მთავარი » დაზღვევა » ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა – როგორ მიიღებს მოსახლეობა ახალი ვალდებულების დაკისრებას

ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა – როგორ მიიღებს მოსახლეობა ახალი ვალდებულების დაკისრებას

დაზღვევის სფეროს წარმომადგენლები სახელმწიფოს ქვეყანაში სავალდებულო დაზღვევის პროდუქტების ამოქმედებისკენ მოუწოდებენ. სექტორის პოზიციაა, რომ ეს მიმართულება საქართველოში არაა განვითარებული და სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება, რათა მოქალაქეების ინტერესზე მორგებული, რეალისტურად დატარიფებული პაკეტები ამოქმედდეს.

როგორც jandacva.ge-ს დაზღვევის ექსპერტმა გიორგი ჩაჩუამ განუცხადა, სახელმწიფომ უნდა იფიქროს ჯანმრთელობის სავალდებულო, საბაზისო პაკეტის ამოქმედებაზე დასაქმებულებისთვის. კერძოდ, მისი თქმით, დაანგარიშებულ უნდა იქნეს საბაზისო პაკეტის ღირებულება, დამსაქმებლებს კი სხვადასხვა, მათზე მორგებული ფორმა შეეთავაზოთ – მაგალითად ჩაჩუას თანაგადახდის ის მექანიზმი მოჰყავს, რაც საპენსიო სქემის შემთხვევაში მოქმედებს – იხდის როგორც დამსაქმებელი, ისე სახელმწიფო და დასაქმებული.

„მნიშვნელოვანია, ეს რეფორმა ბიზნესის გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით დაიგეგმოს და მან არ დააზარალოს დამსაქმებლები. როცა მომხმარებელი ბევრი იქნება, პაკეტის ღირებულებაც შემცირდება. დამსაქმებლებს უნდა ავუხსნათ, რა სიკეთეებთანაა დაკავშირებული ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება – რომ ესაა მათი თანამშრომლების სოციალური დაცვა, რომ ინდივიდუალურ პაკეტებთან შედარებით ეს პროდუქტი ბევრად უკეთესია. ასეთი პაკეტის ამოქმედების მცდელობა წინა წლებში რამდენჯერმე იყო, თუმცა ვერ განხორციელდა. მნიშვნელოვანია ასევე საინფორმაციო კამპანიის ჩატარება და ამ იდეის მოსახლეობამდე სწორად მიტანა, რადგან, ცხადია, დამატებითი ვალდებულების დაკისრება ადამიანებს არ სიამოვნებთ, თუმცა მათ უნდა აეხსნათ, რომ ესაა მათი დაცვა სხვადასხვა შემთხვევაში,“ – განმარტა გიორგი ჩაჩუამ.

მისი თქმით, მინიმალური სავალდებულო პაკეტის შემოღება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას სოლიდურ თანხებს გამოუთავისუფლებს, რომლებსაც სახელმწიფო ყველაზე მოწყვლად ადამიანებს – პენსიონრებს, სხვადასხვა იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებს მოახმარს, რომლებსაც უკეთეს დაზღვევას შესთავაზებს.

 

იხილეთ ასევე

ქვეყანაში ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება იგეგმება

საქართველოში სამედიცინო შეცდომასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევის ამოქმედება იგეგმება. ამ საკითხზე  მსოფლიო ბანკი მუშაობს საბოლოო ანგარიშზე, …