მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „მთავარია სწორი დაგეგმვა და არა – სტრუქტურა“ – ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს IT-სააგენტოს შექმნას აფასებენ

„მთავარია სწორი დაგეგმვა და არა – სტრუქტურა“ – ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს IT-სააგენტოს შექმნას აფასებენ

ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სტრუქტურა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო იქმნება. მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, უქმდება ყველა ის აიტი-სამსახური, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპების (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, სოციალური მომსახურების სააგენტო, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო და სხვ.) ფარგლებში ფუნქციონირებდა  და მათ ნაცვლად ერთიანი სტრუქტურა იქმნება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, სააგენტოს შექმნის მიზანია ჯანდაცვაში ტექნოლოგიური გადაწყვეტის პროცესების კიდევ უფრო სწრაფი და მეტად კოორდინირებული განვითარება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გლობალურ დიგიტალურ სისტემებში ინტეგრაცია უფრო მარტივად და უკეთესად შეძლოს, მოხდეს ჯანდაცვის ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ევროსივრცესთან და ტელემედიცინის პერსპექტივების განვითარება.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა აღნიშნული ცვლილება რამდენიმე დღის წინ, აცრის დაჯავშნის საიტზე დაფიქსირებულ ხარვეზს, ჯანდაცვის სამინისტროში jandacva.ge-ს განუცხადეს, რომ ცვლილება ამ ფაქტამდე იყო დაგეგმილი.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის ანდრო გოცირიძის შეფასებით, ამ მიმართულებით ეფექტიანი მუშაობისთვის მნიშვნელოვანია არა სტრუქტურული ცვლილება, არამედ, პირველ რიგში, ამოცანის სწორად დასახვა და მაღალი კვალიფიკაციის კადრების დასაქმება.

მისი შეფასებით, ის თითქმის 24-საათიანი შეფერხება, რომელიც  booking.moh.gov.ge-ზე დაფიქსირდა, იყო იმის შედეგი, რომ საიტზე შევიდა იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ელოდნენ. სწორედ ეს არასწორი გათვლა იყო, მისი  შეფასებით, პრობლემის მიზეზი.

„უნდა გვცოდნოდა, რომ მას შემდეგ, რაც გამოცხადდა 45 წელს გადაცილებული მოქალაქეების „ასტრაზენეკაზე“ რეგისტრაცია და ასევე გაიხსნა „სინოფარმისჯავშნები, მოთხოვნა დიდი იქნებოდა. სწორად რომ ყოფილიყო გათვლა გაკეთებული, ერთი „დაკლიკებით“ შევიდოდი და არ დამჭირდებოდა შემდეგი „კლიკები“. თუმცა იმის გამო, რომ საიტი გადაიტვირთა და გათვლილზე მეტი ადამიენი შევიდა, უამრავმა ადამიანმა, მათ შორის მეც, გავაგრძელეთ საიტის დარეფრეშება. შედეგად კი, როგოც ითქვა, დაფიქსირდა 800 ათასზე მეტი ასეთი „კლიკი“ და პორტალის მუშაობა შეფერხდა,“ – განაცხადა გოცირიძემ jandacva.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი ქვეყანაში მაღალი იყო, არ უნდა ყოფილიყო რთული იმის გამოცნობა, რომ ვაქცინაზე მოთხოვნა მაღალი  იქნებოდა.

კითხვაზე, ხარვეზის დაფიქსირების შემდეგ,  რატომ დასჭირდა მის გამოსწორებას თითქმის 24 საათი, გოცირიძე ამბობს, რომ პრობლემის გამოსწორებას  რეალურად 15 წუთი სჭირდებოდა და ეს მარტივად გამოსასწორებელი იყო.

რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებას, სპეციალისტის თქმით, ამ სფეროში გადამწყვეტი არაა, როგორი სტრუქტურა იმუშავებს. მთავარია ამოცანების სწორად დასახვა და კომპეტენტური კადრების აყვანა, რაც საქართველოსთვის პრობლემა არ არის, მთავარია მათ სათანადო ანაზღაურება შესთავაზონ.

„ძალიან ბევრი მაღალი კვალიფიკაციის ახალგაზრდაა ამ სფეროში. მაგრამ  თუ მათ სახელმწიფო მაგალითად 1300 ლარს შესთავაზებს,  ვერ დააინტერესებს ამ სფეროში მუშაობით. თუმცა არსებობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის ფორმატები, რომელთა ფარგლებშიც შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ეს არ იქნება ტიპიური საჯარო მოხელე, გამოყენებულ უნდა იქნას მოდერნისტული მიდგომები.

თუმცა, თუ ამ კადრებს ამოცანას სწორად ვერ დაუსვამ, ეფექტიანი მუშაობა გაუჭირდებათ,“ – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და …