მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჰემატოლოგი ლევან ავალიშვილი: აბსოლუტური სისულელეა, რომ დონორების სისხლი უცხოეთში იყიდება

ჰემატოლოგი ლევან ავალიშვილი: აბსოლუტური სისულელეა, რომ დონორების სისხლი უცხოეთში იყიდება

საქართველოში სისხლის დეფიციტი კრიტიკული არ არის, თუმცა ეს პრობლემა მუდმივად დგას. ამის შესახებ ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგმა, ევროკავშირის ექსპერტმა ლევან ავალიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრობლემაა პოტენციური დონორების ინფორმირებულობა, ასევე ისიც, რომ არ არსებობს შესაბამისი განწყობა. ავალიშვილის ინფორმაციით, საქართველოში არიან მუდმივი დონორები, მაგრამ ამას არ აქვს მასობრივი სახე. მისი განცხადებით, საქართველოს წელიწადში 80-100 ათასი სისხლის დონაცია სჭირდება, თუმცა ამ მაჩვენებელს ვერ ვაღწევთ.

ავალიშვილის განცხადებით, დონორული სისხლის შემოწმება და დონორის სელექცია პანდემიის დროსაც მიმდინარეობს,  თუმცა შეიცვალა დონორის გამოკითხვის და შერჩევის კრიტერიუმები – იგულისხმება მონაცემების შევსება კორონავირუსის გადატანის, ვაქცინაციის შესახებ,  რაც უზრუნველყოფს სისხლის პროდუქცის მაქსიმალურ დაცვას.

ამიტომ, ავალიშვილის განცხადებით, ეჭვები, რომ დონორის სისხლით პაციენტს შესაძლოა კორონავირუსი გადაედოს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ლევან ავალიშვილის განცხადებით, კოვიდგადატანილ ადამიანებს სისხლის გაღება უპრობლემოდ შეუძლიათ. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სისხლის გაღება ადამიანს  შეუძლია სიმპტომების გაქრობიდან 14 დღეში, ევროპაში ეს ვადა 28 დღითაა განსაზღვრული. ხოლო თუ  ადამიანს ინფექცია უსიმპტომოდ აქვს გადატანილი, დონორობა დადებითი ანტიგენტესტის გაკეთებიდან 14 დღეში შეუძლია. რაც შეეხება ანტისხეულების ტესტს, დადებითი პასუხის შემთხვევაში, შესაძლოა სისხლის დაყოვნების გარეშე გაცემა.

ლევან ავალიშვილი სისხლის კომპონენტების გაყიდვის თემასაც შეეხო და

„აბსოლუტური სისულელე“ უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში დონორებისგან აღებული სისხლი უცხოეთში იყიდება.

„ჩვენზე ბედნიერი ერი არ უნდა იყოს, თუ სისხლი მაგალითად შვეიცარიაში გაიყიდებოდა. მაგრამ ეს ასე არ არის. საუბარია პლაზმაზე, რომელიც სისხლის გადამუშავების შემდეგ ჭარბი რაოდენობით რჩება და სწორედ მისი ნაწილი იყიდება უცხოურ კომპანიებზე, რომლებიც  შემდეგ პლაზმის პრეპარატებს აწარმოებენ. ასევე იყიდება ინფიცირებული სისხლის ნიმუშებიც იყიდება ლაბორატორიული კვლევებისთვის. ანუ იყიდება ის, რაც, რომ არ გაიყიდოს, იქნება გამოუსადეგარი. ასე რომ, ის, რომ თითქოს იყიდება პაციენტებისთვის განკუთვნილი სისხლი და მას პაციენტებს ვაკლებთ, წარმოუდგენელია,“ – განაცხადა ავალიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სისხლის ბანკები საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქში მუშაობს. დონორად დარეგისტრირება და სასურველ ლოკაციაზე მისვლა შესაძლებელია ფეისბუქ-გვერდების საშუალებით „მე ვარ დონორი“ და „სისხლის დონორები.“

2020 წელს განხორციელდა 83,941 დონაცია, აქედან 34,094 (41%) უანგარო დონაციაა, 44% – ფასიანი დონაცია, 14% – კი ნათესავი; სისხლის გადასხმა დაჭირდა 59,877 პაციენტს, სულ გადაისხა 183,825 ერთეული დოზა.

იხილეთ ასევე

7-8-9 და 17 ივლისი, 7 აგვისტო – როდის და რომელ კარდიოლოგიურ კლინიკებში ტარდება უფასო კონსულტაციები და სკრინინგი

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის „გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში პარტნიორ …