მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » “ინფექციების გავრცელებას ხელს ელემენტარული წესების დაუცველობა უწყობს” – ინფექციონისტის რეკომენდაციები

“ინფექციების გავრცელებას ხელს ელემენტარული წესების დაუცველობა უწყობს” – ინფექციონისტის რეკომენდაციები

როგორი ვითარებაა ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების მხრივ, რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს, როგორია ავადობის სიმპტომები და შესაძლო გართულებები – ამ საკითხებთან დაკავშირებით ინფექციონისტმა, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ სამედიცინო საქმიანობის ხარისხის მართვის დირექტორმა, შორენა კიწმარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ადამიანს რესპირაციული სიმპტომატიკა აქვს, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას უნდა მოერიდოს.

„ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ვსაუბრობთ. ვირუსული ინფექციების გავრცელების საკითხი მოსახლეობას ძალიან აშფოთებს და აჟიოტაჟის მიზეზიც გახდა. თუმცა, მინდა, დარწმუნებით ვთქვა, რომ დღევანდელი ვითარება, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამ ეტაპზე რაიმე შემაშფოთებელი გარემოების არსებობის საბაბს ნამდვილად არ იძლევა. გასულმა ორმა წელმა ის მდგომარეობა დაგვავიწყა, რაც მანამდე რეპსირატორული ვირუსული ინფექციების გავრცელებას ახლდა. ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად სხვადასხვა ტიპის რესპირაციული ვირუსული ინფექციების გავრცელება კვლავ აქტუალურია. ესენია: რინოვირუსი, პარაგრიპი, ადენოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, კორონავირუსის სხვადასხვა სახეობა, თავისთავად ცხადია, „კოვიდ 19“ კვლავ რჩება, თუმცა, ამ ეტაპზე, ისეთი მნიშვნელოვანი ნამდვილად არაა. ჩვენთვის სარწმუნოა ის სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველკვირეულად აახლებს. ამ ბაზებზე დაყრდნობით ვირუსების გავრცელების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას ვიგებთ.
ამ ეტაპზე  აქტუალურია რინოვირუსი, პარაგრიპი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, სხვადასხვა კორონავირუსი.
ამ ინფექციების გავრცელებას ხელს ადამიანების დახურულ სივრცეებში თავშეყრა, ელემენტარული წესების დაუცველობა უწყობს. პრევენცია ელემენტარული ჰიგიენური წესების დაცვას გულისხმობს, რაც ხელების დაბანას, რაიმე ზედაპირებთან შეხების შემთხვევაში დეზინფექტანტით დამუშავებას, ხველის და ცემინების ეტიკეტის დაცვას მოიცავს. თუკი რაიმე რესპირაციული სიმპტომატიკა გვაქვს, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას უნდა მოვერიდოთ, თუ არადა, აუცილებლად ნიღბით ვისარგებლოთ, ერთ-ერთი მთავარი დაცვაა.

პრევენციული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის, რომ სახლის პირობებში ყოფნისას სივრცე, სადაც პაციენტი იმყოფება, ხშირად განიავდეს, რადგანაც დახურული სივრცე ვირუსების გავრცელების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. ზედაპირების, სათამაშოების ხშირად დამუშავება, მუდმივი განიავება ერთგვარად პრევენციულიც იქნება და დაავადების მსუბუქად მიმდინარეობის ხელშემწყობიც. საყურადღებო ჯგუფად ქრონიკული დაავადებების, ან თანდაყოლილი პათოლოგიების მქონე პაციენტები რჩებიან, რომლებთანაც მეტი სიფრთხილეა საჭირო, მათთან უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს გამოჩენილი. როგორც ვიცი, ამ პროცესში ოჯახის ექიმები აქტიურად არიან ჩართულები, მართვა შესაბამისად მიმდინარეობს. თუმცა, სიფრთხილიდან გამომდინარე, ხშირი მიმართვიანობაა, მაგრამ ვფიქრობ, განგაშის და რაიმე განსაკუთრებული მოლოდინების საფუძველი ამ ეტაპზე არ გვაქვს. ეს სეზონის დასაწყისია, გრიპის და ვირუსების გავრცელება დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში გრძელდება და სადღაც მარტისკენ კლებას იწყებს”, – განაცხადა ინფექციონისტმა.

