მთავარი » ჯანდაცვა » ხვალიდან სილამაზის და ტატუ სალონების მონიტორინგი იწყება
რას შეამოწმებენ მონიტორინგის ჯგუფის წევრები, იქნება თუ არა სანქციები დარღვევებზე და რა გამოწვევების წინაშე დგანან სილამაზის და ტატუ სალონები?

ხვალიდან სილამაზის და ტატუ სალონების მონიტორინგი იწყება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხვალიდან სილამაზის და ტატუ სალონების მონიტორინგს იწყებს.

ჯანდაცვის სამსახურები, რომლებიც ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს, ესთეტიკური და კოსმეტოლოგიური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციებისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას შეამოწმებენ.

რას შეამოწმებენ მონიტორინგის ჯგუფის წევრები, იქნება თუ არა სანქციები დარღვევებზე და რა გამოწვევების წინაშე დგანან სილამაზის და ტატუ სალონები? 

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი აცხადებს, რომ შემოწმდება სხვადასხვა ესთეტიკური და კოსმეტოლოგიური პროცედურა, როგორიცაა თმის მოვლა-პარსვა, პირსინგი, ტატუ, მანიკიური, პედიკიური. მონიტორები შეაფასებენ, სუფთავდება თუ არა სათანადოდ ზედაპირები, ხორციელდება თუ არა იმ ინსტრუმენტების სტერილიზაცია-დეზინფექცია, რომლებიც გამოიყენება ინვაზიური პროცედურებისას, ერთჯერადი ხელსაწყოები რეალურად ერთჯერადად გამოიყენება თუ არა და ა.შ.

სილამაზის სალონების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა პროცედურის დაცვა, მათ შორის, სადეზინფექციო საშუალებების შესყიდვა და გამოყენება, ძალიან მაღალ ფასებთან არის დაკავშირებული, რის გამოც, შესაძლოა, ბევრმა სალონმა ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება ვერ შეძლოს და დაიხუროს ან იქამდე გააგრძელოს საქმიანობა, სანამ შესაბამისი უწყების წარმომადგენლები არ შეამოწმებენ.

თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სილამაზის სალონების მიერ წარმოებული პროცედურები, რომელთაც ინფექციების კონტროლის მიმართულებით განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება ესაჭიროებათ, არც თუ მრავალრიცხოვანია. შესაბამისად, მათ დიდი რაოდენობის სადეზინფექციო საშუალებები არ დასჭირდებათ.

ამასთან, ნათია ნოღაიდელი აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ კოსმეტიკური და ესთეტიკური პროცედურები სისხლით გადაცემადი ინფექციების მაღალ რისკს უკავშირდება (მ.შ. ჰეპატიტები B და C), პრიორიტეტული ადამიანების ჯანმრთელობაზე (მ.შ. სალონებში დასაქმებულ პირებზე) ზრუნვაა.

“შევისწავლეთ რა არსებული ვითარება, აღმოჩნდა, რომ ტატუ სალონებში ძირითადად ერთჯერად ნემსებს იყენებენ ანუ ამ კუთხით უფრო პრობლემურია მანიკიურის და პედიკიურის პროცედურები. ვერ გეტყვით, ეს ფინანსურად მათ რა დაუჯდებათ, მაგრამ გაცილებით მძიმეა იმ პირების მდგომარეობა, რომლებიც სალონებში დაინფიცირდებიან, ასევე, ძვირი ჯდება იმ პაციენტის მკურნალობა, რომელიც ინფიცირდება ამ დაავადებებით, მაგალითად, C ჰეპატიტით.

არის მედიკამენტები, რომლის ერთი ფლაკონის ღირებულება რამდენიმე ათასს შეადგენს. შესაბამისად, შეგვიძლია ავწონ-დავწონოთ, რომელი უფრო ეფექტურია როგორც ეკონომიკურად, ასევე გამოსავლების თვალსაზრისით?

