მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ოჯახის ექიმები ძალიან შეზღუდულები არიან „გაიდლაინებით“
ოჯახის ექიმები შეზღუდულები არიან „გაიდლაინებით“.„გაიდლეინები“ კი დაუხვეწავია, ექიმისთვის უნდა იყოს დამხმარე, მაგრამ მან არ უნდა შეცვალოს ექიმის აზროვნება

ოჯახის ექიმები ძალიან შეზღუდულები არიან „გაიდლაინებით“

თბილისი (BPI) -ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას, რომლის დაწყებაც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაანონსა, ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თინა თოფურია გამოეხმაურა.

,,არაფერში და, მითუმეტეს მედიცინაში, კალკის გადმოტანა არ შეიძლება  სხვა ქვეყნიდან. როდესაც რეფორმები იწყებოდა აქტიურად ვიყავით ჩართულები, თუმცა ჩვენი აზრის გათვალისწინება არ მოხდა. დღეს რეალობა ასეთია: ოჯახის ექიმის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა ძალიან მახინჯი ფორმით.

არ შეიძლება ამდენი პაციენტი მიიღოს ერთმა ექიმმა ერთ დღეში და კვალიფიცირებული დახმარება გაუწიოს მათ. ოჯახის ექიმს უნდა მიეცეს საშუალება უფრო მეტი დრო დაუთმოს პაციენტს, მინიმუმ ნახევარი საათი მაინც, რომ გაერკვეს მის პრობლემაში და არ გააკეთოს საქმე მექანიკურად.

ოჯახის ექიმები ძალიან შეზღუდულები არიან „გაიდლაინებით“. თვითონ „გაიდლეინები“ კი დაუხვეწავია, ისინი ექიმისთვის უნდა იყოს დამხმარე, რომელშიც ის ჩაიხედავს და მიეშველება, მაგრამ მან არ უნდა შეცვალოს ექიმის აზროვნება”, – აცხადებს თოფურია.

მისი აზრით, ექიმს მეტი თავისუფლება უნდა მიეცეს. „ოჯახის ექიმს მხოლოდ აცრები და მოსახლეობის ინფორმირება კი არ უნდა ევალებოდეს, მას უნდა ჰქონდეს უფლება მიაწოდოს პაციენტებს ინფორმაცია ალტერნატიული მეთოდების არსებობაზე. ჰომეოპათია, აკუპუნქტურა და სხვა მსგავსი მკურნალობის საშუალებები საკმაოდ ეფექტურია, ვიდრე ქიმიური პრეპარატებით მკურნალობაზე გადავლენ.

ოჯახის ექიმებს შორის უნდა იყოს განსხვავება. დიფერენცირება მოხდეს პედიატრებსა და ზრდასრული პაციენტების ექიმებს შორის. რაც არ უნდა კარგი იყოს თერაპევტი, ის ბავშვის სპეციფიკაში კარგად ვერ ერკვევა.“ – აცხადებს თინა თოფურიამ.

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის დაწყება ახლახანს მინისტრმა სერგეენკომ დაანონსა. ცნობილია, რომ ამ რეფორმის განხორციელებში ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ დაეხმარება.

bpi.ge

იხილეთ ასევე

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოცვა 80%-მდე უნდა იყოს, თბილისში კი მხოლოდ 18%-ია

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში პისიარ ტესტირება ჩაერთვება – ასეთია განახლებული გაიდლაინი, რომელსაც სკრინინგის ეროვნული ცენტრი …