მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კოვიდ-აცრის შემდეგ განვითარებული მოვლენების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა – ამ შემთხვევების აცრასთან კავშირი არ დასტურდება

კოვიდ-აცრის შემდეგ განვითარებული მოვლენების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა – ამ შემთხვევების აცრასთან კავშირი არ დასტურდება

საქართველოში, იმუნიზაციის დაწყებიდან ანუ 15 მარტიდან 1 ივლისამდე პერიოდში, იმუნიზაციის შემდეგ განვითარებული მოვლენების 607 ფაქტი დაფიქსირდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ცენტრის ინფორმაციით, 607 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეულია 88 შემთხვევა, აქედან 78 პაციენტმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, მათ შორის 24-მა გაიარა სტაციონარული მკურნალობა, ხოლო 54-მა – ამბულატორიული. ჰოსპიტალიზებულთაგან 4 შემთხვევაში დაფიქსირდა ლეტალური გამოსავალი, 1 პაციენტი გარდაიცვალა ბინაზე, თუმცა არცერთი ზემოაღნიშნული ლეტალური შემთხვევა არ იყო კლასიფიცირებული, როგორც აცრასთან მიზეზობრივ კავშირში მყოფი.

2021 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის მიერ განხილულ იქნა COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების 40 შემთხვევა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად. განხილვის შედეგად 22 შემთხვევა კლასიფიცირდა, როგორც იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირში მყოფი, 12 – როგორც იმუნიზაციასთან არათავსებადი, ხოლო 5 შემთხვევა კლასიფიცირდა როგორც გაურკვეველი. 1 შემთხვევის განხილვა შეჩერებულია, კომიტეტში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენამდე.

ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინირებული SARS CoV-2 დადასტურებული შემთხვევების დიდ ნაწილში, დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით. შემთხვევების 32.9% იდენტიფიცირებული იქნა სავალდებულო ტესტირებისას ან ამბულატორიული სამედიცინო სერვისების მიწოდებისას, მხოლოდ შემთხვევათა 4%-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

გართულებებს შორის დაფიქსირებულია ანაფილაქსიური შოკი – 3 ასტაზენეკას ვაქცინის შემთხვევაში, 2 სინოფარმის, 1 სინოვაკის, ფაიზერს კი ანაფილაქსიური შოკის არცერთი შემთხვევა არ უკავშირდება.

ცენტრის მონაცემებით, მინიმუმ ერთი დოზით აცრილ კოვიდინფიცირებულთა შორის ლეტალობის მაჩვენებელი 0.99% ტოლია, რაც რაოდენობრივად 60 პაციენტს შეადგენს.

საანგარიშო პერიოდში ლეტალური გამოსავალი 2-ჯერ ვაქცინირებულთა შორის არ გამოვლენილა.

იხილეთ ასევე

60 გარდაცვლილი 24 საათში – ლეტალობის მაჩვენებელი ერთი კვირის მაქსიმუმზეა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსს 60 პაციენტი ემსხვერპლა. ლეტალობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 8 სექტემბერს …