მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ივანე ჩხაიძე: ივლისში იაშვილის კლინიკაში გრიპით ორი ბავშვი იწვა, რაც არასდროს მომხდარა  

ივანე ჩხაიძე: ივლისში იაშვილის კლინიკაში გრიპით ორი ბავშვი იწვა, რაც არასდროს მომხდარა  

წელს გრიპის გავრცელების კუთხით განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან შემთხვევების რაოდენობამ შესაძლოა, პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბოს.

ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძრვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა და ეს იმით ახსნა, რომ პანდემიის პერიოდში გრიპის შემთხვევები თითქმის არ იყო და შესაბამისად, იმუნური ფენა ქვეყანაში არ არსებობს.

„წელს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან კორონავირუსის პანდემიის 3 წელი გამოირჩეოდა გრიპის შემთხვევების მინიმალური რაოდენობით. ის ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომლებსაც საქართველო და მთელი მსოფლიო აწარმოებდა კორონავირუსის წინააღმდეგ – ნიღბის ტარება, იზოლაცია, ხელების ჰიგიენა და ა.შ.  – ეფექტური იყო გრიპის წინააღმდეგაც. ამიტომ ბოლო ორ სეზონში ინფიცირების შემთხვევები იყო მინიმალური. ეს გვაძლევს შესაძლებლობას განვსაზღვროთ, რომ წლევანდელი წელი იქნება ისეთივე ან უფრო აქტიური, ვიდრე იყო პანდემიამდე. იქნება გრიპის უფრო მეტი შემთხვევები, ამიტომ მზაობა ამ მხრივ მაქსიმალური უნდა იყოს,“- განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, წელს ქვეყანაში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების პიკი იყო არა იანვარი-თებერვალი, არამედ მაისი. მაისსა და ივნისში შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა. ზაფხულში გრიპის დაფიქსირება კი, ჩხაიძის თქმით, არის სრულიად გამორჩეული შემთხვევა და მის უკან სწორედ კოვიდ-პანდემია დგას.

ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, იაშვილის კლინიკაში ივლისში გრიპით ორი ბავშვი იწვა, ასეთი რამ კი მანამდე არასოდეს მომხდარა. ამიტომ წელს, მისი ვარაუდით, სეზონური ვირუსების გავრცელების ორი პიკი გვექნება – ზაფხულსა და ზამთარში.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბრიდან ქვეყანაში გრიპის ვაქცინაცია დაიწყო. აცრის უფასოდ გაკეთება რისკ-ჯგუფებში შემავალ ადამიანებს შეუძლიათ, სხვა ნებისმიერ მსურველს კი ფასიანი აცრის გაკეთების შესაძლებლობა აქვს.

იხილეთ ასევე

საქართველოში აივ-ინფიცირების 552 ახალი შემთხვევა დადასტურდა

2022 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9714 აივ …