მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მე-15 საუკუნის რეცეპტის საფუძველზე საქართველოში კუჭის წყლულის წამლის პროტოტიპი დამზადდა

მე-15 საუკუნის რეცეპტის საფუძველზე საქართველოში კუჭის წყლულის წამლის პროტოტიპი დამზადდა

ძველ სამედიცინო ხელნაწერებში აღწერილი რეცეპტების საფუძველზე საქართველოში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ჭარხლის ფოთლებისგან ფარმაცევტული პრეპარატის პროტოტიპი დამზადდა.  ამის შესახებ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, რომელზეც პროექტის “სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში” პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიზანი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ სიძველეთსაცვებში დაცული სამედიცინო ხელნაწერების შესწავლა და ერთიანი ბაზის შექმნაა. გარდა ამისა, იგი მიზნად ისახავს პირველწყაროების შესწავლას ჰუმანიტარული დარგების განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში მომზადდა და გამოქვეყნდა მონოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

რაც შეეხება ჭარხლისგან დამზადებულ პრეპარატის პროტოტიპს, როგორც ხელნაწერთა ცენტრის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ეს პროდუქტი განკუთვნილია კუჭის ისეთი წყლულის სამკურნალოდ, რომლის წარმოქმნაც  ეთანოლს   უკავშირდება და ალკოჰოლის მოხმარებასთანაა ასოცირებული. პროდუქტი მე-15 საუკუნეში, ზაზა ფანასკერტელის მიერ დაწერილი რეცეპტის საფუძველზე შეიქმნა.

მისი გამოცდა განხორციელდა ცხოველებზე, კერძოდ ვირთაგვებზე, რომელთა შორისაც განიკურნენ ის ცხოველები, რომლებსაც სწორედ ეთანოლით  ინდუცირებული პეპტიკური წყლული ჰქონდათ. სხვა ტიპის წყლულის შემთხვევაში პრეპარატმა შედეგი ვერ გამოიღო. პრეკლინიკური კვლებენის შემდეგ, მედიკამენტის დამტკიცებისთვის, კვლევების კიდევ არაერთი ეტაპის გავლაა საჭირო.

რაც შეეხება პროექტს, მისი განხორციელებისთვის მოხდა თბილისის (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, ლიტერატურის მუზეუმი, მედიცინის ისტორიის მუზეუმი) და საქართველოს რეგიონების სიძველეთსაცავებში, ასევე, უცხოეთში  და  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საზღვარგარეთის ცენტრების (სინა, იერუსალიმი, ათონი, ოქსფორდი, პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკა და სხვ.) ფოტოების სახით წარმოდგენილი ქართული სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერების აღნუსხვა, სისტემატიზაცია, შესწავლა დარგის სპეცაილისტების მონაწილეობით.

 

იხილეთ ასევე

რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების ბაზრიდან გასვლის რისკი დაზღვეულია – სამინისტროს პოზიცია

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება არ ქმნის რისკს, რომ დიდი ფარმაცევტული კომპანიებისთვის საქართველო მიმზიდველი აღარ იქნება …