დღეს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, დიაბეტის დღე აღინიშნება. 

ქვეყანაში სახელმწიფო არაერთ პროექტს ახორციელებს, რომლებიც დიაბეტის მქონე ადამიანების საჭიროებებზეა ორიენტირებული.

რა არის  სახელმწიფო პროგრამა - „დიაბეტის მართვა“?

პროგრამის მიზანია შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული პაციენტების ამბულატორიული და სტაციონარული მეთვალყურეობის გაუმჯობესება, შესაძლო გართულებების პრევენცია და სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.


ვის შეუძლია ისარგებლოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით?

- შაქრიანი დიაბეტით  დაავადებულ ბავშვთა მომსახურება – 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვები; ასევე 18 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება;

- სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება – შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები;

- სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა – შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა.

  მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

 სამედიცინო მომსახურების სახეები

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის

ამბულატორიული მომსახურება:

18 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებს და 18 წლის ზემოთ პირებს, რომელთაც დიაბეტთან ერთად აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება, პროგრამის ფარგლებში უფასოდ, თანაგადახდის გარეშე მიეწოდებათ შემდეგი სერვისები:

• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა-წელიწადში 4-ჯერ;

• სისხლის საერთო ანალიზი-წელიწადში 2-ჯერ;

• შარდის საერთო ანალიზი-წელიწადში  2-ჯერ;

• შარდის ანალიზი მიკროალბუმინურიაზე წელიწადში 1-ჯერ;

• ნევროლოგის კონსულტაცია/ნეიროპათიული კვლევა წელიწადში 1-ჯერ;

• გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით (კვარტალში ერთხელ)-წელიწადში 4-ჯერ;

• დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების კვლევა-წელიწადში 2-ჯერ;

• პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება-წელიწადში 4-ჯერ;

• ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში-წელიწადში 10-ჯერ;

• საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ მედიკამენტის დოზის კორექცია, სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა;

აღნიშნული სერვისების წლიური დაფინანსება თითოეულ ბენეფიციარზე შეადგენს 900 ლარს.

იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს ესაჭიროება ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის დოზის კორექცია, შაქრიანი დიაბეტის (ინსულინმომხმარებელი, არაინსულინმომხმარებელი) მქონე  ყველა ასაკის პირისთვის ფინანსდება:

სპეციალიზებული ამბულატორიული სერვისები:

• ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა;

• პროგრამის მოსარგებლეების შესაბამისი სამედიცინო განათლება.

საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად, დამატებით ფინანსდება:

კონსულტაციები  ექიმ-სპეციალისტებთან:

• ნევროპათოლოგი;

• კარდიოლოგი;

• ოფთალმოლოგი;

• ანგიოლოგი.

კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევები:

• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, არანაკლებ 6 ერთეულისა ერთ პაციენტზე;

• გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა;

• კრეატინინის და/ან შარდოვანას განსაზღვრა სისხლში;

• მიკროალბუმინურიის კვლევა;

• სისხლის საერთო ანალიზი;

• შარდის საერთო ანალიზი;

• С- პეპტიდი;

• ჰომა – 2-ის ინდექსი

• ელექტროკარდიოგრაფია

  მედიკამენტის დოზის კორექციისთვის გათვალისწინებული ზემოხსენებული მომსახურებები ფინანსდება  წელიწადში ერთჯერადად, არაუმეტეს 240 ლარით, შემდეგი პრინციპით:

• შაქრიანი დიაბეტის მქონე ინსულინმომხმარებელი პირებისთვის, მომსახურება ფინანსდება 70%-ით.

• შაქრიანი დიაბეტის მქონე არაინსულინმომხმარებელი პირებისთვის, მომსახურება ფინანსდება 50%-ით.

სტაციონარული მომსახურება:

კომის გარეშე მიმდინარე შემთხვევების სტაციონარული მომსახურება უფასოდ, თანაგადახდის გარეშე მიეწოდებათ:

• 18 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებს;

• 18 წლის ზემოთ პირებს, რომელთაც დიაბეტთან ერთად აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება. თითოეული შემთხვევის  დაფინანსება შეადგენს 800 ლარს.

- კომით მიმდინარე შემთხვევების სტაციონარული მომსახურება ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, პაციენტის კუთვნილი პაკეტის შესაბამისად.

მედიკამენტებით და საანალიზო მოწყობილობებით უზრუნველყოფა:

• შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის ფინანსდება ინსულინი და მისი ანალოგები;

• შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის  ბენეფიციარებისთვის ულტრახანმოკლე და ულტრახანგრძლივი ინსულინის ანალოგებით უზრუნველსაყოფი ახლადგამოვლენილ მოსარგებლეთა დადგენა, სამკურნალო საშუალებების გაცემა, ასევე ადამიანის ინსულინებიდან ინსულინის ანალოგებზე გადასვლა და დოზის კორექცია ხორციელდება ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმა №IV-100/ა-ის საფუძველზე;

• შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და 18 წლის ზემოთ პირებისთვის, რომელთაც დიაბეტთან ერთად აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება, ფინანსდება დიაბეტის უწყვეტი მონიტორინგისა და მართვისთვის საჭირო მედიკამენტები და საანალიზო მოწყობილობები: მათ შორის:

