მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მთავრობა მედიკამენტების ხარისხის კონტროლზე ხარჯებს არ ზრდის – პროგრამის ბიუჯეტი 150 ათასი ლარია

მთავრობა მედიკამენტების ხარისხის კონტროლზე ხარჯებს არ ზრდის – პროგრამის ბიუჯეტი 150 ათასი ლარია

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2021 წლის პროგრამა 150 ათასი ლარით დაფინანსდება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 110-ე დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც “საკანონმდებლო მაცნეზე” დღეს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის ზოგად დებულებებში ნათქვამია, რომ ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ფარმაცევტული საქმიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. მკურნალობის პროცესში გამოყენებული ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხი, ეფექტიანობა და უსაფრთხოება ის მაჩვენებლებია, რომლებიც სხვა, ასევე მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად  განსაზღვრავენ მკურნალობის ხარისხს, ხანგრძლივობასა და, საბოლოო ჯამში,   სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვის სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, რომელიც ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებისაგან შეისყიდის სამკურნალო საშუალების ნიმუშს და ადგენს შეფუთვა-მარკირების, ვარგისიანობის, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების, დისტრიბუციის უფლებისა და სხვა, კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მდგომარეობას. ფალსიფიკაციისა და გაუვარგისების მაღალი რისკის კრიტერიუმების არსებობისას, სააგენტო უზრუნველყოფს ნიმუშის ლაბორატორიულ კვლევას;

გამოყოფილი ბიუჯეტიდან, სამკურნალო საშუალებების ნიმუშების შესყიდვაზე  გათვალისწინებულა 7 ათასი ლარი, მივლინების ხარჯებზე 3 ათასი ლარი,  სამკურნალო საშუალების ხარისხის ლაბორატორიულ  კვლევაზე კი 140 ათასი ლარი. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი წინა წლებშიც ანალოგიური იყო.

იხილეთ ასევე

რა შემთხვევაში შეგიძლიათ შეძენილი მედიკამენტის დაბრუნება – განმარტებები

დასაშვებია თუ არა შეძენილი მედიკამენტების აფთიაქში დაბრუნება? ეს საკითხი სოციალურ ქსელებში აზრთა სხვადასხვაობას და შეკითხვებს …