მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » Inn Group-ის დირექტორი: სწორი იქნებოდა, აცრილი პირებისთვის შეზღუდვები მოიხსნას

Inn Group-ის დირექტორი: სწორი იქნებოდა, აცრილი პირებისთვის შეზღუდვები მოიხსნას

Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი  ერეკლე კოკაია jandacva.ge-სთან საქართველოში COVID -19-ის პასპორტის მობილური აპლიკაციის შესაძლო ამოქმედებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ინიციატივა კარგია და მისი იმ ფორმით განხორციელება,როგორც დაანონსებულია, ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკის აღდგენას.

„კერძო სექტორმა Covid-19-ის პასპორტის ინიციატივა რამდენიმე თვის წინ წარმოადგინა. იმისთვის, რომ ინდუსტრიას რაიმე ფორმით შეღავათი ჰქონდეს და ამოისუნთქოს, აუცილებელია შეზღუდვები რაღაცით შემსუბუქდეს, თუნდაც, მცირედით მაინც. განსაკუთრებით, სწორი იქნებოდა შეზღუდვების მოხსნა გავრცელებულიყო იმ ადამიანებზე, ვინც უკვე აიცრა. ეს უნდა ვრცელდებოდეს როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ისე უცხოელებზე. ეს ეკონომიკასაც შეუწყობს ხელს და ტურიზმის აღდგენასაც,“-აცხადებს კოკაია.

მისი ინფორმაციით, ამჟამად ჯგუფში შემავალი ყველა სასტუმრო მუშაობს, თუმცა, ნაკლები აქტივობით. განსაკუთრებით დაბალია დაკავებულობა თბილისში და ის 5-6%-ს ვერ სცდება. 200 ნომრიდან მხოლოდ 10-ია დატვირთული.

„ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას, დაკავებულობა მაღალი არ არის, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში შემოვლენ უცხოელი ტურისტები  ტურიზმიც აღდგება“-აცხადებს კოკაია.

შეგახსენებთ, უახლოეს პერიოდში საქართველოში COVID -19-ის პასპორტის მობილური აპლიკაცია ამოქმედდება.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განმარტებით, აპლიკაცია საქართველოში უახლოეს მომავალში ჩაეშვება და, გარდა მოგზაურობისა, მას შესაძლოა, კაფე-რესტორნებში „საშვის“ ფუნქციაც ჰქონდეს. ჩხაიძის ინფორმაციით, განიხილება ვერსია, რომ ორჯერადი აცრის ცნობით შესაძლებელი გახდეს, მაგალითად შაბათ-კვირას რესტორნებისა და კლუბების შიდა სივრცეებში შესვლა.

 

სოფო ქსოვრელი

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება, რომ „ინდური შტამი“ ქვეყანაში დომინანტი გახდება

ქვეყნის მასშტაბით  „დელტა“, იგივე ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელი ინფიცირებულთა 8%-ს შეადგენს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა …