მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის შესწავლას არ გამორიცხავს
გიორგი ბარაბაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კონკურენციის სააგენტო დაინტერესდება ყველა იმ სასაქონლო ბაზრით, რომლის მიმართაც საზოგადოების მზარდი ინტერესია.

კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის შესწავლას არ გამორიცხავს

კონკურენციის სააგენტომ შესაძლოა ფარმაცევტული ბაზრის კვლევა დაიწყოს. „კომერსანტის“ შეკითხვაზე, დაინტერესდება თუ არა სააგენტო ფარმაცევტული ბაზრით, უწყების ხელმძღვანელი გიორგი ბარაბაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კონკურენციის სააგენტო დაინტერესდება ყველა იმ სასაქონლო ბაზრით, რომლის მიმართაც საზოგადოების მზარდი ინტერესია. 

სააგენტოს ნავთობპროდუქტების ბაზარიც სწორედ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე შეისწავლა და მოკვლევის შედეგად კომპანიები ჯამში 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმებულებს შორის არიან „სოკარი“, „ვისოლი“, „რომპეტროლი“, „ლუკოილი“ და ა.შ.

რაც შეეხება სხვა ბაზრების კვლევას, ბარაბაძის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ყავის ბაზრის მონიტორინგი და თუ დადგა საჭიროება, ოფიციალური მოკვლევაც დაიწყება.

კონკურენციის სააგენტო ფქვილის ბაზრის კვლევასაც ახორციელებს, თუმცა, დეტალებზე ბარაბაძე არ საუბრობს.

„პირველ ყოვლისა, ჩვენი ამოცანაა 7 სასაქონლო ბაზარი, რაც არის მოკვლევის პროცესში, მას აქვს თავისი ვადები, რათა იყოს ბოლომდე მიყვანილი. ვადა გვაქვს კანონმდებლობით 3-დან 10-მდე საქმის სირთულიდან გამომდინარე“,- აცხადებს ბარაბაძე.

მისივე თქმით, კარტელური შეთანხმებების კვლევა არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში საკმაოდ რთულია, მაგრამ სააგენტო აღნიშნულ საკითხებზე აქტიურად მუშაობს, რის შედეგადაც დაიდო დასკვნა ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული დარღვევების შესახებ.

კითხვაზე, როგორ აფასებს ბარაბაძე საკუთარ საქმიანობას, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი პასუხობს, რომ მისი საქმიანობა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.

ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის აუცილებლობაზე დიდი ხანია სპეციალისტები საუბრობენ. ექსპერტ ლევან კალანდაძის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნა, შეკვეთა და გარკვეული მოლოდინიც კი. მისი თქმით, საქართველოში ბევრი პრობლემური “ქეისია”, მაგრამ ყველაზე მსხვილი სწორედ ნავთობპროდუქტების, ფარმაცევტული და ფქვილის ბაზრებია.

ბაზრის შესწავლის აუცილებლობას ხედავს ექსპერტი დემურ გიორხელიძეც. მისი განცხადებით, ეს არის ერთ–ერთი ყველაზე “ბნელი თემა” საქართველოში. ექსპერტის შეფასებით,ფარმაცევტული ბაზარი არის ოლიგოპოლიური, რამდენიმე მსხვილი მოთამაშე ხელშეწყობილია ხელისუფლების მიერ  და ამას წამლის კონტროლის შესაბამისი სამსახურიც ეხმარება.

ფარმაცევტული ბაზრის შესწავლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ბაზრის მოთამაშეები: „პეესპეს“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ფარმაცევტული ბაზრის კვლევის დაწყებას არ ელოდება, რადგან ფარმაცევტულ ბაზარზე არანაირი მონოპოლია არ არსებობს.

ხოლო თუ ასეთი კვლევა მაინც დაიწყება, ჩათვლის, რომ ეს ემსახურება ბაზრის „გასუფთავებას“ ახალი კომპანიებისთვის, რომელთა შემოყვანასაც ხელისუფლება აანონსებს.

commersant.ge

იხილეთ ასევე

დღეს, 20:00 საათიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება

დღეიდან, 5 მაისიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რეგისტრაცია 20:00 …