მისივე თქმით, რესპირაციული ვირუსული ინფექციების უმეტესობა ერთმანეთის მსგავსი კლინიკური სურათით ხასიათდება.

რაც შეეხება კლინიკურ სურათს: რესპირაციული ვირუსული ინფექციების უმეტესობა მსგავსი კლინიკური სურათით ხასიათდება. ესაა ცხელება, რომელიც შეიძლება, სუფებრილურიდან მაღალ რიცხვებამდე მერყეობდეს, ამას თან ახლავს თავის, ყელის ტკივილი, შეიძლება, მშრალი ხასიათის ხველება, ცხვირიდან გამონადენი, ძლიერი ზოგადი სისუსტე. რესპირაციული ინფექციების უმეტესობას მსგავსი სიმპტომატიკა აქვს. დაავადების საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობა მკურნალობის თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებულ ჩარევას ნამდვილად არ საჭიროებს. ზოგადი ხასიათის რეკომენდაციებია: სითხეების მიღება, ტკივილგამაყუჩებლის და სიცხის დამწევი საშუალებების მიღება, ასაკის შესაბამისად დოზირება და ჯერადობა მკაცრად უნდა იყოს დაცული. თუ სიმპტომების ინტენსივობა მატულობს, ან ბინის პირობებში მართვა ვერ ხდება, ამ შემთხვევაში სტაციონარებს უნდა მიმართონ. თუმცა, ამ ეტაპზე, საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება და შესაძლებელია, მეთვალყურეობა და მკურნალობა ოჯახის ექიმის რეკომენდაციებით ბინაზე გაგრძელდეს.
მაგრამ, ოჯახის წევრების მხრიდან სიფრთხილე ნამდვილად უნდა იყოს გამოჩენილი. მოწყვლადი ჯგუფია 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებთანაც უფრო რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი პრევალირებს, აქედან გამომდინარე, გართულებაც უფრო ხშირი პნევმონიის თვალსაზრისითაა. ამიტომ, მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ. თუ თავად ბინის პირობებში მართვას ვერ ახერხებენ, ოჯახის ექიმთან აუცილებლად მუდმივი კომუნიკაცია უნდა იქონიონ. საჭიროების შემთხვევაში სტაციონარიზაციაც შესაძლებელი იქნება.
როდესაც მაღალი ცხელება 4-5 დღეზე მეტ ხანს ხანგრძლივდება, სიცხის დამწევ საშუალებებს არ ემორჩილება, თუ სუნთქვა ხმაურიანია, გამოხატული ქოშინია, ამ შემთხვევაში, გარკვეულწილად, სტაციონარიზაციის აუცილებლობა დგება“, – განაცხადა კიწმარიშვილმა.

ინფექციონისტის თქმით, პრევენციული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვაქცინაციის ჩატარებაა. როგორც შორენა კიწმარიშვილმა აღნიშნა, აცრა დაავადების გართულების რისკისგან გვიცავს.

ვაქცინაცია ყოველთვის ვირუსული ინფექციების დაწყებამდე სჯობს, ესაა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე პერიოდი. თუმცა, აცრა ამ პერიოდშიც შესაძლებელია. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ იმუნიტეტის გამომუშავებას, დაცვითი ანტისხეულების დაგროვებას დაახლოებით 2 კვირა მაინც სჭირდება. ვაქცინაცია ნამდვილად უსაფრთხოა და საკმაოდ სერიოზულ დაცვას გვაძლევს. ჩვილი ბავშვების, ქრონიკული პათოლოგიების მქონე პაციენტების, ასაკოვანი მოსახლეობის აცრა აუცილებელია. აცრა გართულებების რისკისგან გვიცავს, თორემ გაციების სიმპტომატიკა, გრიპისმაგვარი ნიშნები შეიძლება, გამოვლენილი იყოს, მაგრამ მძიმედ მიმდინარეობა თავიდან იქნება არიდებული და ჰოსპიტალიზაციის სიხშირესაც აგვაცილებს“, – განაცხადა ინფექციონისტმა.

kvira.ge

იხილეთ ასევე

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოცვა 80%-მდე უნდა იყოს, თბილისში კი მხოლოდ 18%-ია

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში პისიარ ტესტირება ჩაერთვება – ასეთია განახლებული გაიდლაინი, რომელსაც სკრინინგის ეროვნული ცენტრი …