მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » მულტიდისციპლინური მიდგომა და ახალშობილთა საყოველთაო სკრინინგი – ახალი ინიციატივები სკა-ს მკურნალობასა და პრევენციაში

მულტიდისციპლინური მიდგომა და ახალშობილთა საყოველთაო სკრინინგი – ახალი ინიციატივები სკა-ს მკურნალობასა და პრევენციაში

საქართველო განვითარებადი ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება და, შესაბამისად,  საკუთარი მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის საჭიეროებების სათანადო დონეზე დაკმაყოფილებისთვის  საკმარისი შემოსავლები არ აქვს. ამიტომ ქვეყნის ხელისუფლებას უწევს თანხები პრიორიტეტების მიხედვით გადაანაწილოს. ეს კი განსაკუთრებით მწვავედ ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე აისახება, მათ შორის მძიმე და იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებზე, რომელთა მკურნალობისთვის, ერთ ადამიანზე, წელიწადში ათასობით, ასიათასობით და ზოგჯერ მილიონამდე ლარიც კია საჭირო. ბევრი ადამიანი ამ დაფინანსების მოლოდინშია. მწირი შესაძლებლობების მიუხედავად, წლიდან წლამდე სახელმწიფო მაინც ახერხებს ამ მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის ფინანსების მოძიებას.

ამ კუთხით ერთერთი პოზიტიური მაგალითი სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე ადამიანების ისტორიაა, რომლებმაც მიმდინარე წლიდან უახლესი და ძვირადღირებული მედიკამენტი სახელმწიფოსგან სრულიად უფასოდ მიიღეს.

დაავადება იმდენად კომპლექსურია, რომ მისი მართვისთვის მედიცინის მხოლოდ ერთი დარგი საკმარისი არ არის და სხვადასხვა პროფილის ექიმების მთელი გუნდის ერთობლივი მუშაობაა საჭირო.

სპინალური კუნთოვანი ატროფია  (სკა)  მძიმე და იშვიათი გენეტიკური, პროგრესირებადი ნეიროკუნთოვანი დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთების ატროფიას და მასთან დაკავშირებულ გართულებებს. 2022 წლის აპრილიდან საქართველოში ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პაციენტებს მიეცათ შესაძლებლობა, დაავადების სამკურნალო, ძვირადღირებული მედიკამენტი უსასყიდლოდ მიეღოთ.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ პაციენტთა საჭიროებებიდან გამომდინარე, ფარმაცევტულმა კომპანია „როშ ჯორჯიამ“ აღნიშნული წამალი 2020 წელს, საერთაშორისო ბაზარზე გამოსვლიდან  ძალიან მალე, რეკორდულად მოკლე დროში დაარეგისტრირა საქართველოში.  თუმცა მხოლოდ ერთეული პაციენტები ახერხებდნენ მედიკამენტის მიღებას ფინანსურად ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო. 2022 წლის აპრილიდან კი სახელმწიფომ სკა შეიტანა იშვიათი დაავადების სახელმწიფო პროგრამაში  და შესაბამისად მკურნალობის დაფინანსება მოხდა ყველა პაციენტისთვის.  ამ ეტაპზე ქვეყანაში სკა დიაგნოზის  მქონე  80-მდე პაციენტი იტარებს მკურნალობას

 

ბავშვთა ნევროლოგი ნანა ტატიშვილი jandacva.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მედიკამენტების მიღების შემდეგ პაციენტები აღნიშნავენ მდგომარეობის სუბიექტურ გაუმჯობესებას და კლინიკური შეფასებითაც  მცირედი პროგრესი შეინიშნება. ამის მიუხედავად, ნევროლოგის განმარტებით,  რადგან მედიკამენტის გამოყენება საქართველოში მაისიდან დაიწყო, მისი ეფექტიანობის შესაფასებლად კი 6-თვიანი პერიოდის შედეგების გაანალიზება მაინცაა საჭირო,  პირველად შედეგებზე ცალსახა საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.

 

საქართველოში სკა-თი დაავადებული პაციენტების მკურნალობა მხოლოდ მედიკამენტის დაფინასნებას არ გულისხმობს და ეს კომპლექსური პროცესია, რაც დაავადების სირთულიდან გამომდინარეობს. სწორედ ამიტომ პაციენტების მკურნალობაში თანამედროვე, მულტიდისციპლინური პრინციპი გამოიყენება, რაც მსოფლიო მედიცინის უახლესი მიდგომაა.

ეს აუცილებელია, რადგან „სკას“ შედეგად წარმოქმნილი გართულებები სხვადასხვაა – სამედიცინო პრობლემებით (ძვალ-კუნთოვანი, საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი სისტემების და ა.შ. ) დაწყებული, ფსიქოსოციალურით დამთავრებული. ამიტომ მულტიდისციპლინური გუნდის წინაშე არაერთი ისეთი რთული ამოცანა დგას, როგორიცაა მაგალითად:

რეაბილიტაცია – მობილობის ხელშეწყობა, მათ შორის ქირურგიული ჩარევის გზით, მასაჟი, ფიზიოთერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა;

სწორი კვება: წონის კორექცია, მეტაბოლური დარღვევების მკურნალობა;

ფსიქოლოგის მხარდაჭერა;

რესპირატორული პრობლემების მართვა: სისხლში ჟანგბადის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია;

რესპირატორული ინფექციების შემთხვევაში ანტიბაქტერიული მკურნალობა.

ნანა ტატიშვილის თქმით, მსოფლიო გაიდლაინებით, მულტიდისციპლინური მიდგომა, რეაბილიტაციის გარდა, წელიწადში ორჯერ პაციენტის შეფასებასაც გულისხმობს.