სალონებმა შეასრულონ ის ელემენტარული პირობები, რისი შესრულების ვალდებულებაც მათ აქვთ, თუ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე აღმოჩნდეს სერიოზული საფრთხის ქვეშ, ასევე,დაიხარჯოს კოლოსალური თანხები პაციენტების სამკურნალოდ?”,_ აცხადებს ნათია ნოღაიდელი.

რაც შეეხება სანქციებს, როგორც სამინისტროში აცხადებენ, მონიტორინგის პროგრამა დასჯაზე ორიენტირებული არ არის და მას უფრო სწავლებისა და რეკომენდაციების სახე აქვს. ამიტომ ამ ეტაპზე დარღვევებზე არანაირი სანქცია არ არის გათვალისწინებული. ნათია ნოღაიდელის თქმით, დასჯის მექანიზმები მას შემდეგ შემოვა, რაც ეს სისტემა გახდება სრულყოფილი.

სილამაზისა და ტატუ სალონების მონიტორინგამდე ჯანდაცვის სამინისტრომ სტომატოლოგიური კაბინეტები შეამოწმა.

სტომატოლოგიური კაბინეტების შემოწმების შედეგად სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 223 დარღვევა აღმოაჩინა. სააგენტომ მთლიანობაში 477 სტომოტოლოგიური დაწესებულება შეამოწმა.

როგორც სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ნინო ხუციშვილი “კომერსანტთან” ახადებს, შემოწმებები განხორციელდა თბილისში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, კახეთსა და ქართლში.

“ძირითადი დარღვევები ტექნიკურ რეგლამენტში გამოიხატა იმაში, რომ დეზინფექციის და სტერილიზაციის ნორმები იყო დარღვეული, ასევე სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაცია – შენახვა – გატანის პროცესია დარღვეული. ასევე არის სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოების ხარვეზები და ინფრასტრუქტურა და პირადი ჰიგიენის საშუალებების კუთხით დარღვევები”, _ აცხადებს ნინო ხუციშვილი.

მისივე ინფორმაციით, დარღვევებზე ჯარიმები 500 ლარამდე მერყეობს და მისი დაკისრების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.

როგორც “სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი” ქეთი გოგილაშვილი აცხადებს, ზოგადად ძალიან კარგი ნაბიჯია, რომ სტომატოლოგიურ კაბინეტებს გარკვეული კრიტერიუმები დაუწესდათ, რადგანაც 2005 წლიდან ეს სფერო აბსოლუტურად დერეგულირებული იყო.

“2005 წლიდან სახელმწიფო რეგულაციები სტომატოლოგიური კლინიკებისთვის საერთოდ გაუქმებული იყო, ეს ნიშნავდა, რომ არც კლინიკის გახსნა და არც დახურვა შეტყობინებას არ ექვემდებარებოდა. არანაირი ინფორმაცია არ იყო, თუ რამდენი სტომატოლოგი მუშაობდა, როგორი უნდა ყოფილიყო სტომატოლოგიის კაბინეტი და ა.შ.”,_ აცხადებს ქეთი გოგილაშვილი.

მისივე თქმით, პროგრამის შედეგი ისაა, რომ სტომატოლოგიური კლინიკები უფრო მობილიზებულები და დაინტერესებულები არიან, რომ დააკმაყოფილონ სტანდარტები.

“სტომატოლოგთა ასოციაციის” პრეზიდენტი აცხადებს, რომ პირადად მან შეიმუშავა პროგრამა, რომლის ფარგლებში 2400-მდე სტომატოლოგი გადაამზადა. ქეთი გოგილაშვილის თქმით, სწორედ გადამზადების დროს დაფისქირდა მზარდი ინტერესი სტანდარტების დაკმაყოფილების მიმართულებით.

“ტატუ სალონებისა და სალონების შემოწმებაც ძალიან მნიშვნელოვანია. სალონებში არსებობს სპეც სტერილიზატორები, მაგრამ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად ითვალისწინებენ სალონები წინა სასტერილიზაციო პირობებს, რადგანაც ამის გარეშე სტერილიზაციას აზრი არ აქვს”,_ აცხადებს ქეთი გიგოლაშვილი.

gurianews.com

იხილეთ ასევე

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ, 00:20 საათზე დაეშვა. …