მთავარი » კვირის ინტერვიუ » მცხეთის კოვიდ-ცენტრის დირექტორი: ბოლო დღეებია,  ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა

მცხეთის კოვიდ-ცენტრის დირექტორი: ბოლო დღეებია,  ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა

ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება. ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მესამე ტალღას პროგნოზირებენ. რამდენად არიან ამისთვის მზად კოვიდ კლინიკები, რა გამოცდილება მიიღეს 1 წლის განმავლობაში, როგორია ვაქცინაციის პროცესში აქტივობა? ამ საკითხებზე  jandacva.ge-სთან ინტერვიუში მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ლიკა მუმლაძე საუბრობს.

– 1 წელზე მეტია ახალ კორონავირუსს ვებრძვით, თქვენი კლინიკა ფუნქციონირებს, როგორც კოვიდ კლინიკა. ამ დროის განმავლობაში როგორ გამოიარეთ ეს გზა და რა გამოცდილება მიიღეთ?

– ამ პროფილით მუშაობას ისევ ვაგრძელებთ. კლინიკას ჰიბრიდული სტატუსი არ აქვს, ვართ ცხელების და კოვიდ ცენტრი. 1 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა დიდი გამოცდილება დაგროვდა, ისევე როგორც სხვა კლინიკებში, ჩვენთანაც. ჩვენ იმ პირველი კლინიკების ნაკადში შევდიოდით, ვინც კოვიდთან ბრძოლაში ჩაერთო. გასული წლის განმავლობაში 1500-ზე მეტი პაციენტი გავატარეთ. რა თქმა უნდა იყო ბევრი კარგად დასრულებული შემთხვევა, იყო ლეტალობის შემთხვევებიც, მაგრამ ეს ამ სიტუაციაში მოსალოდნელი იყო.

– ეპიდემიოლოგები საუბრობენ, რომ მოსალოდნელია მესამე ტალღა. თუ ხართ თქვენ მზაობის რეჟიმში?

– რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკა იგივე პროფილს ინარჩუნებს, მზაობა გრძელდება. მუდმივად მიმდინარეობს არსებული ინფორმაციის განახლება, შიდა ტრენინგები, შიდა მოსამზადებელი სამუშაოები. სამწუხაროდ, მესამე ტალღის მოლოდინი ნამდვილად არსებობს. იმედი მაქვს, ისეთი მძიმე არ იქნება, როგორც ეს იყო ნოემბერ-დეკემბერში, თუმცა მესამე ტალღის ნიშნები უკვე იკვეთება. ყოველდღიურ რეჟიმში მატულობს დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. ამას ერთვის ის, რომ ადამიანებმა უფრო თავისუფლად დაიწყეს გადაადგილება, როგორც ჩანს, არ ხდება რეგულაციების სიზუსტით დაცვა. ჩვენს კლინიკაში მინიმალური იყო დადასტურებული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები, ბოლო დღეებში კი, საგრძნობლად გაიზარდა. დღის განმავლობაში 4-5 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხდება. ჩვენთან ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტიც ტარდება. ბოლო კვირის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამაც იმატა.

– ეპიდაფეთქების განმეორების შემთხვევაში თქვენი კლინიკა რამდენი პაციენტის მიღებას შეძლებს?

– ჩვენი კლინიკა 143 საწოლზეა გათვლილი, ასე ვმუშაობდით ბოლო თვეების განმავლობაში, თავისი რეანიმაციით, სადაც 17 საწოლია, მართვითი სუნთქვის აპარატით, გვაქვს ინტენსიური თერაპიის განყოფილება. პრაქტიკულად, ყველა საწოლი კლინიკაში უზრუნველყოფილია ჟანგბადით. ამით იყო გამორჩეული ჩვენი კლინიკა სხვა კლინიკებისგან, რომ პრაქტიკულად ყველა საწოლთან გვქონდა ჟანგბადი. საკმაოდ მძიმე კონტიგენტის გადმოსვლა ხდებოდა ხშირად ჩვენთან.

– თვითონ ჯანდაცვის სისტემა რამდენად არის მზად და ამ ეტაპზე რა გამოწვევების წინაშეა?

– ახლა განსაკუთრებული აქცენტები კეთდება ვაქცინაციასთან დაკავშირებით, აქტიური სამუშაო შეხვედრებია ჯანდაცვის სამინისტროში. ჩვენს მაგალითზე და ჩვენთან დამოკიდებულებაში ვერ გეტყვით, რომ მოდუნებულია სიტუაცია, თუმცა, დიდ იმედს ვიტოვებ, თუ იქნება მესამე ტალღა, მზაობა უფრო მეტი გვექნება კლინიკებსაც, ჯანდაცვის სექტორს. მთლიანად სისტემას, რომ შედარებით უფრო კარგად გავუმკლავდეთ, ვიდრე წინა პერიოდში იყო ეს. გამოცდილება ბევრს ნიშნავს კლინიკებისთვის. ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდილება მივიღეთ გასულ თვეებში. თვითონ ჩვენი კლინიკის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეული მინუსები დაგვანახა, რის გამოსწორებასაც ვეცადეთ. ჩავატარეთ გარკვეული სამუშაოები, იგივე სტაფის დატრენინგებაში, როლების გადანაწილებაში, რომ ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება სწორად მოხდეს თანამშრომლებს შორის, რომ ვიყოთ დაცულები, თუნდაც იგივე შიდა ინფიცირებისგან. სამუშაო დროები იყოს სწორად განსაზღვრული და რესურსი სწორად განაწილებული ზოგადად. როდესაც თანამშრომელი ინფიცირებულია, შემდეგ უკვე სხვას უწევს მისი მოვალეობის თავის თავზე აღება. ეს თავისთავად რთულია. ექიმების და ექთნების სარეზერვო ბრიგადები გვაქვს, რომლებიც ახლა ისვენებენ.