„წინა კვირაში სამინისტროში სწორედ ამ საკითხზე გვქონდა შეხვედრა. ვისაუბრეთ და სავარაუდოდ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ მომავალი წლიდან მოხდეს მულტიდისციპლინური შეფასების სახელწმიფო პროგრამით განხორციელება. ბავშვებისთვის რეაბილიტაცია ფინანსდება, თუმცა მათ წელიწადში ორჯერ ესაჭიროებათ, რომ მათი მდგომარეობა შეაფასონ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა, როგორიცაა ორთოპედი, ნევროლოგი, კარდიოლოგი და ასე შემდეგ. ეს კი ოჯახისთვის სერიოზული ფინანსური ტვირთია. ამიტომაც, რადგან სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ასეთი კარგი და ძვირადღირებული წამლის დაფინანსება, ჩვენ ვთხოვეთ სამინისტროს, განიხილოს იმის შესაძლებლობა, რომ მომავალი წლიდან შეფასების პროგრამაც დაფინანსდეს,“ – აღნიშნა ნანა ტატიშვილმა. მისივე განმარტებით, 6 თვეში ერთხელ პაციენტის შეფასების მთავარი მიზანია, თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები.

რაც შეეხება ზოგადად მულტიდისციპლინურ მიდგომას, როგორც ნევროლოგი ხსნის, სპინალური კუნთოვანი ატროფი ვერ იკურნება, ამიტომ რეაბილიტაცია და მულტიდისციპლინური მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„მართალია, რეაბილიტაცია და მულტიდისციპლინური მართვა აღარ არის ერთადერთი მეთოდი, მაგრამ რჩება ერთერთი მნიშვნელოვან კომპონენტად,“- აცხადებს ნანა ტატიშვილი.

მულტიდისციპლინური მიდგომები რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უცხოეთის საუკეთესო გამოცდილებას ეცნობიან.

27-28 სექტემბერს, ფარმაცევტული კომპანია, როშ საქართველოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით, საქართველოდან ექიმების მულტიდისციპლინარული ჯგუფი ესტუმრა იტალიის ნემო ანკონას კლინიკას, რომელიც სპეციალიზებულია ნერვკუნთოვანი დაავადებების მიმართულებით. ვიზიტის მიზანი იყო სკას მართვის მულტიდისციპლინარული მიდგომის პრინციპების გაზიარება ქართველი ექიმებისთვის. როგორც ექიმები აცხადებენ, საქართველომ „სკა“-ს მკურნალობაში უკვე საკმაო სიმაღლეებს მიაღწია, თუმცა ქართველი ექიმებისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და სხვა ქვეყნების უახლესი გამოცდილების გაზიარება.

ნანა ტატიშვილის თქმით, რომელიც იტალიაში აღნიშნული ვიზიტით იმყოფებოდა, ამ ქვეყანაში სკა-ს მართვის სისტემა ძალიან კარგადაა აწყობილი. კერძოდ, ერთი დაწესებულების შიგნით მოქმედებს მულტიდისციპლინური მიდგომა, მათ შორის წელიწადში ორჯერ პაციენტების შეფასება, რათა შეფასდეს პაციენტების მდგომარეობა და ამოცნობილ იქნას მოსალოდნელი გართულებები. ეს ყველაფერი არის კარგად გაწერილი და ორგანიზებული – მთელ იტალიაში 6 ასეთი ცენტრი ფუნქციონირებს, რომელზეც მათ სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობაა მიმაგრებული.

ნანა ტატიშვილის თქმით, სკა-ს დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის დღეს საქართველოში ფინანსდება ისეთი სერვისები, რომლებიც ყველა ქვეყანაში არაა ხელიმსაწვდომი და ამ  სფეროში ქვეყანაში ძალიან დიდი პროგრესია მიღწეული, 6 თვეში ერთხელ შეფასების დაწყება კი ამ კუთხით საქართველოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს.

კიდევ ერთი მიდგომა, რომელიც ევროპაშია დაწყებული  და რომლის დანერგვაც, ტატიშვილის თქმით,  საქართველოშიც საჭიროა, სპინალური კუნთოვანი ატროფიის ნეონატალური სკრინინგია. ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ დაავადებაზე ყველა ახალშობილს სამშობიაროშივე შეამოწმებენ, რათა დაავადება საწყის ეტაპზევე იქნას აღმოჩენილი და მკურნალობა კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე  დაიწყოს. სპეციალისტის თქმით, ასეთ ეტაპზე მკურნალობის დაწყება ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. სწორედ ამიტომ, 2023 წლის ბოლომდე საყოველთაო ნეონატალური სკრინინგის ჩატარება ევროკავშირის ყველა ქვეყანაში სავალდებულო გახდება.

როგორც ნანა ტატიშვილი ამბობს, ამაზე საუბარი უკვე საქართველოშიც მიმდინარეობს.

თუკი ეს ნაბიჯიც წარმატებით გადაიდგმება, საქართველო სკა-ს მკურნალობის სფეროში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებს. ეს კი იმედისმომცემი მაგალითია სხვადასხვა რთული დიაგნოზის ადამიანებისთვის, რომლებიც ძვირადღირებული მკურნალობის დაფინანსებას ელოდებიან.

იხილეთ ასევე

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოცვა 80%-მდე უნდა იყოს, თბილისში კი მხოლოდ 18%-ია

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში პისიარ ტესტირება ჩაერთვება – ასეთია განახლებული გაიდლაინი, რომელსაც სკრინინგის ეროვნული ცენტრი …