მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „ჯანდაცვის ბიუჯეტი მოქალაქეების საჭიროებებს უნდა მოხმარდეს და არა რომელიმე ინდუსტრიის, მაგალითად სადაზღვევო ინდუსტრიის აღორძინებას“ – ინტერვიუ დავით სერგეენკოსთან

„ჯანდაცვის ბიუჯეტი მოქალაქეების საჭიროებებს უნდა მოხმარდეს და არა რომელიმე ინდუსტრიის, მაგალითად სადაზღვევო ინდუსტრიის აღორძინებას“ – ინტერვიუ დავით სერგეენკოსთან

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრთან, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ დავით სერგეენკოსთან

– ბოლო პერიოდში სადაზღვევო ინდუსტრიამ და ექსპერტების ნაწილმა გაააქტიურეს საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მოთხოვნა. მათი ინიციატივაა ერთიანი მინიმალური, სავალდებულო, სტანდარტიზებული პაკეტის შემოღება ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მათი შემოსავლებისა და სოციალური სტატუსისა, „დაშენების“ ანუ დამატებითი პაკეტის შეძენის შეუზღუდავი უფლებით. რას ფიქრობთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესაძლო რეფორმირებაზე და კონკრეტულად ამ ინიციატივაზე?

– კითხვაზე პასუხს შორიდან დავიწყებ: 2013 წლამდე, ვიდრე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდებოდა, სახელმწიფო ბიუჯეტი ეხმარებოდა მხოლოდ ე.წ. მიზნობრივ ჯგუფებს – სოციალურად დაუცველებს, 5 წლამდე ბავშვებს, სტუდენტებს,  პედაგოგებსა და ასაკით პენსიონერებს. ამ პროგრამების ადმინისტრირებას კი სადაზღვევო კომპანიები ახორციელებდნენ, ანუ გამოიყენებოდა მოდელი TPA – მესამე მხარის ადმინისტრირება. შედეგად, 2013 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვა დავიწყეთ, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი სარგებლობდა მესამე პირის ადმინისტრირებით მართული მიზნობრივი პროგრამებით. მეორე ნახევრის მართვაში კი შევედით ჩვენ, სახელმწიფო. ამასთან, სადაზღვევო ინდუსტრიას შევთავაზეთ, დაკვირვებისთვის აგვეღო ერთწლიანი პერიოდი და რომელი მხარის მართვაც უფრო ხარჯთეფექტური აღმოჩნდებოდა, მთლიანად მას გაეგრძელებინა პროგრამის ადმინისტრირება. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფომ უფრო ხარჯთეფექტურად მართა, რაც იმ პერიოდში მოსალოდნელიც იყო. ახლა მეორე პუნქტი: ამ ცვლილებების შედეგად სადაზღვევო კომპანიები აღმოჩნდნენ მხოლოდ კორპორატიული დაზღვევების „ამარა“. ისინი აღარ მართავდნენ და შესაბამისად, მოგებაც აღარ ჰქონდათ სახელმწიფო პროგრამებიდან, რაც მათთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა. ახლა მესამე პუნქტი: 2017 წლის მდგომარეობით, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კიდევ ერთი დაზუსტება შევიტანეთ და მოხდა პაკეტების დიფერენცირება ბენეფიციარების შემოსავლების მიხედვით, დადგა ასეთი პარიტეტი: დაახლოებით მილიონ 200 ათასი ადამიანი სარგებლობდა როგორც საყოველთაო ჯანდაცვით – თუმცა ცოტა შემცირებული პაკეტით – ასევე იმ ზედნაშენის შეძენის უფლებით, რასაც ახლა ითხოვენ სადაზღვევო კომპანიები. თუმცა სადაზღვევო კომპანიებისთვის ეს არ აღმოჩნდა კარგი, რადგან, როგორც ისინი ასაბუთებდნენ, როდესაც დაშენება არის არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი, ეს ნიშნავს ანტისელექციას, ანუ ამას ყიდულობს ის, ვინც ავად არის და ეს ინდუსტრიას ხარჯებს უზრდის. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას: დღეს საქართველოში დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს აქვს კერძო დაზღვევა, დანარჩენი მოსახლეობა კი არის საყოველთაოს მონაწილე.

