრანსსასაზღვრო დაბინძურება ფიქსირდება – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

ჰაერში ტრანსსასაზღვრო დაბინძურება ფიქსირდება – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

ატმოსფერულ ჰაერში, 18 იანვრიდან, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, მყარი ნაწილაკების (ზომის მიხედვით PM10, PM2.5 ) მატება ფიქსირდება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი, დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალურ აზია) მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„აღნიშნული პროცესის მიზეზი ზუსტდება გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ, სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც საჭიროებს გარკვეული დროს.

აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით,“ – ნათქვამია განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მტვრის მყარმა ნაწილაკებმა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, მძიმე შემთხვევაში – ფილტვის დაზიანება, გახდეს სიმსივნის მაპროვოცირებელი ფაქტორი, ასევე ნეგატიურად იმოქმედოს გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად კი, მტვრის მყარი ნაწილაკების კომპონენტებია სულფატები, ნიტრატები, ამიაკი, ნატრიუმქლორიდი, ნახშირბადი, მინერალური მტვერი და წყალი, რომლებიც ჰაერში შეწონილ მდგომარეობაში არსებული ორგანული და არაორგანული ნივთიერებების მყარი და თხევადი ნაწილაკების რთული ნარევისაგან შედგება. „თანამედროვე მიდგომების მიხედვით, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასებისა და ნორმირებისათვის გამოიყენება მტვრის მყარი ნაწილაკების დიფერენციაცია ფრაქციებად მათი აეროდინამიკური დიამეტრის ზომის შესაბამისად. კერძოდ, PM10 (ნაწილაკები აეროდინამიკური დიამეტრით 10 მკმ) და PM2.5 (ნაწილაკები აეროდინამიკური დიამეტრით 2.5 მკმ). სწორედ ეს უკანასკნელნი მიიჩნევა ყველაზე საშიშად ჯანმრთელობისათვის, რადგან შესწევთ უნარი შეაღწიონ ბრონქიოლების პერიფერიულ უბნებში და ხელი შეუშალონ ჰაერცვლას ფილტვებს შიგნით,“ – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაში.

ტრანსსასაზღვრო დაბინძურების გარდა, საქართველოსთვის მყარი ნაწილაკების მნიშვნელოვანი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი.

იხილეთ ასევე

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოცვა 80%-მდე უნდა იყოს, თბილისში კი მხოლოდ 18%-ია

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში პისიარ ტესტირება ჩაერთვება – ასეთია განახლებული გაიდლაინი, რომელსაც სკრინინგის ეროვნული ცენტრი …