მთავარი » კვირის ინტერვიუ » კუშნერი წვლილს ვერ შეიტანს საქართველოს ჯანდაცვის განვითარებაში
ის არანაირ წვლილს არ შეიტანს და ვერ შეიტანს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. ეს იყო უბრალოდ მეგობრული ვიზიტი და გარკვეული პიარ სვლა სამინისტროს მხრიდან.

კუშნერი წვლილს ვერ შეიტანს საქართველოს ჯანდაცვის განვითარებაში

”ჯი-ეიჩ-ენი” მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტს, სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა

ორიოდე კვირის წინ შედგა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია,რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ეხებოდა და სადაც სადაც გაიჟღერა, რომ მიუხედავად წარმატებული რეფორმისა ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხები ძალიან მაღალია. მაშინ, რა არის რეფორმის წარმატება?

– მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის დაფინანსება გაორმაგებულია წინა წლებთან შედარებით, ჯიბიდან გადახდები კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება და ამ მხრივ სიტუაცია არათუ გაუმჯებესდა, არამედ ზოგოერთ შემთხვევებში მაგ., ქრონიკულად დაავადებული პაციენტები და მოსახლეობის უღარიბესი ნაწილი, გაუარესდა კიდეც.

ჯანმოს, USAID-ის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის “საქართველოში სამედიცინო მომსახურებაზე უნივერსალური მოცვის შემდგომი გაუმჯობესება”-ს მიხედვით, ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების წილი ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯების 62%-ს შეადგენს, ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ ეს მაჩვენებელი დიდად არ შემცირებულა თუ შევადარებთ 2010 ან 2012 წლის მონაცემებს, მხოლოდ ორიოდე პროცენტით დაიწია, რაც ჯანდაცვის მსგავსი გაორმაგებული ბიუჯეტის ფონზე მეტყველებს სისტემაში ფინანსების არაეფექტურ ხარჯვასადა არაეფექტურ მართვაზე ზოგადად.

შედარებისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სხვა დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნები, სადაც ეს მაჩვენებელი დაახლოებით 50-55% – ია, ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებშიც კი ის დაახლოებით 29-30% – ის ფარგლებშია.   აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, გაორმაგებული ბიუჯეტის ფონზე რატომ გვაქვს ასეთი მონაცემები? რამდენად ეფექტურია რეფორმა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და ზოგადად, მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში?

ცალკე თემაა ასევე, მედიკამენტებზე დანახარჯები და ხელმისაწვდომობა. იგივე კვლევის მიხედვით, ეს პარამეტრები გაუარესდა ისევ და ისევ უღარიბეს მოსახლეობაში და სოფლის მოსახლეობაში. ვგონებ, კომენტარები ზედმეტია.

თქვენ ახსენეთ, ქრონიკული დაავადებები და მოსახლეობის უღარიბესი ფენები. რატომ გაუარესდა მათთვისმდგომარეობა? სახელმწიფო ხომ უპირველეს ყოვლისა, დაუცველ მოსახლეობაზე უნდა ზრუნავდეს?

– გეთანხმებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამ სეგმენტზე უნდა ზრუნავდეს განსაკუთრებით. მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს პოპულისტურ-სოციალისტურ მოდელთან, რომელიც სერგეენკომ და ივანიშვილმა შემოგვთავაზეს, რაც მდგომარეობს დევიზში – ყველას ყველაფერი, ოღონდ მცირე დოზით. ანუ ღარიბიც და მდიდარიც იღებს შედარებით იაფასიან სერვისს ერთნაირად „უფასოდ“, ხოლო იქ სადაც დანახარჯი დიდია, და ასეთი შემთხვევებია ზუსტად ქრონიკული დაავადებები, რომლის დიდ ნაწილსაც სახელმწიფო არ აფინანსებს, ზარალდება ყველა სეგმენტი.

გასაგები მიზეზების გამო, ღარიბი და უღარიბესი სეგმენტი ყველაზე მეტად ზარალდება. საჭიროა მოხდეს დანახარჯების ოპტიმიზაცია. არ შეიძლება, მდიდარ და ღარიბ მოქალაქეს სახელმწიფო აფინანსებდეს ერთნაირად. ჩემი თვალსაზრისით, უფრო მიზანშეწონილია, დიფერენცირებული მიდგომა და სახელმწიფოს მიერ დიფერენცირებული ვალდებულებების აღება მოსახლეობის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისადმი, როგორებიცაა სოციალურად დაუცველები, ღარიბი და უღარიბესი სეგმენტები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამინები და სხვ.

მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანების ჯგუფში სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება უნდა შემცირდეს და ეს თანხები უღარიბესი და დაბალი შემოსავლების მქონე კატეგორიის ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდაზე უნდა იყოს მიმართული”. წარმატებული ჯანდაცვის სისტემებისა და განვითარებული ქვეყნების მოდელებით, რომ ვიხელმძღვანელოთ, ზუსტად ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს აფინანსებს სახელმწიფო მთლიანად, რადგანაც მათ ჯანდაცვაზე დანახარჯი აქვთ მთელი ცხოვრება, და რაც არ უნდა სოლიდური შემოსავალი ქონდეს ადამიანს, ეს მუდმივი მკურნალობის ხარჯი მაინც დიდი ტვირთად აწვებათ ასეთ ადამიანებს.

ჩვენთან კი რას ვხედავთ? ერთის მხრივ გვესმის პოპულისტური ლოზუნგები, რომ ჯანდაცვა უნივერსალურია და მეორე მხრივ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მისი მდგომარეობა უარესდება.

რა აზრის ხართ ჯანდაცვის ბიუჯეტის გაუთავებელ კორექტირებაზე და მუდმივად თანხების დეფიციტზე?

– ეს გაუთავებელი ბიუჯეტის კორექტირება, დამატებითი ფინანსების გამოყოფა, რა თქმა უნდა, მეტყველებს არაეფექტურ დაგეგმარებასა და მცდარ პოლიტიკაზე. კიდევ ვიმეორებ – ჯანდაცვის სამინისტროს არ გააჩნია არანაირი სტრატეგია, რომელიც ხანგრძლივ ხედვაზე იქნება დაფუძნებული.

არასრული 1 წლის თავზე, უფრო სწორედ, 10 თვის მაჩვენებლით, გვაქვს 150- მილიონიანი გარღვევა ჯანდაცვის ბიუჯეტში, აქედან 96 მილიონი უკვე დაუმატეს სამინისტროს (ანუ მოაკლეს სხვა დარგს), თუმცა ბიუჯეტი მაინც დეფიციტურია, კვლავ მოსაძებნია თითქმის 60 მილიონი. ეს ვიმეორებ – 10 თვის თავზე. წინ კიდევ არის 2 თვე და ამ 60 მილიონს კიდევ დაემატება ხარჯები. ჯანდაცვის სისტემის და მართვის სპეციალისტები, დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში, ადრეც ვამბობდით, რომ სერგეენკოს მიერ მოწყობილი სისტემა არის წარმონაქმნი, რომელიც უძირო კასრივით ითხოვს დამატებით ფინანსებს.

დღეს უკვე ხშირია ხელფასების დაგვიანება და სამინისტროს მხრიდან ფინანსური ვალდებულებების შესრულების დაგვიანება. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბევრ დაწესებულებაში არის სახელფასო და სხვა სახის დავალიანებები. ზოგიერთ დაწესებულებაში ივლისის თვიდანაც კი. განსაკუთრებით ზარალდება პირველადი რგოლის ე.წ. პოლიკლინიკების სამედიცინო პერსონალი, სადაც ისედაც მიზერული, სასაცილოდ თუ სატირლად დაბალი ხელფასებია (20-30 თეთრი გასინჯული პაციენტიდან).

დარწმუნებული ვარ, გაისად, კიდევაც რომ გაასამმაგონ ბიუჯეტი, წელს მაინც დეფიციტით დაასრულებენ. თანაც ელემენტარული ჭეშმარიტებაა, არ შეიძლება ჯანდაცვის ხარჯები იმაზე სწრაფად იზრდებოდეს ვიდრე ქვეყნის რეალური ეკონომიკაა.

როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი? უნდა შემცირდეს დაფინანსება ჯანდაცვის პროგრამებზე თუ პირიქით,უნდა გაიზარდოს?

– მთავარი პრობლემა არის სწორი პოლიტიკის და ხედვის არარსებობა ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, პროცესების მართვის უუნარობა, რასაც ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობაზე ვხედავთ. თუ შევხედავთ ჩვენი მშპ-ს რა ნაწილი იხარჯება ჯანდაცვაზე, ვნახავთ, რომ მონაცემებით დაახლოებით ისეთივე წილს ვხარჯავთ, როგორც მაგალითად, ფინეთი ან ისლანდია (დაახლოებით 9 -9,5 % ის ფარგლებში), თუმცა ხვდებით, რომ მათ ჯანდაცვის სისტემამდე რბილად რომ ვთქვათ ბევრი გვიკლია. თუ ავიღებთ სინგაპურს, მათზე ბევრად ნაკლებს ვხარჯავთ და ასე შეიძლება უამრავი მაგალითის მოყვანა. ასე, რომ მთავრია არა იმდენად რამდენს ხარჯავ, არამედ როგორ ხარჯავ, რა სეგმენტზე ხარჯავ და როგორ აკონტროლებ ამ ხარჯებს.