საყოველთაო ჯანდაცვაში პაკეტების მოცვა, რასაც სახელმწიფო აფინანსებს, არ არის თანაბარი, არამედ არის საჭიროებებზე მიმართული. მაგალითად, ასაკით პენსიონრების პაკეტი უფრო დიდია და პირიქით –  საშუალო ასაკის ადამიანებისთვის პაკეტი უფრო მცირეა. სადაზღვევო ინდუსტრიის თქვენს მიერ მოყვანილი ინიციატივს არსი არის შემდეგი: საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს საკმაოდ დიდ მოცულობას, მოიცავს 3 მილიონ 200 ათას ადამიანს და მასშტაბები რომ წარმოიდგინოთ, წელიწადში ფიქსირდება 13 მილიონი ვიზიტი ექიმთან, აქედან უდიდესი წილი არის ამბულატორიული ვიზიტები და 3 მილიონამდე ჰოსპიტალიზაცია. სწორედ აქ მივადექით იმ პარადიგმას, რაზეც სადაზღვევო კომპანიები აქცენტს აკეთებენ – რომ საყოველთაო ჯანდაცვა ყველაფერს ვერ ფარავს –  და რა თქმა უნდა ყველაფერს ვერ ფარავს, ისევე როგორც ვერცერთი ქვეყნის საყოველთაო პროგრამა ვერ ფარავს ყველაფერს. სექტორი კი გვეუბნება: ეს რომ მძიმე ტვირთად არ დააწვეს მოსახლეობას, მოდით დაავალდებულეთ ისინი, რომ ყველამ აიღოს კერძო სადაზღვევო პაკეტი და რასაც სახელმწიფო ვერ ფარავს, ჩვენ დავფარავთ. ესაა მათი ინიციატივის თუ მოთხოვნის დედააზრი.

– თქვენი შეფასებით, ეს ინიციატივა არაა რეალური გამოსავალი და მხოლოდ სადაზღვევო სექტორის კომერციულ მიზნებს ემსახურება?

არა, ასე არ არის. სხვადასხვა ქვეყანას აქვს მსგავსი მოდელები. მაგალითად ესტონეთში არის სავალდებულო შენატანი, ანუ ყველა დასაქმებული იხდის შემოსავლის გარკვეულ პროცენტს ჯანდაცვისთვის და იხდის არა მხოლოდ საკუთარი ჯანდაცვისთვის, არამედ ბავშვებისთვის, იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც შემოსავალი არ აქვთ და ასაკით პენსიონრებისთვის. ასევე იხდიან მათი დამსაქმებლები. ჯამში ეს გამოდის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, თუმცა ამ თანხას სახელმწიფო ინსტიტუცია მართავს. რამდენად გამოვა ეს საქართველოში, არ ვიცი, რადგან, სადაზღვევო ინდუსტრიის მიერ შემოთავაზებული მოდელით სახელმწიფომ უნდა დაავალდებულოს ყველა მოქალაქე, ჯიბიდან ამოიღოს თანხა და თეორიული მინიმუმით ეს იქნება დაახლოებით 30 ლარი. ანუ 3 მილიონზე მეტ ადამიანს სახელმწიფომ უნდა უთხრას, რომ ყოველთვე ეს თანხა უნდა გადაიხადონ. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებმა დამატებით უნდა გადაიხადონ წელიწადში მილიარდზე მეტი და ამით სადაზღვევო ინდუსტრია მოუგვარებს იმ პრობლემებს, რასაც ვერ უგვარებს საყოველთაო ჯანდაცვა.

