მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » მსოფლიოში ახალი ტიპის ჰეპატიტი 650 ბავშვს დაუდგინდა, საქართველოში ვირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა

მსოფლიოში ახალი ტიპის ჰეპატიტი 650 ბავშვს დაუდგინდა, საქართველოში ვირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა

უცნობი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტი აპრილის დასაწყისიდან დღემდე უკვე 33 ქვეყანაში, 650 ბავშვს დაუდგინეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს და წერს, რომ ავადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (222 შემთხვევა) დიდ ბრიტანეთშია დაფიქსირებული, აშშ-ში კი 216.

ინფექცია ასევე გამოვლენილია არგენტინაში, ავსტრიაში, ბელგიაში, ბულგარეთში, კვიპროსში, კანადაში, დანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ინდონეზიაში, ირლანდიაში, პოლონეთში, შვედეთსა და არაერთ სხვა ქვეყანაში. როგორც იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ დღეს განაცხადა, საქართველოში აღნიშნული ვირუსით დაინფიცირების ფაქტი არ გამოვლენილა.

შემთხვევების 6%-ში ბავშვებს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდათ. არის გარდაცვალების შემთხვევებიც.

სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს დაინფიცირების წყაროები.

მეცნიერთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ჰეპატიტის ახალი ტიპი, რომლის გამომწვევი მიზეზი არცერთი აქამდე ცნობილი ვირუსი არაა, კოვიდის გადატანის შედეგია. დაავადება 16 წლამდე მოზარდებში, უხშირესად კი 5 წლამდე ბავშვებში ვითარდება. დაავადება მიმდინარეობს იგივე სიმპტომებით, რაც კლასიკურ ჰეპატიტს ახასიათებს: პირველ რიგში, ესაა სიყვითლე, განავლისა და შარდის ფერის შეცვლა, ღვიძლის ფერმენტების მატება. მედიკოსების განმარტებით, დაავადება ხშირ შემთხვევაში მსუბუქია და სტანდარტული პროტოკოლით გაწერილი ჩარევის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა ახალი ჰეპატიტით დაავადებული ბავშვების ნაწილში ღვიძლის გადანერგვის აუცილებლობა დადგა.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ტელემედიცინა და ანალიზების ჩაბარება “დისტანციურად” – რა ცვლილებები მოიტანა პანდემიამ

კოვიდპანდემიამ, უკიდურესად ნეგატიურ შედეგებთან ერთად, დადებითი ტენდენციების განვითარებას და გააქტიურებასაც შეუწყო ხელი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ტელემედიცინის განვითარება. საქართველოს …