მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ირინე გორგიშელი: ბაზარზე ჯენერიკების დიდი არჩევანი უნდა იყოს
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას გეგმავს. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, პედიატრი ირინე გორგიშელი საუბრობს

ირინე გორგიშელი: ბაზარზე ჯენერიკების დიდი არჩევანი უნდა იყოს

მედიკამენტების ფასების რეგულირების მიზნით, ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება იგეგმება. უკვე გამოჩნდა ახალი ფარმაცევტული კომპანია “ჰუმანითი ჯორჯია”, რომელიც ჯენერიკებს ძირითადად, ინდოეთიდან შემოიტანს.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთი ფარმაცევტული საწარმოების კუთხით, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. ამ ფონზე ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს, და ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე სპეციალური კანონპროექტიც წარადგინა.

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, პედიატრი ირინე გორგიშელი საუბრობს:

“მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება აუცილებელია, რადგან ბაზარზე უამრავი მედიკამენტია ერთი და იგივე ფორმულით და სხვადასხვა დასახელებით. შესაბამისად, ყველა მედიკამენტს ვერ ვენდობით. ამის შემოწმების საშუალებაც არ არის. ამიტომ იძულებულნი ვართ გამოვწეროთ ბრენდი, რომელიც ძვირია და ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი.

ვფიქრობ, ბაზარზე უნდა იყოს დიდი არჩევანი ჯენერიკებისა, მაგრამ მათ მიმართ ნდობა გამყარებული უნდა იყოს ხარისხით და მასზე კონტროლით.  მოსახლეობაში შემოსავალმა იკლო, ეკონომიკური მდგომარება არ არის სტაბილური. ექიმებს საშუალება უნდა გვქონდეს, გამოვწეროთ ჯენერიკ პრეპარატები, რომლებიც ბრენდზე გაცილებით იაფია. რაც მთავარია, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ მის ხარისხსში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ გავრისკავთ.

ხშირად ექიმი იზღვევს ხოლმე თავს და ბრენდ მედიკამენტს უწერს პაციენტს, რომ მას ჰქონდეს შედეგი. თუმცა ამას მოჰყვება ის, რომ პაციენტმა შეიძლება ვერ შეიძინოს აღნიშნული პრეპარატი. სწორედ, ამ წინააღმდეგობების გამო საჭირო და აუცილებელია მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება.

ხარისხის კონტროლის გამკაცრება გამოიწვევს ბაზარზე არსებული პრეპარატების და მათ შორის ჯენერიკების მიმართ სანდოობას. ზოგადად, ძალიან დიდ როლს თამაშობს პაციენტის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა. ამიტომ, თუ ექიმი მას შესთავაზებს ჯენერიკ პრეპარატს, რომლის ნდობა თავად მასაც ექნება, აუცილებლად გაიზრდება ამ პრეპარატების მოხმარება.

რაც მეტი ჯენერიკი პრეპარატი იარსებებს ბაზარზე, მით მეტი იქნება კონკურენცია, ეს აისახება ფასებზე და პაციენტებსაც შეღავათი ექნებათ. ამიტომ, მხოლოდ მივესალმებით ბაზარზე ახალი კომპანია “ჰუმანითი ჯორჯიას” შემოსვლას. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი თუ ინდურ მეტიკამენტებს შემოიტანენ ბაზარზე. ინდოეთშიც არის კარგი და ცუდი, საფრანგეთშიც და ბრაზილიაშიც. ამიტომ, მათ მიერ შემოტანილ პრეპარატებს ექნება შესაბამისი ხარისხი და ამის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი, რატომ არ უნდა ვიმუშაოთ ამ მედიკამენტებით?”.

ibusiness.ge

იხილეთ ასევე

ფარმაცევტული კომპანიებისთვის რეგულაციები არ გადავადდება – ჯანდაცვის მინისტრი ბიზნესს მხარდაჭერას პირდება

“ხელს შეგიწყობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯებით და რაც შეიძლება უსაფრთხოდ გადავიდეთ GMP სტანდარტზე”, – …