–  სადაზღვევო ინდუსტრიის და ასევე ექსპერტების ნაწილის პოზიციით, შეიძლება ისეთი სქემის ამოქმედება, როდესაც დაუცველ ფენებს „უნივერსალურ“ პაკეტს სახელმწიფო შეუძენს, დასაქმებულების შემთხვევაში კი სადაზღვევო პრემიის ნაწილს დამსაქმებელი გადაიხდის ან გარკვეული საგადასახადო შეღავათებით დააბალანსებს პრემიის ოდენობას. როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე საჭიროა მუშაობის დაყება ამ ვარიანტზე ან საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის რომელიმე სხვა მოდელზე?

– მთავარი ეს არ არის. სადაზღვევო სექტორის ინიციატივაში მთავარია, სახელმწიფო წავიდეს იმაზე, რომ ეს პაკეტი მანდატორული გახადოს ყველასთვის და ამის შემდეგ დაიწყოს საუბარი, დაფინანსების როგორ მოდელს გავაჩენთ. სწორედ ეს თანმიმდევრულობაა მათ ინიციატივაში არასწორი. ჯანდაცვის დაფინანსების ბევრი მოდელიდან ასეთი მოდელი არის რამდენიმე ქვეყანაში. როგორც აღვნიშნე, ერთერთი ყველაზე კარგი მაგალითი არის ესტონეთი, როდესაც მოხდა საზოგადოებრივი შეთანხმება – Public agreement, ასეთ მოდელზე: ვინც მუშაობს, ისინი გადაიხდიდნენ 3%-ს მათი და მათი ახლობლების ჯანდაცვისთვის, დამსაქმებლები კი შეთანხმდნენ, რომ თავიანთი დასაქმებულებისთვის 3%-ს გადაიხდიდნენ. ეს მოდელი არსებობს, მაგრამ ეს კავშირში არაა დაზღვევის სავალდებულოობასთან. ეს სხვადასხვა რამაა. ამის დაკავშირება შესაძლებელია, მაგრამ არ ვიცი რამდენად ოპტიმალურია ჩვენი სიტუაციისთვის, რადგან ეს იგივეა, შენს მოქალაქეებს წელიწადში დამატებით მილიარდი ლარზე მეტის გადახდა დაავალდებულო.

– სადაზღვევო სექტორისა და ექსპეტების ნაწილის პოზიცია ასეთია: ჯანდაცვის კუთხით, არ შეიძლება ადამიანების დაყოფა მათი სოციალური სტატუსით და ამიტომ ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი საბაზისო, სავალდებულო პაკეტი, რომელსაც მოწყვლად ჯგუფებს სახელმწიფო დაუფინანსებს და ამასთან, შეუზღუდავი იქნება დაშენების შეძენის უფლება. ამ პრინციპზე რა აზრის ხართ და როგორია პირადად თქვენი წარმოდგენით ხედვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საუკეთესო მოდელი საქართველოსთვის?

– ერთის მხრივ მოხარული ვარ, რომ მივიდნენ იმ აზრამდე, რომ არ შეიძლება ადამიანების დაყოფა და სეგრეგაცია, რადგან, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ვიწყებდით, ექსპერტებისგან ვისმენდი კრიტიკას, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მხოლოდ ღარიბებზე და გაჭირვებულებზე და დანარჩენებმა თავიანთ თავს თავად მიხედონ. ახლა შეიცვალეს ეს ხედვა, რისი მოხარულიც ვარ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, როგორია ჩემ წარმოდგენაში ოპტიმალური მოდელი, ესაა ესტონური მოდელი, რომელზეც ჩვენ 2012 წლიდანვე ვმუშაობდით. თუმცა ამას, პირველ რიგში, სჭირდება ის, რაც ესტონეთში გააკეთეს: მოხდა საზოგადოებრივი შეთანხმება, რაზეც არის ფორმალური და კონსტიტუციასთან გათანაბრებული შეთანხმება. დანარჩენი ტექნიკური საკითხია და ამის შესრულება რთული არ არის. რაც შეეხება სადაზღვევო ინდუსტრიის ინიციატივას სავალდებულო უნივერსალური პაკეტის შემოღების შესახებ, შემიძლია გითხრათ შემდეგი რამ: თუკი მოლაპარაკება – „ნეგოციაცია“ გაგრძელდება ე.წ. ომეგა მოდელით, რაც ნიშნავს შემდეგს: „თქვენ არ იცით, რა ცუდად აკეთებთ რაღაცას, ახლა მოდით ჩვენ გასწავლით და გააკეთეთ ისე, როგორც ჩვენ გეტყვით“ – არაფერი არ გამოვა. ესაა ცუდი ვარიანტი. კარგი ვარიანტია, თუ სადაზღვევო კომპანიები დაარწმუნებენ მთავრობას და პირველ რიგში საზოგადოებას, რომ მათ შეუძლიათ ეფექტიანად მართონ სადაზღვევო შენატანები. ამ შემთხვევაში პერსპექტივა შესაძლოა, პოზიტიური იყოს. ურთიერთობის წარმატების საფუძველი კომუნიკაციაში არის სწორედ „ალფა“ და არა „ომეგა“ მიდგომა, რომლითაც ისინი აქამდე ახდენენ კომუნიკაციას.

