მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტის იმპორტიორს აფთიაქები არ უნდა ჰქონდეს – ექსპერტის შეფასებები

მედიკამენტის იმპორტიორს აფთიაქები არ უნდა ჰქონდეს – ექსპერტის შეფასებები

მხოლოდ თურქეთის ბაზრის გახსნა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას არ გამოიწვევს და საჭიროა პრობლემის სისტემური გადაჭრა. ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა თენგიზ ვერულავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ზოგიერთი მედიკამენტი უფრო ძვირია, ვიდრე – ევროკავშირის ქვეყნებში.

„ამ პრობლემის მოგვარების ერთერთი მექანიზმი რეფერენტული განფასებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ვიღებთ 5 ან 10 ქვეყნის მედიკამენტის ფასს. მაგალითად ავიღოთ ანტიბიოტიკი. ვიგებთ, ევროპის 5 ქვეყანაში რა ფასებია და ვადგენთ საშუალო ღირებულებას. ამაზე მაღალი ფასი არ უნდა იყოს,“ – განმარტავს ვერულავა.

მისივე თქმით, გარდა ამ ნაბიჯებისა, სხვა, სისტემური ცვლილებებიცაა საჭირო. მათ შორის ექსპერტი ასახელებს იმპორტიორებისთვის რეალიზაციის აკრძალვას.

„ევროპაში მათთვის, ვისაც შემოაქვს იმპორტირებული მედიკამენტები, აფთიაქების ფლობა შეზღუდულია. აქ ინტერესთა კონფლიქტია. ეს შეზღუდვა აძლიერებს კონკურენციას აფთიაქებს შორის. აფთიაქები არაა 5 მსხვილი ფარმინდუსტრიის ფილიალები, ისინი დამოუკიდებლები არიან და ფასის კონკურენციაც არსებობს,“ – აცხადებს თენგიზ ვერულავა.

მეორე მოსაგვარებელ საკითხად კი ექსპერტი ჰოლდინგების არსებობას ასახელებს, როცა ფარმაცევტული ინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეები ფლობენ აფთიაქებს, სადაზღვევო კომპანიებს და საავადმყოფოებს, რაც ევროპაში ასევე შეზღუდულია.

„როცა მედიკამენტები შენს ხელშია და მართავ საავადმყოფოს, ადვილად შეგიძლია დაავალდებულო ექიმები, ამ წამლებით უზრუნველყონ პაციენტები. მეტსაც გეტყვით: როცა ასეთ მოთამაშეს სადაზღვევო კომპანიაც აქვს, გამოდის, რომ დამფინანსებელი და პროვაიდერი ერთადაა. მსოფლიო პრაქტიკა კი გვეუბნება, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ერთად იყოს დაფინანსებაც და მიწოდებაც. მათ შორის უნდა იყოს გაყოფილი ინტერესები, რომ სისტემა უფრო ხარჯთეფექტური იყოს,“ – განაცხადა თენგიზ ვერულავამ.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების ბაზრიდან გასვლის რისკი დაზღვეულია – სამინისტროს პოზიცია

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება არ ქმნის რისკს, რომ დიდი ფარმაცევტული კომპანიებისთვის საქართველო მიმზიდველი აღარ იქნება …