მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „მინიმალური ანაზღაურების დაწესება ექთნების ქვეყნიდან გადინების შესაჩერებლად არასაკმარისია“

„მინიმალური ანაზღაურების დაწესება ექთნების ქვეყნიდან გადინების შესაჩერებლად არასაკმარისია“

ექთნებისა და სანიტრებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაწესება წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არასაკმარისია.

ამის შესახებ “ჯანდაცვის და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – სოლიდარობის ქსელის” გენერალურმა მდივანმა რევაზ კარანაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ: 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში საშუალოდ 792ლარი) განისაზღვრება.

ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.

რევაზ კარანაძის თქმით, მართალია, ეს პოზიტიური ცვლილებაა, თუმცა არასაკმარისია იმისთვის, რომ ექთნების გადინება შეაჩეროს არა მხოლოდ ჰოსპიტლებიდან, არამედ პროფესიიდან. მისივე განცხადებით, დაბალი ხელფასის გამო, ექთნები ხშირად მიდიან იტალიაში, ესპანეთში, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში სამუშაოდ, კერძოდ კი მომვლელებად.

„დაბალი ხელფასების პრობლემა უფრო მეტად რეგიონებშია. მაგალითად, ახალციხეში 2019 წელს ექთნის ხელფასი 184 ლარი იყო,  144 ლარი იყო ქობულეთის ევექსის კლინიკაში. როცა ხელფასი გაიზარდა 200-300 ლარამდე და ახლა გაიზრდება 704 ლარამდე, ეს არის შეღავათი, მაგრამ არა საკმარისი,“ – განაცხადა კარანაძემ.

მისივე თქმით, მისმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რათა დადგენილიყო რამდენია ექთნის მინიმალური საცხოვრებელი მინიმუმი, რაშიც გათვალისწინებულია არა საქსტატის კრიტერიუმები, არამედ ღირსეული არსებობისა და ცხოვრების პირობები. კერძოდ, კვების გარდა, ესაა რეკრეაცია, დასვენება, კომუნალური ხარჯები, ქირის თანხა და ა.შ. შედეგად გამოვიდა 1272 ლარი და 20 თეთრი.

„ესაა ის თანხა, რომელიც ექთნებს მისცემს საშუალებას, ერთ ადგილზე იმუშაონ 40-საათიანი გრაფიკით. ახლა, დაბალი ხელფასების გამო ექთნები მუშაობენ რამდენიმე ადგილას, რაც მათ გადაღლას იწვევს. ეს კი ჯანდაცვის ხარისხსა და პაციენტზე მოქმედებს,“ – განაცხადა რევაზ კარანაძემ.

იხილეთ ასევე

ინფექციის კონტროლის კუთხით გამოვლენილი დარღვევების გამო, 59 სამედიცინო დაწესებულება 253 000 ლარით დაჯარიმდა

მიმდინარე წელს, შიდა ინფექციებზე 91 სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა, საიდანაც ინფექციის კონტროლის კუთხით გამოვლენილი დარღვევების გამო 59 …