– ესტონეთის მაგალითზე საუბრისას საზოგადოებრივი შეთანხმება ახსენეთ. სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმაც თქვა, რომ შეთანხმება ამ საკითხზე უნდა მოხდეს არა მხოლოდ მთავრობასა და სადაზღვევოებს შორის, არამედ უფრო ფართოდ, საზოგადოების ყველა ფენას შორის. თქვენი აზრით, ეს პროცესი უკვე უნდა დაიწყოს თუ ამისთვის ნიადაგი და დრო ჯერ არ არის შესაბამისი?

– შევეცდები ეს შემდეგი ფორმულით განვმარტო: დანახარჯები, რასაც დღეს სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები ჯანდაცვაზე სწევს, შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. პირველი არის ჰოსპიტალური ხარჯები, ანუ ჯანდაცვის სერვისების ანაზღაურება, რაც სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციებს დაახლოებით თანაბარი აქვთ. სახელმწიფოს შემთხვევაში ამას ემატება ადმინისტრაციული ხარჯები, რაც ახლა დაახლოებით 1%-ია. კერძო სექტორის შემთხვევაში კი ამას ემატება მარკეტინგული ხარჯები, აკვიზიციის, მოპოვების ხარჯები, მოგება და ადმინისტრაციული ხარჯები. აკვიზიციის და მარკეტინგის ხარჯები სადაზღვევო ინდუსტრიის ბუნებაში იმთავითვე ჩადებულია, რათა მათ შეძლონ პოტენციური მოსარგებლეების დარწმუნება იმაში, რომ მათი შენატანი იქნება ეფექტიანად და ოპტიმალურად მოვლილი და მართული. ასე რომ რაიმე სიახლე და ნოუჰაუ  ამ მხრივ მე უბრალოდ არ ვიცი. უბრალოდ, მათ ეს უფრო აქტიურად უნდა შეასრულონ, „ომეგათი“ კი არ წაიყვანონ დიალოგი და სახელმწიფოს კი არ უთხრან, შენ არ იცი რას აკეთებ და ჩვენ გასწავლითო, არამედ გააკეთონ თავისი საქმე. ეს არის ამ „სადუმლოს“ გასაღები.

– სადაზღვევო სექტორი კი ფიქრობს, რომ ეს გასაღები სავალდებულო დაზღვევის განვითარებაა.

– დიდი ბოდიში, მაგრამ სადაზღვევო ინდუსტრიას შევახსენებ, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტის დედააზრი არის ის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად მოხმარდეს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობის საჭირობებს და არა რომელიმე ინდუსტრიის, მაგალითად სადაზღვევო ინდუსტრიის აღორძინებას.

– რაც შეეხება უშუალოდ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებს, მუდმივად გვესმის მოთხოვნა, რომ ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის დაფინანსება არაა საკმარისი და ჯიბიდან გადახდები ისევ ძალიან მაღალი და კატასტროფულია. მაგალითისთვის ავიღოთ ონკოლოგია და კარდიოქირურგია, რომლის მკურნალობაზე სახელმწიფო დიდ თანხებს გამოყოფს, თუმცა, როგორც პაციენტები ამბობენ, ეს მაინც არასაკმარისია და ისინი მთელი რიგი სერვისების მიღმა რჩებიან. შეძლებს სახელმწიფო ამ ტვირთის „ზიდვას“?

