მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კორონავირუსის გართულებების შედეგად, ამცრელი ბრიგადის წევრი გარდაიცვალა

კორონავირუსის გართულებების შედეგად, ამცრელი ბრიგადის წევრი გარდაიცვალა

კორონავირუსის გართულებების შედეგად დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი გარდაიცვალა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული „კარდაკარ“ იმუნიზაციის პროცესში. ინფორმაციას თავად ცენტრი ავრცელებს. ლიანა ნებაძე 60 წლის იყო.

„უდიდესი დანაკლისი განიცადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემამ. კოვიდ 19-ით დაინფიცირდა და ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა მაღალი დონის პროფესიონალი, საუკეთესო ადამიანი, შვილი, მეუღლე, მეგობარი, კოლეგა, დედა, ბებია, მრავალი თაობის აღმზრდელი და მასწავლებელი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების თანამშრომელი ლიანა ნებაძე,“ – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ლიანა ნებაძეს დიდი წვლილი აქვს შეტანილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმუნიზაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში. იყო მობილური ამცრელი ბრიგადის წევრი, რომელიც კარდაკარ სოფელ-სოფელ ახორციელებდა იმუნიზაციას. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ეპიდაფეთქების ლიკვიდაციაში.

ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს გაკეთებული კოვიდსაწინააღმდეგო აცრა – დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ აკონკრეტებენ.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში “დელტა პლუსი” გამოჩნდა – შტამი, რომელიც “დელტასთან” შედარებით კიდევ უფრო გადამდებია

საქართველოში “დელტა პლიუსის” შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ …