მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ინფექციური კლინიკის ახალი შენობა ევროპის საინვესტიციო ბანკის რესურსით აღიჭურვება

ინფექციური კლინიკის ახალი შენობა ევროპის საინვესტიციო ბანკის რესურსით აღიჭურვება

რამდენიმე თვეში ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში გადავა – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კლინიკის ახალი შენობის დათვალიერებისას განცხადა.

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება 850,0 მლნ ლარით განისაზღვრება, ხოლო ახალი კორონავირუსული დაავადების  – COVID 19-ის მართვისთვის გამოყოფილია 120,0 მლნ ლარი, მათ შორის 55,0 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ გამოყოფილი რესურსის ფარგლებში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის, რაშიც ძირითადად ინფექციური საავადმყოფოს აღჭურვა შედის.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამედიცინო დაწესებულება საკუთარი შენობა-ნაგებობების გარეშე 2009 წელს დარჩა. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია –  თითქმის 6 ჰექტარი მიწა მასზე დამაგრებული 11 შენობა ნაგებობით, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა. ტერიტორია 12 მილიონად გაიყიდა და ის აუქციონის ერთადერთმა მონაწილემ „ავერსი ფარმამ“ იყიდა. ამის შემდეგ გაიცა პირობა, რომ კლინიკას  ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, მანამდე კი ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაცია შენობებში დროებით, იჯარის ხელშეკრულებით დარჩებოდა.
თუმცა პრობლემის მოგვარება გაჭიანურდა.

2020 წელს მთავრობამ ინფექციური კლინიკისთვის ახალი შენობა იყიდა, რომელიც ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს და რომელიც 40 მილიონი ლარის ღირებულებისაა. რემონტი მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რათა პერსონალს მუშაობის სათანადო პირობები ჰქონდეს.

2022 წლის იანვარში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ ლოკაციაზე გადავა.

„მიღებულ იქნა ინფექციური საავადმყოფოს ახალ ლოკაციაზე გადაყვანის და იმ ახალ შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება დაჩქარებულად იქნა მიღებული იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მიცემული გვაქვს პირობა როგორც იმ მოიჯარისთვის, სადაც დღეს არის ინფექციური საავადმყოფო, ასევე, ინფექციური საავადმყოფოს მენეჯმენტისთვის, რომ ჩვენ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ახალ ლოკაციაზე გადავიყვანთ მათ და გვექნება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და უმაღლესი სტანდარტების კლინიკა“, – განაცხადა აზარაშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე „ავერსი“ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ტელემედიცინა და ანალიზების ჩაბარება “დისტანციურად” – რა ცვლილებები მოიტანა პანდემიამ

კოვიდპანდემიამ, უკიდურესად ნეგატიურ შედეგებთან ერთად, დადებითი ტენდენციების განვითარებას და გააქტიურებასაც შეუწყო ხელი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ტელემედიცინის განვითარება. საქართველოს …