– კატასტროფული დანახარჯები ნიშნავს, როდესაც ადამიანს ან ოჯახს დაუგეგმავად დაუდგება ისეთი საჭიროება, რომელიც მოითხოვს მისი წლიური შემოსავლის 25%-ზე მეტის დახარჯვას. საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების ლოგიკაში თავიდანვე ჩაიდო პრინციპი, რომ თუ ეს არის პოტენციურად ძვირი სერვისები – მაგალითად ონკოლოგია, კარდიოქირურგია, იქ ლიმიტები უფრო მაღალია და დაფინანსებაც უფრო დიდია. ასე რომ, საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედებამდე კატასტროფული დანახარჯები ადამიანს შესაძლოა დადგომოდა ტრამვის დროს – მაგალითად ავარიაში ხელის მოტეხვა მისთვის უკვე კატასტროფული დანახარჯი იყო, და არა მაინცდამაინც რთული კომპლექსური მკურნალობა. თქვენს კითხვაზე პასუხად ასეთ სტატისტიკას მოვიყვან: სამი წლის წინ, როდესაც ჩვენ ვიკვლევდით ქვეყნიდან გასულ და შემოსულ პაციენტთა ნაკადებს, სტატისტიკით გაირკვა, რომ საქართველოში სამედიცინო სერვისებისთვის წელიწადში 10 ათასი ადამიანი შემოდიოდა და მათ უმრავლესობას მოთხოვნა ჰქონდა კარდიოლოგია-კარდიოქირურგიასა და რადიოლოგიურ დიაგნოსტიკაზე. ხოლო გადიოდა 500 ადამიანი და ამ შემთხვევების 90% იყო ონკოლოგია. ასე რომ ონკოლოგია არის დარგი, რომელსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა სჭირდება როგორც ორგანიზაციული, ისე ფინანსური კუთხით.

– გამოსავალი ისევ სახელმწიფო თანხების ზრდაა?

– ბოლო წლებში ტრენდულია, რომ ჯანდაცვაში ბევრი ფული იხარჯება და მაინც რაღაცა გვაკლია. ძალიან ბევრი ადამიანი, სამწუხაროდ, ვერ ანსხვავებს სამინისტროს ბიუჯეტს და იმას, რომ მისი უდიდესი ნაწილი სოციალური ხარჯებია – პენსიები და სოციალური გასაცემლები. ამიტომ სამინისტროს ბიუჯეტს უყურებენ, როგორც ჯანდაცვის ბიუჯეტს. რეალური ვითარება კი შემდეგია: ყველა ქვეყნის ჯანდაცვის ხარჯები იზომება მთლიანი შიდა პროდუქტიდან პროცენტის მიხედვით. ახლა საქართველო ჯანდაცვაზე მშპ-ს 3%-ს ხარჯავს. 2012 წლამდე, საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედებამდე, ხარჯავდა 1%-ს. რომ შევადაროთ, 1%-ს ხარჯავენ ავღანეთი, ცენტრალური აფრიკა და მსგავსი ქვეყნები. 3%-ს ხარჯავენ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები, აღმოსავლეთ ევროპა ხარჯავს 5%-ს, დასავლეთ ევროპა 8-12%-ს, ხოლო ამერიკა 17%-ს. ასე რომ, გამოსავალი ისაა, რომ სტაბილური ჯანდაცვა იწყება მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-დან. ჩვენ ბოლო წლებში გავასამმაგეთ, მაგრამ ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ 3%. გამოსავალი არის უკეთეს ორგანიზაციასა და მეტ დაფინანსებაში.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

„დიარჯის“ სისტემაში ცვლილებები იგეგმება

თვის ბოლოს მომზადდება პაკეტი, რომელშიც გაერთიანდება „დიარჯის“ სისტემაში საჭირო ცვლილებების ჩამონათვალი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის …