მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » “მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის” – ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ვაქცინაცია “დამატებითი ბენეფიტია”

“მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის” – ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ვაქცინაცია “დამატებითი ბენეფიტია”

ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი პანდემიასთან საბრძოლველად არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია არის დამატებითი ბენეფიტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

„მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის, რადგან იმუნიზაციის პროცესშიც კი, ხშირი არის ინფიცირება. ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ძალიან წარმატებული იყო ვაქცინაციაში, თუმცა ინფექციის გავრცელება მაინც ხდება.

ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია ეს არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს და ეს პროცესიც საქართველოში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხოვანი ვაქცინით და ხელმისაწვდომობა მოსახლეობას აქვს.

ყველაზე ეფექტური მართვა არის, როცა საზოგადოებას აქვს თვითორგანიზება. ჩემი თხოვნაა, გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ახლა, როცა ვხედავთ, თუ რამდენად მომატებულია ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები, გავუფრთხილდეთ საკუთარ შვილებს და გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

იხილეთ ასევე

60 გარდაცვლილი 24 საათში – ლეტალობის მაჩვენებელი ერთი კვირის მაქსიმუმზეა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსს 60 პაციენტი ემსხვერპლა. ლეტალობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 8 სექტემბერს …