მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » მაია ბუწაშვილი: ტუბერკულოზით გარდაცვალების შემთხვევები იზრდება

მაია ბუწაშვილი: ტუბერკულოზით გარდაცვალების შემთხვევები იზრდება

ქვეყანაში ტუბერკულოზის და აივ-ინფექციის გამოვლენის შემთხვევებმა იკლო, რაც მიმართვიანობის შემცირებითაა განპირობებული. გამოვლენის დაგვიანებამ კი მომავალში შესაძლოა, მძიმე მდგომარეობა შექმნას, რისი ნიშნებიც უკვე არის – კერძოდ,  ტუბერკულოზით გარდაცვალების მაჩვენებელი იზრდება.

ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდა იმ გამანადგურებელი შედეგისა, რაც კოვიდმა უშუალოდ მოგვიტანა, თანდათანობით ვდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ სერიოზული პრობლემები შეგვექმნა სხვა ინფექციური დაავადების მართვაში. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ცე ჰეპატიტის, ტუბერკულოზის და აივ ინფექციის მიმართულებით.

„ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ცე ჰეპატიტის უპრეცედენტო ელიმინაციის პროგრამა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოიცვას, მაღალი იყოს გამოვლენა. პანდემიის წლებში კი გამოვლენა მკვეთრად შემცირდა. ეს რისკს უქმნის ელიმინაციას მიღწევის მიზანს იმიტომ, რომ   გვიან გამოვლენა ნიშნავს უფრო მეტ ინფიცირებულ ადამიანს და გართულებებს,“ – აღნიშნა ბუწაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველად ჯანდაცვის პერსონალის ტრენინგები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, რათა ოჯახის ექიმებს შეახსენონ, რომ  გაიხსენონ ძველი ალგორითმები და კოვიდის გარდა, სხვა დაავადებებსაც მიაქციონ ყურადღება.

მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ტუბერკულოზით გარდაცვალების შემთხვევების ზრდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ფიქსირდება, სადაც ბოლო ათწლეულებში პირველად ტუბერკულოზით სიკვდილობა გაიზარდა.

„პაციენტებსაც და ექიმებსაც აქცენტი მთლიანად კოვიდზე ჰქონდათ. როდესაც ადამიანი ახველებს, იკეთებს კოვიდის ტესტს და კოვიდი არ დადასტურდა, ყველა ბედნიერია. არადა შესაძლოა საქმე ტუბერკულოზთან გვქონდეს. ჩვენთანაც შემცირებულია ტუბერკულოზის გამოვლენა, თუმცა არავის არ აქვს ილუზია, რომ დაავადების მაჩვენებელი შემცირებულია, ესაა გამოვლენის პრობლემა, ასევეა აივ ინფექციაზე“ – განაცხადა ბუწაშვილმა.

ინფექციონისტის განმარტებით, კოვიდისგან განსხვავებით, რომელიც წვეთებით ვრცელდება, ტუბერკულოზით დაინფიცირება ჰაერითაც შესაძლებელია და ინფიცირებულისგან ამ დაავადების ჯანმრთელ ადამიანზე გადადება იმ შემთხვევაშიც შეიძლება მოხდეს, თუ დაავადებული ოთახში იმყოფებოდა, გავიდა და ამ სივრცეში ჯანმრთელი ადამიანი ამის შემდეგ შევიდა. ამასთან, არც ორმეტრიანი დისტანციის დაცვა გვიცავს ინფიცირებისგან.

მაია ბუწაშვილის თქმით, 2 კვირაზე მეტი ხველის შემთხვევაში ადამიანმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს ტუბერკულოზის გამოსარიცხად.

„ახლა დროა, გამოვფხიზლდეთ და დავუბრუნდეთ ამ პროგრამებს, რომ მომდევნო წლებში დიდი პრობლემების წინაშე არ აღმოვჩნდეთ,“- განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

იხილეთ ასევე

“მოლოდინი, რომ კლინიკებში მიმართვიანობა შემცირდება, არ გვაქვს”

მოლოდინი, რომ ბოლო პერიოდში კლინიკებში მიმართვიანობა შემცირდება, არ გვაქვს – რესპირაციული ვირუსების ბუნებიდან გამომდინარე, აცივების კვალდაკვალ, …