მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება
ჯანდაცვის

ჯანდაცვის სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება

ჯანდაცვის სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” განუცხადა , სადაც საქართველოს ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების თაობაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც სერგეენკომ განმარტა, აღნიშნულს სწორედ კვლევის შედეგებიც ადასტურებს.

“ჩვენ დღეს გვქონდა იმის შესაძლებობა, რომ მოგვესმინა ჯანდაცვის დარგში მსოფლიოში, ალბათ, ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასება. დასკვნა არის ცალსახა, რომ ჯანდაცვის სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება.

ამ მოკლე პერიოდში – ორი წლის განმავლობაში მოხერხდა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა, ფაქტობრივად, გაორმაგდა მოსახლეობის წვდომა სამედიცინო სერვისებზე, ამის პარალელურად კი შემცირდა თვითმკურნალობა და მისით გამოწვეული რისკები, ეს სწორედ რეცეპტების ინსტიტუტის აღდგენის დამსახურებაა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე განმარტებით, კვლევის ფარგლებში აღნიშნული ორგანიზაციები ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე ხარვეზთან დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციებითაც მიმართავენ, რასაც უწყება გაითვალისწინებს.

“რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები ჩვენთვისაც ცნობილი იყო, თუმცა კვლევამ უფრო პროფესიონალურად წარმოადგინა კონკრეტული მიმართულებები და მოგვცა ახალი შესაძლებლობები, რომ უკვე ვიზრუნოთ ამ მიმართულებების გაძლიერებაზე”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო და რჩება ჯანდაცვა და კერძოდ, მისი ერთ-ერთი ყოვლისმომცველი პროექტი – საყოველთაო ჯანდაცვა.

“2012 წლის ბოლოს, როცა ამ პროექტს ვიწყებდით უდიდესი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, მსოფლიო ბანკმა და USAID-მა, რომელთა ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს  თანამშრომლებთან ერთად უძილო ღამეებს ატარებდნენ იმისთვის, რომ ასეთ მოკლე დროში აგვემუშავებინა ისეთი ამბიციური პროექტი, რომელიც მრავალი ქვეყნისთვის, მათ შორის ჩვენზე უფრო მძლავრი ეკონომიკის ქვეყნისთვისაც მიუწვდომელია დღესაც.

ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი იყო და რჩება ჯანდაცვა და მისი ერთ-ერთი ყოვლისმომცველი პროექტი – საყოველთაო ჯანდაცვა”, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება უშუალოდ კვლევას, მისი ძირითადი შედეგების მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ 2014 წლისთვის საქართველოში მოსახლეობის 99,9% მოიცვა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2010 წელს 29,5%-ს შეადგენდა. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეთა ნახევარზე მეტი – 51,4% მანამდე დაზღვეული არ ყოფილა.

გარდა ამისა, ანგარიშის ავტორების შეფასებით, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ უზრუნველყო ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, კერძოდ 2010 წელთან შედარებით 2014 წელს ავადმყოფობის გამო მოსახლეობა უფრო ხშირად აკითხავს ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელს და შემცირებულია თვითმკურნალობაზე გაწეული ხარჯები.

ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის შეფასებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ შეამცირა სერვისებზე ფინანსური ბარიერები, განსაკუთრებით ამბულატორიულ ვიზიტებზე და ჰოსპიტალურ სერვისებზე – 2010 წელი – 17%, 2014 წელი – 10%.

ამასთან, კვლევის თანახმად, ასევე გაიზარდა მედიკამენტებსა და ლაბორატორიულ გამოკვლევებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, განახევრდა იმ პაციენტების წილი, რომლებიც ექიმებთან ვიზიტის დროს მოელოდნენ კონსულტაციის ღირებულების გადახდას და შემცირდა 73,7%-დან 35,6%-მდე 2014 წელს 2010 წელთან შედარებით.

ასევე კვლევის ავტორების გამარტებით, ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგად გაიზარდა სერვისებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით კი სოფლად. გარდა ამისა, მათივე აზრით, სამედიცინო მომსახურებაზე უნივერსალურმა ხელმისაწვდომობამ მნიშვნელოვნად შეამცირა ჯიბიდან დანახარჯები და გაზარდა ფინანსური დაცულობა.

ასევე, როგორც ისინი მიიჩნევენ, მოსახლეობა კარგად არის ინფორმირებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ (მოსახლოების 74% ინფორმირებულია) და გაუმჯობესდა ჯანდაცვის სისტემის მიმართ მომხმარებელთა გამოცდილება.

ინტერპრესნიუსი

იხილეთ ასევე

მელანომის დიაგნოზის მქონე 110 პაციენტი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს

მძიმე დაავადების მქონე 110 პაციენტი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.  მელანომის დიაგნოზის მქონე პაციენტებმა  პეტიცია შეიმუშავეს, რათა …