მთავარი » მსოფლიო » კორონავირუსის აფეთქების გამო ჩრდილოეთ კორეამ სამხედროების მობილიზაცია გამოაცხადა

კორონავირუსის აფეთქების გამო ჩრდილოეთ კორეამ სამხედროების მობილიზაცია გამოაცხადა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პოლიტბიუროს საგანგებო სხდომა გამართა და ფხენიანში წამლების მიწოდების დასტაბილურებაში სამხედროების ჩართვა დაავალა. ამგვარი მკაცრი ზომების მიღება ჩრდილოეთ კორეას კოვიდ 19-ის აფეთქების გამო მოუწია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გასულ კვირაში ჩრდილოეთ კორეამ პირველად აღიარა, რომ კოვიდ 19-ის აფეთქებას ებრძვის. ექსპერტები შიშობენ, რომ ქვეყანას შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას იმის გამო, რომ მედიკამენტების შეზღუდული მარაგები აქვს და არ გააჩნია ვაქცინაციის პროგრამები.

პოლიტბიუროს გუშინდელ საგანგებო სხდომაზე კიმ ჩენ ინმა გააკრიტიკა საქმის მიმართ „უპასუხისმგებლო“ დამოკიდებულება, ასევე ჯანდაცვის სექტორის უნარები.

მან აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის განკუთვნილი წამლები მოქალაქეებამდე დროულად ვერ აღწევს.

კიმ ჩენ ინმა გასცა ბრძანება სამედიცინო-სამხედრო კორპუსის ძალების მობილიზების შესახებ, რათა ფხენიანის წამლებით მომარაგების დარგში სიტუაცია დასტაბილურდეს.

ის ასევე ეწვია აფთიაქებს და პირადად გაეცნო მედიკამენტების მიწოდებისა და გაყიდვების საკითხებს. კიმ ჩენ ინის განცხადებით, აფთიაქები საკმარისად არ არიან აღჭურვილნი თავიანთი ფუნქციის შეუფერხებელი განხორციელებისთვის, მათში არაა წამლების შენახვისთვის სათანადო ადგილები, ვიტრინების გარდა, გამყიდველებს კი სანიტარული ეკიპირება არ აქვთ.

ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკით, ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 400 ათასამდე ადამიანი სურდოს სიმპტომატიკით, თუმცა, რამდენ მათგანს აქვს კოვიდზე ტესტის დადებითი შედეგი, არ კონკრეტდება.

მანამდე ჩინეთის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსი არ არსებობს. ქვეყანა ეპიდემიოლოგიური პროცესების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს არ აქვეყნებს. ამ სახელმწიფომ 2020 წლის იანვარში საზღვრები სრულად დახურა და არც სამედიცინო დახმარებას იღებდა, რის მიზეზადაც კორონავირუსის შეტანის რისკს ასახელებდა.

2021 წლის შემოდგომაზე ჯანმომ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით ჩრდილოეთ კორეისთვის მედიკამენტების მიწოდება დაიწყო.

2022 წლის მაისში კი ცნობილი გახდა ქვეყანაში კოვიდ 19–ის აფეთქების შესახებ. გამოცხადდა საერთო-ეროვნული კარანტინი და ხელისუფლებამ ვირუსისგან 42 ადამიანის გარდაცვალება აღიარა. 12 მაისის დილიდან ყველა პროვინცია და ქალაქი სრულად დაკეტილია, დასახლებები და საწარმოო ერთეულები კი ერთმანეთისგან იზოლირებულია. ყველა მოქალაქეს მკაცრად ამოწმებენ.

თუმცა, როგორც Reuters-ი წერს, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ფხენიანი აპირებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეთავაზებების მიღებას.

იხილეთ ასევე

უკრაინაში წამლების ტრანსპორტირებას დრონებით დაიწყებენ

უკრაინაში იგეგმება 10 ინოვაციური ჰაბის განთავსება, სადაც სამკურნალო საშუალებების შენახვა და წამლების ავტონომიური საჰაერო მიწოდების …