როგორ ხარჯავს სამინისტრო ჯანდაცვის ხარჯებს უკვე ვიცით, 10 თვე სრულდება 150 მილიონიანი გარღვევით, ვიზე ხარჯავს, უკვე ვთქვით, რომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები მოსახლეობის არიან ყველაზე მეტად დაზარალებულები და რომ ხარჯების კონტროლი და მართვა რბილად რომ ვთქვათ მოიკოჭლებს, ამაზეც ვისაუბრეთ უკვე.

საჭიროა, მოხდეს ფინანსური დანახარჯების ოპტიმიზაცია, არ შეიძლება, მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას ერთნაირად აფინანსებდე. საჭიროა გაწეული ხარჯების სწორი და ეფექტური მონიტორინგი, რასაც სამინისტრო ვერ ახორციელებს თავისი არასაკმარისი კომპეტენციისა და არასწორი პოლიტიკის გამო. ჩემი აზრით, საკმაოდ ეფექტური იქნებოდა თუ ამ ხარჯებს მივანდობდით კერძო სადაზღვეოებს, რომლებიც მოტივირებული იქნებოდნენ ეფექტურ ხარჯთაღრიცხვაში, სახელმწიფო კი თავის მხრივ, გარკვეულ მონიტორინგს გაუწევდა ამ პროცესებს.

გარდა ამისა, ყოველთვის ვიმეორებ, სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება და პრევენციული მედიცინა. სამწუხაროდ, ჩვენთან კი პოლიტიკური სპექტრისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვას კურირებენ დღეს პოპულიზმით არიან დაკავებულები და მათი არასწორი პოლიტიკის შედეგებს შემდეგ წლებში კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძნობთ ჩვენ.

კიდევ ერთი კითხვა, სამინისტრომ ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსი ბერნარ კუშნერს უმასპინძლა, რომელიც “გლობალური ალიანსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სტატუსით ეწვია საქართველოს. როგორფიქრობთ, რა წვლილს შეიტანს ბატონი კუშნერი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში?

– უპირველს ყოვლისა, ვადასტურებ ბატონი კუშნერისადმი უდიდეს პატივისცემას, განსაკუთრებით იმ მხარდაჭერისათვის, რაც მან გამოხატა 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის დღეებში. ბერნარ კუშნერს მართლაც აქვს გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში, ის იყო საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი დაახლოებით 25 წლის წინ, მიტერანის სოციალისტურ მთავრობაში. მას შემდეგ მას რაიმე პრაქტიკული შეხება ჯანდაცვის პოლიტიკასთან ან რეფორმირებასთან არ ჰქონია.

მე პირდაპირ გეტყვით, ის არანაირ წვლილს არ შეიტანს და ვერ შეიტანს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. ეს იყო უბრალოდ მეგობრული ვიზიტი და გარკვეული პიარ სვლა სამინისტროს მხრიდან. „გლობალური ალიანსი“, ეს გაურკვეველი წარმონაქმნი, რომელსაც ვითომდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება ჩააბარეს, ფაქტიურად „გაბანკროტებულია“, მან და მისმა ხელმძღვანელმა მალკინმა ვერაფერი ვერ შემოგვთავაზეს და მე არც მიკვირს, ამაზე ადრეც ბევრი მისაუბრია.

ახლა უბრალოდ, სამინისტრო აპიარებს ღვაწლმოსილი პოლიტიკოსის ვიზიტს, თანაც ამ ორგანიზაციის საპატიო თავმჯდომარის რანგში, ისევ და ისევ გლობალ ალიანსის პრესტიჟის ასამაღლებლად და მალკინის და სერგეენკოს სახის გადასარჩენად. ვეჭვობ, ბატონმა კუშნერმა საერთოდ კარგად იცოდეს რა ორგანიზაციაა „გლობალური ალიანსი“.

ghn.ge

იხილეთ ასევე

მწყემსი ქალი 21 წლის მარიამ ქოჩაშვილი გაიცანით ნინუცა კახნიაურის სიუჟეტში. პროფესიას ეუფლება რომ მშობლიურ სოფელში ამბულატორია გახსნას.

მწყემსი ქალი უკანა ფშავიდან პროფესიას ეუფლება რომ მშობლიურ სოფელში ამბულატორია გახსნას

სიუჟეტის გმირი მომავალი ექთანია. პროფესიას ეუფლება რომ მშობლიურ სოფელში ამბულატორია გახსნას. კვირის განმავლობაში სწავლობს და …