მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » კონტროლის გამკაცრება მედიკამენტების ხარისხზე აუცილებელია
ზოგადად, აუცილებელია კონტროლის გამკაცრება როგორც მედიკამენტების ხარისხზე, ასევე რეცეპტული სისტემის დამრღვევ აფთიაქებზე.

კონტროლის გამკაცრება მედიკამენტების ხარისხზე აუცილებელია

თბილისი (BPI) – პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გამოცხადებულია და მისი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა, მედიკოსები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურის გამოსწორება არ იქნება ეფექტიანი. რეფორმის წარმატებისათვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების და ხარისხის რეგულაცია.

მედიკამენტების ფასებისა და ხარისხის საკითხს გამოეხმაურა ოჯახის ექიმი, პედიატრი ანა მოზდოკელი

„რასაკვირველია, კარგი და ხარისხიანი მედიკამენტი ყოველთვის ძვირი ღირს. რა თქმა უნდა, არსებობს ჯენერიკი პრეპარატები და მოსახლეობას შეუძლია მასზე შეაჩეროს არჩევანი, მაგრამ ორიგინალი მედიკამენტი უფრო ეფექტურია. იმდენად ეფექტურია, რომ შესაძლოა მოქმედების შედეგებით უფრო მომგებიანი გამოვიდეს პაციენტისთვის.

ორიგინალი პრეპარატის მიღებისას მკურნალობის ეფექტი უფრო მალე მიიღწევა. ზოგადად, მედიკამენტები საკმაოდ ძვირია, თუმცა როგორ უნდა მოხდეს დარეგულირება, რთული სათქმელია“, აცხადებს მოზდოკელი.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი მედიკამენტების ბაზარზე არსებული მაღალი ფასებისა არის ის ოლიგოპოლიური ვითარება, როცა ორი ან სამი წამყვანი კომპანიის ხელშია მთელი ძალაუფლება. „ეს, რასაკვირველია, სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს. ჩვენ უძლურები ვართ.

ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია არის ის, რომ როდესაც სადისტრიბუციო კომპანიები სანიმუშოდ გვიტოვებენ მედიკამენტებს, გავცემთ საჩუქრად, რომ რამდენიმე დღის შეღავათი მაინც მივცეთ პაციენტებს.

ჩვენ მხოლოდ ამ კუთხით ვეხმარებით. შეიძლება შეიქმნას ფონდივით, სანიმუშო პრეპარატებისგან,  თუ ამას მოისურვებენ სადისტრიბუციო კომპანიები და შექმნილი რეზერვით დავეხმარებით იმ პაციენტებს, ვისაც ძალიან უჭირთ“, აცხდებას მოზდოკელი.

მედიკოსის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში, მედიკამენტების ხარისხი დამოკიდებულია მწარმოებელ ქვეყანაზე. „ევროპული პრეპარატები, ვიტამინები თუ ანტიბიოტიკები, ნამდვილად კარგი ხარისხისაა. სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ვაქცინების ხარისხს. გასაგებია, რომ უფრო იაფია, თუმცა მშობლებს უნდობლობა აქვთ აზიის ქვეყნებში წარმოებული წამლების მიმართ.

პირველ რიგში მე სწორედ ამ მიმართულებას მივაქცევდი ყურადღებას, რომ იმუნიზაცია მაქსიმალურად მაღალი ხარისხის წამლებით ჩატარდეს. ზოგადად, აუცილებელია კონტროლის გამკაცრება როგორც მედიკამენტების ხარისხზე, ასევე რეცეპტული სისტემის დამრღვევ აფთიაქებზე. ხშირია შემთხვევა, როდესაც ჩემთან მოსულა პაციენტი და უთქვამს, რომ ის წამალი, რომელიც მე რეცეპტით გამოვუწერე, მის გარეშე შეუძენია. ეს პრობლემა აუცილებლად მისახედი და გასაკონტროლებელია“, – განაცხადა ანა მოზდოკელმა.

bpi.ge

იხილეთ ასევე

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა

„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა. ინფორმაციას CNN კომპანიის აღმასრულებელ დირექტორზე, შტეფან …