საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება. საქართველო მსოფლიო მასშტაბით ავტოავარიებისა და მათ შედეგად დაღუპულთა მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა და სტატისტიკა კიდევ უფრო უარესდება. 
სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს.

თავად შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება და მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. შესაბამისად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სახელმწიფოს ავალდებულებს გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრების მიმართულებით.

„საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, მნიშვნელოვნად გადაიხედოს და გამკაცრდეს დღეისათვის არსებული სანქციები. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც: 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით; 50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის; 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით; 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის; დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე. დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა”,- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არაერთი რეგულაციის შემოღების მიუხედავად, რატომ ვერ შეძლო საქართველომ ავტოავარიებისა და მათ შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობის შემცირება? საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებს ამაზე სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. თუმცა საკითხს ფსიქოლოგიური მხარეც აქვს, რაზეც დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ევროპული აკრედიტაციის მქონე ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე საუბრობს.

მისი განმარტებით, ადრენალინი სტრესის პირობებში ორგანიზმში მუდმივად გამომუშავდება, რაც წარმოადგენს ბუნებრივ რეაქციას საფრთხის ან გამოწვევის აღქმაზე. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს დოფამინის – „ჯილდოს ჰორმონის“ – გამოყოფა, რაც ადამიანს აძლევს ენერგიას, თავდაჯერებას და სიძლიერის განცდას.

ამავდროულად, კოტრიკაძის განმარტებით,  ადრენალინზე დამოკიდებულება შეიძლება განვიხილოთ როგორც ფსიქოლოგიური მექანიზმი შიშის დაძლევის მიზნით. ადამიანი, რომელიც მუდმივად ეძებს ადრენალინის პიკურ მდგომარეობას, ცდილობს გაზარდოს საკუთარი თავდაჯერება და გადალახოს შფოთვა ან შიში. 


„როლური პერსპექტივიდან, ეს პროცესი შეიძლება შევადაროთ შინაგანი ბავშვის ბრძოლას მშობლის მიერ დაწესებული წესების წინააღმდეგ – სურვილს, დაარღვიოს აკრძალვები და გათავისუფლდეს შეზღუდვებისგან. გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ ინდივიდმა გააცნობიეროს საკუთარი მოტივაცია ადრენალინის ძიებისას, შეაფასოს ამ ქცევის სარგებელი და შესაძლო საფრთხეები. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ბალანსი ემოციურ, ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტებს შორის,“ - განმარტავს მაგდა კოტრიკაძე.

ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის პირველ 9 თვეში ავტოავარიებს 345 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 6041 მოქალაქე. შარშან, იგივე პერიოდში დაღუპულთა მაჩვენებელი 301 იყო.