მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „კოვიდის დროს ექთნები ორჯერ მეტს იღებდნენ, ვიდრე ახლა მინიმუმია დაწესებული“

„კოვიდის დროს ექთნები ორჯერ მეტს იღებდნენ, ვიდრე ახლა მინიმუმია დაწესებული“

მივესალმებით, რომ მედპერსონალის ანაზღაურება გაიზრდება, თუმცა გასათვალისწინებელია რამდენიმე საკითხი. მათ შორის ის, რომ ეს უკავშირდება კლინიკების დაფინანსების მოდელის შეცვლას – „დიარჯის.“ ამის შესახებ ევექსი კლინიკების მენეჯერი გიორგი ამბროლიანი აცხადებს. დიარჯის საბოლოო ეფექტს კი ,მისი თქმით, იანვრის ბოლომდე დავინახავთ. ამასთან, ამბროლიანის თქმით, პირველადი შედეგები უკვე დეკემბრის ბოლოს გახდება ცნობილი.

„გვაქვს წინასწარი განწყობა, რომ პაციენტისთვის სერვისის დაფინანსება გარკვეულწილად გაიზრდება. ეს ისეთი სისტემაა, არ შეიძლება თქვა, რომ ერთ სერვისზე ერთი ტარიფია და ეს ახლავე იცოდე. რამდენით გაეზარდა სამედიცინო სექტორს ხარჯი კომუნალურების, სახარჯი მასალების გაძვირების გამო და მათ შორის რამდენით იზრდება ხელფასი – ეს არის მარტივად დათვლადი. მაგრამ რა პროპორციით გაიზრდება დაფინანსება, ეს არ არის ზუსტად დანახვადი დღეს და იქნება დანახული დეკემბრის ბოლოს და საბოლოოდ  – იანვრის ბოლოს. მივესალმებით, რომ ჯანდაცვის დაფინანსება შეიცვალა, ეს გასაკეთებელი იყო და მეორე – გაზრდილ ხელფასებთან რამდენად პროპორციულად იქნება გაზრდილი დაფინანსება?“

მისივე თქმით, ერთერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც კლინიკები დაფინანსების გაზრდას ითხოვდნენ, ის იყო, რომ სამედიცინო პერსონალს მეტი ანაზღაურება ჰქონოდა.

ამბროლიანი ამბობს იმასაც, რომ სანიტრებისა და ექთნებისთვის ხელფასების ზრდა თავად სექტორის ინტერესებში შედის, რადგან სწორედ ამ რგოლზეა დამოკიდებული პაციენტის კმაყოფილების ხარისხი.

მისივე განცხადებით, პანდემიის დროს, როცა კლინიკებში ექთნებისთვის კოვიდ-დანამატები მოქმედებდა, ისინი ორჯერ მეტს იღებდნენ, ვიდრე ახლა მინიმუმია დაწესებული. ეს იმას ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფოა კლინიკა თუ კერძო, ანაზღაურება დამოკიდებულია დაფინანსების მოცულობასა და ფორმაზე, როგორაა გათვლილი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება. „ნებისმიერი კლინიკა გააკეთებს ყველაფერს, რომ პერსონალს ანაზღაურება მეტი მისცეს,“ – აცხადებს ამბროლიანი.

შეგახსენებთ: 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში საშუალოდ 792ლარი) განისაზღვრება.

ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.

იხილეთ ასევე

Bloomberg: ჩინეთის კრემატორიუმები COVID-19-ით გარდაცვლილთა ცხედრებით გადავსებულია

პეკინში, შანხაისა და ჩინეთის სხვა ქალაქებში კრემატორიუმები გადავსებულია, კორონავირუსით გარდაცვლილთა ნათესავები იძულებულები არიან გრძელ რიგებში …