მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „კორონავირუსი აღარ მიიჩნევა ბავშვებისთვის უსაფრთხოდ“ – საქართველო მოზარდთა ვაქცინაციისთვის ემზადება

„კორონავირუსი აღარ მიიჩნევა ბავშვებისთვის უსაფრთხოდ“ – საქართველო მოზარდთა ვაქცინაციისთვის ემზადება

მართალია, ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტია, თუმცა ხელისუფლება აქტიურად ემზადება მასობრივი იმუნიზაციისთვის, რომელიც, არსებული გეგმით, ივლისიდან უნდა დაიწყოს. მთავრობაში აცხადებენ, რომ მომდევნო თვიდან მოყოლებული, საქართველო ეტაპობრივად 3 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, რაც ვაქცინაციის გეგმით გათვალისწინებული სამიზნე მაჩვენებლის – ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრას უზრუნველყოფს.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ პანდემიის დამარცხება ბავშვების ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია, რადგან ისინი ვირუსის ერთ-ერთი ძირითადი გამავრცელებლები არიან. საქართველოში კორონავირუსით 35 ათასამდე მოზარდის ინფიცირების ფაქტია დადასტურებული.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ერთჯერადად მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია აცრილი. თუმცა დღის წესრიგში უკვე დგას მოზარდების ვაქცინაციის თემა. იმუნიზაციის ეროვნულ საბჭოში განმარტავენ, რომ ბავშვთა ვაქცინაცია დღის წესრიგში მოზრდილი მოსახლეობის აცრის შემდეგ დადგება.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, კოვიდ 19-ის გავრცელების ბოლო ტალღა განსაკუთრებით ბავშვებისთვის გახდა დამაზიანებელი და სამიდან ერთი ბავშვი, რომლის ჰოსპიტალიზაცია გახდა აუცილებელი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა. ივანე ჩხაიძის თქმით, რომელიც იაშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორია, ამაზე გავლენა იქონია  ახალმა შტამებმა, რომლებიც ახალგაზრდებსა და ბავშვებში უფრო მეტი აგრესიულობით გამოირჩევა. მისივე განცხადებით, მართალია, ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები დაბალია და საქართელოში მათი გარდაცვალების ფაქტები ერთეულია, მაგრამ გამოვლინდა სერიოზული პოსტკოვიდური სინდრომი, რომელიც საქართველოში ინფიცირებიდან მე-4-მე-6 კვირაში 90-მდე ბავშვს განუვითარდა. ამიტომ კორონავირუსი აღარ მიეკუთვნება ბავშვებისთვის უსაფრთხო ვირუსული ინფექციის კატეგორიას და ეს ფაქტორი ადასტურებს მოზარდებში ვაქცინაციის აუცილებლობას.

მედიკოსის ინფორმაციით, ამერიკულმა კომპანია „ფაიზერმა“ გამოაქვეყნა პირველი კვლევის შედეგები, სადაც ნაჩვენებია, რომ 12-15 წლამდე ასაკის 2200 ბავშვზე ვაქცინა 100 პროცენტით ეფექტიანია. ამ შედეგებმა კი შესაძლებლობა მისცა როგოც აშშ-ს, ისე კანადას, ვაქცინის ბავშვებში გამოყენების რეკომენდაცია გაეცა.

ჩხაიძის ინფორმაციით, კვლევები ასევე ტარდება ბავშვებში, რომელთა ასაკი 6 თვიდან იწყება.

ჩინური კომპანია „სინოვაკი“ კი პირველია, რომელმაც 3 წლის ასაკიდან ვაქცინაცია დაუშვა.

კერძოდ, მისი სამიზნე ჯგუფი 3-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები  არიან. პირველი და მეორე ფაზის კვლევების დასრულების შემდეგ, წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინაციიდან 1 კვირაში აცრილებში ანტისხეულების დონე 10-ჯერ, ნახევარ თვეში კი 20-ჯერ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ახლა მესამე კლინიკური ფაზაში უნდა გაგრძელდეს, ჩინეთის ხელისუფლებამ პრეპარატი გადაუდებელი გამოყენებისთვის უკვე დაამტკიცა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, “სინოვაკმა“ 3 წლის ასაკიდან ბავშვებში, პირველი და მეორე ფაზის კვლევები კარგი შედეგით დაასრულა, მაგრამ სჭირდება მესამე ფაზის კვლევა. თუ საერთაშორისო საზოგადოება მისცემს დასტურს, მაშინ ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციას საქართველოც დაიწყებს.

თუმცა, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველომ რომ 12 წლის მოზარდების აცრა დაიწყოს, აუცილებელია მოზრდილთა ვაქცინაციის დასრულება, რადგან ბავშვები ინფექციის აქტიური გადამტანები არიან.

„თუ ჯანმოს რეკომენდაცია იქნება, ბავშვების ვაქცინაცია დაიწყება, რადგან ესაა ერთადერთი გზა პანდემიის დამარცხებისკენ,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და …