– ამ ეტაპზე თქვენს კლინიკაში გეგმიური ოპერაციები ტარდება?

– არ ტარდება. თუ კი იქნება საჭიროება, გვაქვს რესურსი ჩავატაროთ ქირურგიული ჩარევა კოვიდინფიცირებულ პაციენტთან, თუმცა გეგმიური ქირურგიული ჩარევები რა თქმა უნდა 1 წელია არ ტარდება.

– ვაქცინაცია ქვეყანაში დაგეგმილზე დაბალი ტემპით დაიწყო. განსაკუთრებით დაბალი აქტივობაა ექიმებში, რომლებიც დანარჩენი მოსახლეობისთვის მაგალითი უნდა ყოფილიყვნენ. რატომ არის ასეთი უნდობლობა ვაქცინის მიმართ?

– იმ წრესთან ურთიერთობის საფუძველზე, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა, თუნდაც ჩვენი კოლექტივის მაგალითზე შემიძლია გითხრათ: რეალობა ასეთია, სამედიცინო პერსონალის უმეტესი ნაწილი ინფიცირებული იყო მეორე ტალღის დროს, აქედან ბევრს არ აქვს გასული 120 დღიანი მოცდის პერიოდი, როდესაც შეუძლია ვაქცინაცია. ჩვენ ჩავერთეთ ვაქცინაციის პროცესში და ჩვენმა კლინიკამ, რა რესურსიც გამოყო ვაქცინაციისთვის, მინდა გითხრათ, აქტივობა საკმაოდ მაღალია. პრაქტიკულად რესურსი სრულად არის ათვისებული. ყველა დრო არის დაჯავშნილი. ძალიან ცუდი ფაქტია სამედიცინო პერსონალის დაბალი აქტივობა, თუმცა, ნელ-ნელა აქტივობის მატებაც შეინიშნება, ზუსტად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადამიანებს თანდათან გასდით მოცდის ვადები და იცრებიან. მაგრამ, კარგი იქნებოდა, სამედიცინო პერსონალისგან ვაქცინაცია მაღალი აქტივობით დაწყებულიყო.

შემიძლია გითხრათ, 65+ ასაკმა აჩვენა არნახული შემართება, აქტივობა. მეტსაც გეტყვით, ლანჩხუთიდან ჩვენთან 65 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი იყო ჩამოსული აცრის გასაკეთებლად. ასაკოვანმა ადამიანებმა ახალგაზრდებს აჩვენეს მაგალითი, როგორ უნდა ებრძოლოდ პანდემიას.

–   რამდენად საკმარისი ინფორმაციის მიწოდება ხდება მოსახლებისთვის ვაქცინასთან დაკავშირებით, მეტი კამპანია ხომ არ არის საჭირო?

–   სასურველია, ინფორმაცია უფრო რეგულარულად გაიცეს. ეს ალბათ ცოტა ადრეც უნდა დაწყებულიყო. ახლა კამპანია აქტიურად მიმდინარეობს, თითოეული ჩვენთაგანი აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართული ამ პროცესში, მედპერსონალს განსაკუთრებით გვაქვს ურთიერთობა ამ დაავადებასთან, წინა ხაზზე ვიბრძოდით.

–  თქვენ გაიკეთეთ ვაქცინა?

–  პირველივე დღეს, 15 მარტს ავიცერი. მე არ გადამიტანია კოვიდი და თავისუფლად შემეძლო ავცრილიყავი. ვისაც 120-დღიანი მოცდის პერიოდი არ გვჭირდებოდა, პირველივე დღესვე ჩავიტარეთ ვაქცინაცია. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ კლინიკაში ასე მოხდა, თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ რამდენიმე, დიდი კლინიკის ამბები შუქდება. როდესაც ქვეყანაში ათეულობით კოვიდკლინიკაა, სადაც ადამიანები თავისი სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ ამ დაავადების წინაშე, ყურადღება მეტ-ნაკლებად თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული.

ჩვენს კლინიკაში სია გვაქვს, ვის როდის შეუძლია აცრა. ნოემბერ-დეკემბერში კორონავირუსგადატანილები, აპრილის დასაწყისიდან იწყებენ აცრას.

თაკო პაატაშვილი

იხილეთ ასევე

ალექსანდრე ესაძე, “ფაიზერის” წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი: საქართველოს შეუძლია, მედიკამენტებისა და ვაქცინების შემუშავება დაიწყოს

ინტერვიუ ალექსანდრე ესაძესთან – „ფაიზერის“ ნიუ-იორკის ოფისის წამყვან მეცნერ-თანამშრომელთან აცრების შემუშავების დარგში. – რამდენი ხანია, …