მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » მარტვილში მდებარე საოჯახო სასტუმრო ვაქცინაციის მსურველებს უფასო მომსახურებას სთავაზობს

მარტვილში მდებარე საოჯახო სასტუმრო ვაქცინაციის მსურველებს უფასო მომსახურებას სთავაზობს

ვაქცინაზე არსებული მაღალი მოთხოვნის ფონზე, მცირე სასტუმრო ბიზნესში სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითები გაჩნდა.

ერთერთია მარტვილში მდებარე სასტუმრო MartVilla, რომელიც ვაქცინაციის მსურველ პირებს, რომლებსაც აცრა მარტვილის ევექსის კლინიკაში აქვთ დაჯავშნილი, უფასო განთავსებასა და ასევე უფასო ტურს სთავაზობს.

„ბოლო დროს ხშირად ვაწყდებით პოსტებს სოციალურ ქსელებში, სადაც ადამიანები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ვერ რეგისტრირდებიან სინოფარმის ვაქცინაციაზე, რადგან უკვე ყველგან დაჯავშნილია ადგილები. გუშინ ჩვენც დავრეგისტრირდით მარტვილის ევექსის კლინიკაში ვაქცინაციაზე და აღმოვაჩინეთ, რომ 17-24 მაისის შუალედში არის თავისუფალი ადგილები. ვინაიდან პანდემია და მისგან გამოწვეული კოვიდ-19 არის ჯერჯერობით უდიდესი პრობლემა როგორც ჩვენთვის ასევე მთელი მსოფლიოსთვის, ვაქცინაცია არის ჯერჯერობით ერთადერთი გონივრული გამოსავალი არსებული სიტუაციიდან. ძალიან გვინდა ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ არსებული პრობლემის დაძლევაში, ასევე ვაქცინაციის პოპულარიზაციაში.  შესაბამისად მივმართავთ ადამიანებს, ვისაც უნდა ვაქცინაცია:

ვინც დარეგისტრირდებით ვაქცინაციაზე მარტვილში 17-24 მაისის შუალედში, ჩვენის მხრივ გთავაზობთ უფასო განთავსებას მარტვილში (მაქსიმუმ 4 ადამიანი ერთ ჯერზე) საოჯახო სასტუმროში, ასევე მოგემსახურებით როგორც გიდი და დაგათვალიერებინებთ მარტვილს, რათქმაუნდა ესეც უფასოდ,“ – ნათქვამია კომპანიის ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

სასტუმროს დამფუძნებელი ლადო დანელია jandacva.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული აქციის გამოცხადება, პირველ რიგში, სოციალური პასუხისმგებლობითაა ნაკარნახევი. მეორეს მხრივ კი ამით სასტუმროს მენეჯმენტს სურს მარტვილის ტურისტული პოპულარიზაცია. ამ მიზნისთვის კი, დანელიას განცხადებით, ის დანახარჯები, რომელსაც აღნიშნული აქციის ფარგლებში გაიღებენ, მინიმალურია. მისი თქმით, სასტუმროს მომსახურებაში კვება არ შედის, თუმცა აქვთ სამზარეულო, რომლით სარგებლობაც მსურველებს შეუძლიათ.

„მარტვილი მხოლოდ მარტვილის კანიონი არ არის. ჩვენ გვსურს გავაცნოთ ვიზიტორებს მარტვილის მონასტერი,  მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ოღუეშის (ჰესის) ჩანჩქერი, თხოპრას და კაღუს ჩანჩქერები, ბალდის კანიონი, ასევე დადიანების სასახლე,

წაჩხურუს მამათა მონასტერი,“ – განაცხადა ლადო დანელიამ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში უკვე 3 ადგილია დაჯავშნილი. მომხმარებლები თბილისიდან მიდიან. მომავალში, მისივე თქმით, მსგავსი აქცია გაგრძელდება.

ლადო დანელიას თქმით, ამ ეტაპზე ტურისტული აქტივობა ძალიან დაბალია, თუმცა იმედებს ამყარებს ვაქცინაციაზე, რომელიც, როგორც ცნობილია, ტურიზმის სექტორისთვის ორგანიზებულად უნდა დაიწყოს, რის შედეგადაც ტურისტულ ობიექტებს კოვიდ-უსაფრთხო სტატუსი მიენიჭება. ეს კი, თავის მხრივ, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ კამპანიებში მათ სხვადასხვა უპირატესობას მისცემს. დანელიას ინფორმაციით, ვაქცინაციის დაწყების მიზნით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკუთარი მონაცემები უკვე გადაუგზავნეს.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და …