• ინსულინი (მ.შ ახალი თაობის ხანგრძლივი მოქმედების ინსულინი დეგლუდეკი-გაიცემა კომისიურად), ინსულინის ანალოგები, გლუკაგონი, შპრიც-კალმისტრები და შესაბამისი ნემსები. ინსულინის ნემსი (ზომით 4 მმ, 6 მმ და/ან 8 მმ) გაიცემა ერთ ჯერზე არაუმეტეს 3 კოლოფისა (300 ც), მაგრამ არაუმეტეს წელიწადში ჯამურად 12 კოლოფისა (1200 ც);

• სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტჩხირები და სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსები-გაიცემა თითოეულ მოსარგებლეზე წლის მანძილზე 1200 ცალი ტესტჩხირი და 200 ცალი ლანცეტის ნემსი;

• შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტჩხირები-გაიცემა1 კოლოფი (50 ც.) კალენდარულ წელიწადში;

• შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვებისთვის-სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები ( CGM) და სენსორები;

• CGM სისტემასთან თავსებადი ტელეფონით (სმარტფონი) უზრუნველყოფა, რომლის ბენეფიციარები არიან:

„დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურების კომპონენტით“ მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვები, ასევე 18 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება, რომლებიც იყენებენ CGM სისტემას და:

დ.ა) რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს;

დ.ბ) ოჯახში შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია 18 წლამდე ასაკის ორი ან მეტი პირი."

უშაქრო დიაბეტის მქონე  პირებისთვის

მედიკამენტებით უზრუნველყოფა – ადიურეზული ჰორმონით უზრუნველყოფა.

ამბულატორიული მომსახურება:

იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს ესაჭიროება ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის დოზის კორექცია, უშაქრო დიაბეტის  მქონე ყველა ასაკის პირისთვის ფინანსდება სპეციალიზებული ამბულატორიული სერვისები:

• ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა;

• პროგრამის მოსარგებლეების შესაბამისი სამედიცინო განათლება.

საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში, ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად, დამატებით ფინანსდება:

კონსულტაციები  ექიმ-სპეციალისტებთან:

• ნევროპათოლოგი;

• ოფთალმოლოგი.

 კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები:

• სისხლის საერთო ანალიზი;

• თავის ქალის რენტგენოგრაფია;

• თვალის ფსკერისა და მხედველობის ველის გამოკვლევა;

• გლუკოზის განსაზღვრა სისხლში უზმოდ და ჭამის შემდეგ;

• შარდის საერთო ანალიზი (არანაკლებ 2 ერთეულისა);

• ზიმნიცკის სინჯი (არანაკლებ 2 ერთეულისა);

• ელექტროლიტების – Na, К – განსაზღვრა სისხლში.

ახლადგამოვლენილი შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისთვის

იმ პირებისთვის, რომელთაც პირველად დაუდგინდათ დიაბეტის დიაგნოზი, ზემოხსენებულ სერვისებზე დამატებით, პროგრამა უზრუნველყოფს შემდეგი საშუალებების პირველადად გადაცემას:

• შპრიც-კალმისტრები-ინსულინის სახეობების შესაბამისად;

 პროგრამის არსებული ბენეფიციარებისთვის შპრიც-კალმისტრები დამატებით გაიცემა მხოლოდ დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, წლის მანძილზე არაუმეტეს 1-ჯერ.

• ინსულინის ნემსები- პირველ ჯერზე არა უმეტეს 1 კოლოფისა (100 ც);

• გლუკომეტრი-1 ცალი; 

* გლუკომეტრის დაზიანების შემთხვევაში მისი გამოცვლა ხდება არაუმეტეს წელიწადში 1-ჯერ.

• გლუკაგონი-1 ცალი.

მოხმარებული გლუკაგონი, მიმწოდებელთან წარდგენის შემთხვევაში, ჩანაცვლდება ახლით, წლის მანძილზე არაუმეტეს 1 ფლაკონით. სარგებლობაში გადაცემული გლუკაგონი, მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებელთან წარდგენის შემდგომ, ჩანაცვლდება ახლით.

18 წელზე უფროსი ასაკის ახლადგამოვლენილი პირებისთვის, ინსულინი გაიცემა კომისიური წესით.

ვის უნდა მიმართოთ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად?

დიაბეტის მართვის პროგრამის ფარგლებში, მოსარგებლემ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად რეგისტრაციისთვის, უნდა მიმართოს მომსახურების  მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას.

სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების მისაღებად, მოქალაქემ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:  მისთვის სასურველი მიმწოდებელი დაწესებულებიდან - ფორმა NIV-100/ა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, რის საფუძველზეც ხდება თანხმობის წერილის გაცემა სააგენტოს მიერ,  წელიწადში ერთხელ.

დიაბეტით დაავადებული არაინსულინმომხმარებელი მოსარგებლეების პროგრამის მოსარგებლედ ცნობისთვის, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს იმ ოჯახის/უბნის/სოფლის ექიმის მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა, სადაც პაციენტია რეგისტრირებული შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (არ ვრცელდება კერძო/კორპორატიული დაზღვევის მქონე პაციენტებზე, რომლებიც არ სარგებლობენ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით), პაციენტის “სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტში” ჩართვის საჭიროების თაობაზე.